13 მტკიცებულება იმისა, რომ რამადანი დალოცვილი თვეა
1. ღმერთმა დაადგინა მარხვა რამადანის თვეში და იგია ისლამის პირობებიდან რიგით მეოთხე პირობა. ალლაჰმა თქვა:
რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისათვის, და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზის და ბათილის განმასხვავებლად. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში...
(ბაყარა 2:185)
იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ისლამი ემყარება ხუთ ბურჯს:
1. დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, და მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია.
2. ლოცვის შესრულება(დღეში ხუთჯერ სავალდებულო ლოცვა).
3. ზექათის გადახდა.
4. მარხვა რამადანის თვეში
5. ჰაჯობის შესრულება.
(ბუხარი 8)
2. ღმერთმა ყურანის ზეგარდმოვლენა რამადანის თვეში დაიწყო.
რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისათვის, და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზის და ბათილის განმასხვავებლად... (ბაყარა 2:185)
ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი ყადირის ღამეს! (ყადირ 91:1)
როცა ყურანის პირველი აიათები მოევლინა, რამადანის თვის 27-ე ღამე იყო.
3. ალლაჰმა დაადგინა ყადირის ღამე რამადანის თვეში, და ის ღამე უკეთესია ათას თვეზე.
ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი ყადირის ღამეს! და რამ გაცნობოს შენ, რა არის ყადირის ღამე? ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია! ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული, ყოველი ბრძანების შესასრულებლად. ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე! (სურა ყადირ 97:1-5)
ჭეშმარიტად, ზეგარდმოვავლინეთ იგი დალოცვილ (ყადირის) ღამეს, და ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ შემგონებელნი. (დუჰან 44:3)
გადმოცემულია, რომ აბუ ჰურაირამ თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
"მოვიდა თქვენთან რამადანის თვე, კურთხეული თვე, რომელშიც უზენაესმა ალლაჰმა თქვენ მარხვა დაგავალათ. ამ თვეში იხსნება ზეცის (ე.ი სამოთხის) კარიბჭე, ხოლო ჯოჯოხეთის კარი იკეტება, და შაიტნები მიჯაჭვულნი არიან. მასში არის ღამე (ყადირის ღამე), რომელიც ათას თვეზე უკეთესია. ის, ვინც, მოკლებულია მის სიკეთეს - მოკლებულია ჭეშმარიტებას. (ნასაი 22:2106)
4. რამადანში დაწესებულია ლოცვები, რომლებსაც თუ გულწრფელად და ღმერთისგან საზღაურის იმედად შეასრულებ ყველა ცოდვა გეპატიება.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რამადანთან დაკავშირებით ამბობდა:
ვინც ილოცებს ღამით (ე.ი თარავი) გულწრფელი რწმენით და ალლაჰისაგან ჯილდოს იმედით, მას ეპატიება წარსულში ჩადენილი ყველა ცოდვა. (ბუხარი 2008)
5. ალლაჰი ხსნის სამოთხის კარიბჭეებს და კეტავს ჯოჯოხეთის კარს.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა რამადანის თვე იწყება, სამოთხის კარი იხსნება და ჯოჯოხეთის კარი იკეტება, და ეშმაკები მიჯაჭვულნი არიან. (ბუხარი 1899)
6. ყოველ ღამე ალლაჰი ირჩევს ხალხს, ვისაც იხსნის ცეცხლისგან.
აბუ უმამა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'მარხვის ყოველი გახსნისას (ე.ი იფთარი) ალლაჰს ჰყავს ხალხი, რომელსაც იხსნის.' ალ-მუნზირიმ თქვა: ამ ჰადისის ისნადში პრობლემა არ არის. (საჰიჰ თაღრიბ 987)
ალ-ბაზზარმა თქვა: აბუ სა'იდი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ალლაჰს ჰყავს ხალხი, ვისაც იხსნის ყოველ დღე და ღამე - ე.ი რამადანში, და ყველა მუსლიმი დღისით და ღამით მიიღებს პასუხს მის ვედრებაზე. (ქაშფ 962)
7. რამადანის მარხვა წინა რამადანის შემდეგ ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვაა, თუ ადამიანი თავს არიდებს დიდ ცოდვებს.
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ყოველდღიური ხუთი ლოცვა, ჯუმიდან ჯუმამდე და ერთი რამადანიდან მეორემდე არის ცოდვების გამოსყიდვა, თუ მოერიდებით დიდ ცოდვებს. (მუსლიმი 233)
8. რამადანში მარხვა უდრის ათ (10) თვეს, და შემდეგ შევალის ექვსი დღის მარხვის დაცვით გეთვლება სრული ერთი წელი მარხვად.
აბუ აიუბ ალ-ანსარიმ გადმოსცა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ვინც მარხვას დაიცავს რამადანში და მიაყოლებს შევალის ექვს დღეს, ეს მსგავსია იმისა, რომ მარხვა დაგეცვას მთელი წელი' (მუსლიმი 1164)
ეს მარხვა უნდა მოხდეს ბაირამის შემდეგ, რადგან ბაირამის დღეს მარხვა აკრძალულია.
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მარხულობს რამადანში, ეს მსგავსია ათი თვის, ხოლო ბაირამის შემდეგ ექვი დღის მარხვა შეასრულებს სრულ წელს. (მუსნად აჰმად 21906)
9. ვინც ილოცავს თარავს იმამთან ერთად ვიდრე ის არ დაასრულებს, ჩაეთვლება მთელი ღამის ლოცვად.
აბუ ზარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ილოცავს ღამით, იმამთან ერთად და დაელოდება იმამს ვიდრე არ დაასრულებს, მისთვის დაიწერება ისე, თითქოს მთელი ღამე ლოცვაში გაეტარებინოს.
(აბუ დავუდ 1370)
10. უმრა რამადანში ჰაჯის ტოლფასია.
იბნ 'აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა ანსართაგან ერთ ქალს: რა გაბრკოლებს ჩვენთან ერთად ჰაჯის შესრულებაში? ქალმა უთხრა: 'ჩვენ მხოლოდ ორი აქლემი გვყავს რომელსაც წყლის მოსატანად ვიყენებთ' მისი ქმარი და შვილი ჰაჯზე წავიდნენ ერთი აქლემით და ერთი ცოლს დაუტოვესა რათა წყალი მოეტანა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: როდესაც რამადანი მოვა, მაშინ შეასრულე უმრა, რადგან რამადანში უმრა ჰაჯის ტოლფასია. ბუხარი 1782)
11. ი'თიქაფის შესრულება რამადანში.
ალლაჰის სიტყვები: ...მერე სრულჰქმენით მარხვა ღამემდე და როცა სამლოცველოებში ღვთისმსახურებად ხართ შემდგარი (იღთიქაფის დროს, რამადანის ბოლო 10 დღე) არ ეთანაცხოვროთ მათ (ცოლებს). ესაა ალლაჰის საზღვრები და ნუ მიუახლოვდებით მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი ხალხს თავის აიათებს, რათა ეგების ალლაჰის გეშინოდეთ. (ბაყარა 2:187)
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი) ყოველთვის ასრულებდა ი'თიქაფს.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალი ასრულებდა ი'თიქაფს ყოველ წელს, რამადანის ბოლო ათ დღეს, მისი სიკვდილის წელს კი ი'თიქაფზე დარჩა ოცი დღე. (ბუხარი 2044)
ი'თიქაფის შესრულება შეუძლია ქალებსაც.
აიშა გადმოსცემს: შუამავალმა შეასრულა ი'თიქაფი რამადანის ბოლო ათ დღეს, სანამ გარდაიცვლებოდა. მის შემდეგ, მისმა ცოლებმა შეასრულეს ი'თიქაფი. (ბუხარი 2026)
ი'თიქაფი უნდა შესრულდეს მეჩეთში. იმამ ან-ნავავიმ თქვა: სწორი არ არის მამაკაცებისა და ქალების მიერ ი'თიქაფის წესის დაცვა სადმე, გარდა მეჩეთისა. (ალ-მაჯმუ' 6:505)
12. მუსთაჰაბია (მოსაწონი) რამადანში ყურანის სწავლა და კითხვა. და ეს არის დიდი სიკეთის მომტანი. ჯიბრილი (ალლაჰის სალამი მას) რამადანში ყოველ ღამე უკითხავდა ყურანს ალლაჰის შუამავალს.
იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იყო ყველაზე გულუხვი ხალხთა შორის, და მან მიაღწია გულუხვობის მწვერვალს რამადანის თვეში როდესაც ჯიბრილს შეხვდა. ჯიბრილი ხვდებოდა მას რამადანის ყოველ ღამეს და ასწავლიდა ყურანს... (ბუხარი 6)
13. რამადანის თვეში, დიდი მადლია მომარხულის დაპურება.
ზაიდ იბნ ხალიდ ალ-ჯუჰანიმ გადმოსცა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მარხულ ადამიანს დააპურებს, მისთვისაც იგივე ჯილდოა (მადლია) როგორიც მარხულისთვის, და თან მარხულს ჯილდო არ აკლდება. (თირმიზი 807)
და ალლაჰმა უკეთ იცის