ხმლისა და კალამის დებატი.
ხმალი და კალამი მოქმედებისა და სიტყვის იარაღებია. მათ ეყრდნობიან ერები; ნებისმიერი ერი, რომელსაც ისინი დააკლდება, ძალას დაკარგავს. ისინი ხელისუფლების საყრდენებია, რომლებიც განსაზღვრავენ ვინ დაიხევს უკან და ვინ ამაღლდება. მაშ, დავფიქრდეთ: რომელი მათგანია უფრო ღირსეული და აღმატებული? მოვუსმინოთ მათ დავას თანაბარ პირობებში.ირველი სიტყვა კალამს მიეცა.
კალამმა თქვა:
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა.
'ვფიცავ მზეს და მის ნათებას. და მთვარეს, როცა მას მოჰყვება. და დღეს, როცა გააბრწყინებს.' (სურა 91:1-3)
ყველა ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, რომელმაც შექმნა კალამი, პატივი მიაგო, და რომელიც შექმნა იგი ყველაფერზე ადრე, რომელმაც გაალამაზა ქაღალდი კალმით, როგორც ტოტები გაალამაზა ფოთლებით. ალლაჰის ლოცვა და სალამი იყოს მასზე ვინც თქვა 'კალამი უკვე გამშრალია.'
კალმით წერენ შვიდივე ზეცაში. ანგელოზებმა და ადამიანებმა ბედისწერის შესახებ იციან იმიტომ, რომ კალამმა დაწერა და კალმით ნაწერით იციან აკრძალული და ნებადართული.
ხმალმა თქვა:
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა.
...და ზეგარმოვავლინეთ რკინა, რომელშიაც არის სიმტკიცე და სარგებელნი ხალხისათვის... (ჰადიდ 57:25) და ამის შემდეგ:
ქება დიდება ალლაჰს, რომელმაც რკინა გარდმოავლინა და რკინისგან შევიქმენი მეც, მისით მარცხდება მტერი და შიში იბუდებს ადამიანთა გულებში. და ლოცვა და სალამი მას, ვინც ხმალი გამოიყენა იმისთვის, რომ კალმით ნაწერი გავრცელებულიყო. ხმალს დიდი ძალა და ავტორიტეტი აქვს, ის პირისპირ დგას იმის წინაშე რასაც შენ ვერ ხედავ. თუ კალამი მოწმეა, მაშინ ხმალი მოსამართლეა; და თუ კალამი საკითხზე სადაოდ მივა, ხმალი მას სწრაფი მოძრაობით წყვეტს. ხმალმა აამაღლა რელიგია, ამპარტავნები დაამდაბლა და სამოთხე მის ჩრდილშია. ნათქვამია: 'ხმალს სხვებზე მეტად მოაქვს ნამდვილი ამბები.' მას არ ეპყრობიან ნაზად, თითის წვერებით, როგორც კალამს.
კალამმა თქვა:
ხმალი ვერ იკამათებს და ვერ გამოხატავს თავის აზრს. მე ინტელექტი ვარ, შენ კი სიკვდილის იარაღი! მხოლოდ ცეცხლში შესვლის შემდეგ რბილდები და მხოლოდ დიდი ცოდვებისთვის ილესები. შენ სასარგებლო ხარ ერთი საათით, მე კი მთელი ცხოვრება სასარგებლო ვარ. შენ გიყენებენ სხვების შესაშინებლად, მე კი ისტორიას ვწერ და ვინახავ. შენ ბასრი ხარ და მხოლოდ სისხლით კმაყოფილდები, მე კი მელნით. მითხარი, რომელია უკეთესი: სისხლი თუ მელანი?
ხმალმა თქვა:
ნუთუ კალამი მსაყვედურობს სისხლისთვის? შენ პოეტური ნაშრომებისთვის გიყენებენ და სევდიანი ამბების მთხრობელი ხარ. გიყენებენ უცოდინრები, მშიშრები და მხდალები. მე კი ვერ დამიჭერს ხელში ვერც მშიშარა და ვერც მხდალი. მე ძალაუფლებით ვარ შეპრყობილი და როცა დავიპყრობ მიწას, შენც, კალამო, ჩემი მსახური გახდები.
კალამმა თქვა:
შენ შენს ძმებსაც კლავ და წყვეტ იმას, რაზეც ალლაჰმა ბრძანა შეერთდესო. განხეთქილების ყორანი ხარ, სიკდილის იარაღი, რამდენი გაანადგურე და სიკვდილით დასაჯე? რამდენი დააობლე და რამდენი დააქვრივე?
ხმალმა თქვა:
რამდენჯერ გამოგიყენეს და მერე შენივე ნაწერი გადახაზეს? გაალამაზე შენი პასუხი, თორემ მე მაქვს ძალა გაიძულო ისე დაიწყო წერა როგორც მე ვბრძანებ. ჩემი მსუბუქი დარტყმაც ამოგძირკვავს და წერის ძალაც აღარ გექნება.
როცა კალამმა დაინახა, რომ ხმალი გაბრაზდა, თქვა:
ზრდილობა ჩემგან ისწავლება და სიკეთეს ჩემგან სწავლობენ. თუ შენ რბილი გახდები და კარგად იქცევი, მეც რბილი ვხდები და კარგად ვიქცევი. ჩვენ მოსმენისა და მორჩილების ხალხი ვართ და ამიტომ ერთ სამელნეში ვიკრიბებით; თქვენ კი ძალადობისა და უთანხმოების ხალხი ხართ, ამიტომ ორი ხმალი ერთდროულად ვერასოდეს მოხვდება ერთ ქარქაშში.
ხმალმა უთხრა:
ეს სიკეთის საფარქვეშ შენიღბული ხრიკია? ჩემი ხმა უფრო ძლიერია, მე ცეცხლს ვაჩაღებ და რასაც ვრბძანებ იმას დაწერენ.
კალამმა თქვა:
ნუ ლაპარაკობ, რადგან ხმლის მფლობელი, რომელსაც კეთილშობილება არ აქვს, უიარაღოს ჰგავს.
ხმალმა თქვა:
გაჩუმდი, რადგან მჭერმეტყველის კალამი თავისი ნაწილის გარეშე მხოლოდ ცარიელი ფრთაა.
კალამმა თქვა:
მე უფრო წმინდა და სუფთა ვარ.
ხმალმა თქვა:
მე უფრო კაშკაშა ვარ.
კალამმა თქვა:
კალამმა წაიკითხა აიათი:
ჭეშმარიტად, შენ გიბოძეთ ქავსარი (მდინარე სამოთხეში).
(ქავსარ 108:1)
ხმალმა წაიკითხა:
ილოცე შენი ღმერთისათვის და მას შესწირე (შესაწირი).
(ქავსარ 108:2)
კალამმა წაიკითხა:
ჭეშმარიტად, შენი მოძულე არის გარდაშენებული. (განკვეთილი)
(ქავსარ 108:3)
ალლაჰის სიტყვა ჩემით დაიწერა. თუ არ შეწყვეტ ჩემს მიმართ ძალადობას, ისტორიას დავწერ და მომავალი თაობები განგსჯიან.
ხმალმა თქვა:
თუ არ შეწყვეტ, შენს სახეს შენივე მელნით შევღებავ. თუ ჩემს გაფრთხილებას არ მიიღებ, შენს სიტყვებს აღარ მივაქცევ ყურადღებას.
კალამმა თქვა:
გამშორდი! თუ შენ უფრო ძლიერი ხარ, მე უფრო მცოდნე ვარ; თუ შენ უფრო ლამაზი ხარ, მე უფრო კეთილი ვარ; თუ შენ სასიკვდილო ხარ, მე უფრო ბასრი ვარ. როცა შენ ძალას იყენებ, მე შეგონებით ვპასუხობ.
ხმალმა თქვა:
როგორ არ ვიყო შენზე აღმატებული, როცა ასეთი მაღალია ჩემი ადგილი?
კალამმა თქვა:
როგორ არ ვიყო შენზე აღმატებული, როცა ალლაჰმა მე დამავალა ყველა საქმის დაწერა?
მოსამართლე, რომელიც უსმენდა მათ, საბოლოო სიტყვა თქვა:
როცა ორივე მხარის არგუმენტები მოვისმინე და მათი ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ურთიერთშეთავსებული მტკიცებულებები განვიხილე; როცა დავინახე, რომ თითოეულს ჰქონდა თავისი სიმართლე და რომ თითოეულის სიტყვას ამყარებდა როგორც აზრიანი განცხადება, ისე ჰადისებიც, მაშინ მივხვდი, რომ ამ დავის გადაწყვეტა მარტივი არ იყო.
კალამი სიმართლის დამწერია: მისით ინახება ცოდნა, წესრიგი, კანონი და ისტორია. მის გარეშე ჭეშმარიტება დაიკარგება, გაიფანტება და მომავალი თაობები წარსულსა და ჭეშმარიტებას ვერ გაიცნობენ. იგი რბილია ხელში, მაგრამ მძიმეა მნიშვნელობით; ჩუმია, მაგრამ მისი ხმა საუკუნეებს შემდეგაც ისმის.
ხმალი კი ძალის დემონსტრირებას ახდენს: მისით იძირკვება უსამართლობა, მტერს ამარცხებს და წესრიგი მყარდება იქ, სადაც სიტყვას აღარ უსმენენ. იგი სასტიკია, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელიც არის იქ, სადაც სირბილე სისუსტედ ითვლება.
დავინახე ისიც, რომ კალამი ხმლის გარეშე ხშირად დაუცველია, ხოლო ხმალი კალმის გარეშე, ბრმა და უმისამართო. ერთის გარეშე მეორე ან უძლურია ან სახიფათო. კალამი აძლევს მიმართულებას, ხმალი კი მოქმედებს, კალამი აზრს აყალიბებს, ხმალი კი მის საზღვრებს იცავს.
ამიტომ არც ერთს არ მივანიჭე უპირატესობა. კალამი დავაბრუნე სამელნეში, რათა განაგრძოს ჭეშმარიტების წერა, ხოლო ხმალი ქარქაშში ჩავაბრუნე, რათა მხოლოდ მაშინ გამოვიდეს, როცა სიტყვა აღარ ჭრის და სამართლიანობა მოითხოვს.
ვინ უფრო აღმატებულია, ეს დროზე, განზრახვაზე და გამოყენებაზეა დამოკიდებული. რადგან კალამი რომელიც სიცრუეს წერს, ცოდვად ითვლება; და ხმალი, რომელიც უსამართლოდ მოქმედებს, დანაშაულია.
ამგვარად, საქმეები თავად განსჯიან მათ... როცა ვნებები ჩაცხრება და განზრახვები გასუფთავდება, მაშინ გამოჩნდება სად იყო კალმის სიბრძნე და სად იყო ხმლის აუცილებლობა.
და ალლაჰმა უკეთ იცის.