30. მარხვა

1891. ტალჰა იბნ უბაიდულლაჰი გადმოსცემს: ერთი ბედიუნი მოვიდა დაუვარცხნელი თმით ალლაჰის შუამავალთან და უთხრა: ო ალლაჰის შუამავალო! მაცნობე რა დამავალა მე ალლაჰმა ლოცვის შესახებ? უპასუხა - შენ უნდა შეასრულო ხუთი სავალდებულო ლოცვა დღე-ღამეში, თუ გსურს ილოცე ნავაფილიც (ნებაყოფლობითი ლოცვა). ბედუინმა ასევე ჰკითხა - მაცნობე რა დამავალა ალლაჰმა მე მარხვის შესახებ. მან უპასუხა - შენ უნდა იმარხო რამადანში, მთელი თვის განმავლობაში, თუ გსურს იმარხე მეტი როგორც ნავაფილი. ბედუინმა ასევე ჰკითხა - რამდენი ზექათი (გადახდა) დამავალა მე ალლაჰმა? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აცნობა მას ისლამის ყველა წესი. ბედუინმა შემდეგ თქვა: ვფიცავ მას, ვინც პატივი დაგდო შენ, მე არაფერს გავაკეთებ დამატებით და არაფერს მოვაკლებ იმას, რაც ალლაჰმა დამავალა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ ის სიმართლეს ამბობს, მიაღწევს წარმატებას.

1896. საჰლი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამოთხეში არსებობს კარიბჭე სახელად არ-რაიანი, და ისინი ვინც (ხშირად) მარხულობდნენ მისი მეშვეობით შევლენ განკითხვის დღეს(სამოთხეში), და ვერავინ
შევა მათ გარდა მისი მეშვეობით. ითქმება: სად არიან ისინი, ვინც მარხულობდა? და ისინი ადგებიან, და ვერავინ მათ გარდა ვერ შევა მისი მეშვეობით. მათი შესვლის შემდეგ კარიბჭე დაიკეტება და ვერავინ შევა მათ გარდა მისით სამოთხეში.

1898. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც რამადანი იწყება, სამოთხის კარი იხსნება.

1899. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა რამადანის თვე იწყება, სამოთხის კარი იხსნება და ჯოჯოხეთის კარი იკეტება, და ეშმაკები მიჯაჭვულნი არიან.

1900. იბნ უმარი გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი ამბობდა: როცა დაინახავთ ნახევარმთვარეს (რამადანის თვის) დაიწყეთ მარხვა. და როცა დაინახავთ ნახევარმთვარეს (შევალის თვე) შეწყვიტეთ მარხვა. და თუ ცა მოღრუბლულია, მაშინ რამადანი არის ოცდაათი დღე.

1901. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ილოცებს ყადირის ღამეს ალლაჰის ჯილდოს რწმენით და იმედით, ეპატიება ყველა ცოდვა, და ვინც იმარხავს რამადანის თვეში, ალლაჰის ჯილდოს რწმენით და იმედით, ეპატიება ყველა ცოდვა.

1903. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც არ ტოვებს ცუდ და უსარგებლო საუბარს, ალლაჰს არ სჭირდება მისგან საჭმელ-სასმელის მიტოვება.

1907. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თვეში ოცდაცხრა ღამეა, და არ დაიწყოთ მარხვა სანამ მთვარეს არ დაინახავთ, და თუ ცა მოღრუბლულია, შეასრულეთ ოცდაათი დღე როგორც შა'ბანი.

1909. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა ან აბუ-ყასიმმა თქვა: დაიწყეთ მარხვა როცა დაინახავთ ნახევარმთვარეს, და შეწყვიტეთ მარხვა როცა დაინახავთ ნახევარმთვარეს. თუ ცა მოღრუბლულია შეასრულეთ შა'ბანის ოცდამეათე დღე.

1910. უმ სალამა გადმოსცემს: შუამავალმა პირობა დადო, რომ განმარტოვდებოდა მისი ცოლებისგან ერთი თვის განმავლობაში. ოცდაცხრა დღის შემდეგ დილით ან შუადღით წავიდა მის ცოლებთან. ვიღაცამ უთხრა - შენ პირობა დადე, რომ არ წახვიდოდი შენს ცოლებთან ერთი თვით. მან უპასუხა - თვე არის ოცდაცხრა დღე.

1913. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: ჩვენ გაუნათლებელი ხალხი ვართ, ჩვენ არც ვწერთ, არც ანგარიში ვიცით. თვე არის ამის და ამის მსგავსი. ე.ი, ხანდახან ოცხდაცხრა დღეა, და ხანდახან ოცდაათი.

1916. აბუ ჰათიმი გადმოსცემს: როდესაც აიათი მოევლინა: „ვიდრე განთიადისას თეთრი ძაფი განირჩევოდეს შავი ძაფისგან“ (2:187) მე ავიღე ორი სიმი, ერთი შავი, მეორე თეთრი. დავდე ისინი ჩემს ბალიშზე და ვუყურებდი მაგრამ არაფერ გამომივიდა. დილით წავედი ალლაჰის შუამავალთან და მოვუყევი ამბავი სრულად. მან ამიხსნა, რომ ეს აიათი ნიშნავს ღამის სიბნელეს და დილის სითეთრეს.

1919. აიშა გადმოსცემს: ბილალმა წაიკითხა ღამის აზანი, და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გააგრძელეთ ჭამა-სმა, ვიდრე იბნ მაყტუმი არ წაიკითხავს აზანს. ის კი დილამდე არ წაიკითხავს.

1920. საჰლ იბნ სადი გადმოსცემს: მე მივირთვი სუჰური ჩემს ოჯახთან ერთად, და შემდეგ, ვჩქარობდი ფაჯრის სალოცავად, რათა მელოცა ალლაჰის შუამავალთან ერთად.

1921. ანასი გადმოსცემს, რომ ზეიდ იბნ საბიტმა თქვა: ჩვენ მივირთვით სუჰური შუამავალთან ერთად და შემდეგ ის დადგა სალოცავად. მე ვკითხე: რა ინტერვალი იყო სუჰურსა და აზანს შორის? მიპასუხა: ინტერვალი იყო იმდენი, რამდენიც საკმარისია ყურანის თხუთმეტი აიათის წასაკითხად.

1923. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჭამეთ სუჰური, რადგან სუჰურში მადლია.

1924. სალამ იბნ ალ-აქვა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გააგზავნა ადამიანი აშურა დღეს, რომ ეთქვა ხალხისთვის: „ვინც ჭამა იმან იმარხულოს და ვისაც არ უჭამია იმან არც ჭამოს და სრულყოს მარხვა.“

1926. აიშა და უმ სალამა გადმოსცემენ: როცა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დილას ჯუნუბი ხვდებოდა ცოლებთან სექსუალური კავშირის შემდეგ, ის ტანს იბანდა და მერე მარხულობდა.
1927. აიშა გადმოსცემს: შუამავალი კოცნიდა და ეხვეოდა (მის ცოლებს) როცა მარხული იყო, და ის უფრო აკონტროლებდა მის ვნებებს ვიდრე რომელიმე თქვენგანი. ჯაბირმა თქვა: თუ ადამიანს არ აქვს გამონადენი (მის ცოლზე) შეხედვის შედეგად მან უნდა სრულყოს მარხვა.

1928. ჰიშამის მამა გადმოსცემს, რომ აიშამ თქვა: ალლაჰის შუამავალი კოცნიდა მის ცოლებს როცა მარხულობდა, და ამის თქმისას მან (აიშამ) გაიღიმა.

1933. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ ვინმემ ჭამა ან სვა დავიწყების გამო, მან გააგრძელოს მარხვა, რადგან მას ალლაჰმა ასვა და აჭამა.

1939. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავალმა გაიკეთა ჰიჯამა როცა მარხული იყო.

1940. საბით ალ-ბუნანი გადმოსცემს: ანას იბნ მალიქს ჰკითხეს: თქვენ მარხულისთვის ჰიჯამას გაკეთებას მოუწონარ საქმედ მიიჩნევდით? მან უპასუხა, არა, თუ მარხულის დასუსტებას არ გამოიწვევს.

1943. აიშა გადმოსცემს: ჰამზა ამრ ალ-სალამმა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): ვიმარხო როცა ვმგზავრობ? შუამავალმა უპასუხა - თუ შენ გსურს იმარხე, თუ გსურს არ იმარხო.

1944. იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი როცა შევიდა მექაში რამადანის თვეში, იმარხულა, და როცა მან მიაღწია ალ ქადიდს შეწვიტა მარხვა და ხალხმაც შეწვიტა ასევე მარხვა. (აბუ აბდულლაჰმა თქვა: ალ-ქადიდი არის წყლით დაფარული უსფანსა და ყუდაიდს შორის)

1946. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იყო მგზავრობაში და დაინახა ხალხის ბრბო რომელიც ერთ კაცს უჩრდილებდა. იკითხა: ეს რა არის? იმათმა უთხრეს მარხულობსო. შუამავალმა თქვა: არ არის სწორი, რომ მარხულობს მგზავრობაში.

1957. საჰლ იბნ სა'დი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ადამიანები იქნებიან კეთილდღეობაში, თუ დააჩქარებენ მარხვის გახსნას (იფტარ).

1960. არ-რუბაია ბინთ მუაზი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გააგზავნა ადამიანი აშურა დღეს შუადღისას ანსარებთან სიტყვის გადასაცემად: „ვინც არ იმარხა დილიდან, მან იმარხოს დარჩენილი დღე, და ვინც იმარხა დილიდან მან გააგრძელოს მარხვა“. ამის შემდეგ ჩვენ ვიმარხეთ და მოვუწოდეთ ჩვენს ბავშვებსაც რომ მარხვა დაეცვათ. ამ დღეს ჩვენ ბავშვებს ვუკეთებდით სათამაშოებს შეღებილი ბამბისგან და თუ ისინი ტირილს დაიწყებდნენ, ჩვენ ვაძლევდით მათ ამ სათამაშოს იფთრამდე (ჭამამდე).

1962. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ვილასი (მარხვის გაგრძელება გახსნის გარეშე დილამდე - სუჰურამდე). ხალხმა უთხრა მას: მაგრამ შენ ხომ აკეთებ ამას? შუამავალმა უთხრა მათ: მე არა ვარ თქვენი მსგავსი, მე ვიღებ საჭმელს და სასმელს ალლაჰისგან.

1975. აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-ასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა, ო აბდულლაჰ! მე მაცნობეს, რომ შენ მარხულობ ყოველ დღე და ლოცულობ ყოველ ღამე. აბდულლაჰმა უთხრა: დიახ ასე, ალლაჰის შუამავალო. შუამავალმა უთხრა მას: არ გააკეთო ასე; იმარხულე რამდენიმე დღე და შემდეგ მიატოვე რამდენიმე დღით, შეასრულე ლოცვა და ასევე დაიძინე ღამით. შენს სხეულს აქვს შენზე უფლებები, შენს ცოლს აქვს შენზე უფლებები და შენს სტუმარსაც აქვს შენზე უფლებები. საკმარისია იმარხულო თვეში სამი დღე, ვინაიდან კარგი საქმე გაათმაგდება და ის იქნება მთელი წლის მარხვის მსგავსი. მე მას დაჟინებით ვთხოვდი (მარხვის ნებას). დავიჟინე და შემდეგ დავისაჯე. ვუთხარი მას: ალლაჰის შუამავალო, მე შემწევს ამის ძალა. შუამავალმა მითხრა: იმარხულე როგორც მარხულობდა შუამავალი დავუდი. ვკითხე მას: როგორ მარხულობდა დავუდი? მიპასუხა: მარხულობდა ყოველ მეორე დღეს. როცა აბდულლაჰი მოხუცდა, თქვა: უკეთესი იქნებოდა, რომ მიმეღო ალლაჰის შუამავლის რჩევა (თვეში სამი დღის მარხვის შესახებ).

1978. მუჯაჰიდი გადმოსცემს აბდულლაჰ იბნ ამრისგან, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო აბდულლაჰ! იმარხე თვეში სამი დღე. აბდულლაჰმა უთხრა: მე შემიძლია ვიმარხო უფრო მეტი. ისინი ამ საკითხზე დაობდნენ, ვიდრე შუამავალმა არ უთხრა: იმარხე დღეჩაგდებით და წაიკითხე მთელი ყურანი ერთი თვის განმავლობაში. აბდულლაჰმა უთხრა: მე შემიძლია მეტი წავიკითხო. კამათი გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე შუამავალმა არ თქვა: წაიკითხე ყურანი ერთხელ სამ დღეში.

1981. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ჩემმა მეგობარმა (შუამავალმა) მირჩია მე სამი რამ:

თვეში სამი დღე მარხვა.

ორი რაქაათი დუჰა ნამაზი.

ვითრის ლოცვა დაძინებამდე.

1984. მუჰამმად იბნ აბბასმა გადმოსცა: მე ვკითხე ჯაბირს - აკრძალა თუ არა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) პარასკევს მარხვა? მიპასუხა – დიახ.

1985. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: არცერთმა თქვენგანმა არ იმარხოს პარასკევს, თუ მანამდე არ იმარხა ან მის შემდეგ არ აპირებს მარხვას.

2000. სალიმის მამა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც სურს, მან იმარხოს აშურა დღეს.

2004. იბნ აბბასი გადმოსცემს: როცა შუამავალი მივიდა მედინაში დაინახა, რომ იუდეველები მარხულობდენ აშურა დღეს. ჰკითხა მათ: „რა არის ეს?“ მათ უპასუხეს: ეს მართალი დღეა. როცა ალლაჰმა გადაარჩინა ისრაელის შვილები მათი მტრებისგან, მუსამ იმარხულა ამ დღეს“ მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ მუსასადმი ჩვენ უფრო ღირსეულნი ვართ ვიდრე თქვენ, მან იმარხულა და მოუწოდა საჰაბეებსაც რომ დაეცვათ ამ დღეს მარხვა“