17:08    2026-01-27   



სურა ალ-ფათიჰა


ალ-ფაათიჰა - გამხსნელი
(მექური სურა, 7 აიათი)

ამ სურას ეწოდა ფაათიჰა 'გამხსნელი' იმიტომ რომ იგი ხსნის ყურანს და წიგნი მისით იწყება, ეს სურა ასევე მოიხსენიება სხვადასხვა სახელებით როგორიცაა 'უმმ ალ-ყურან' (ყურანის დედა), იმიტომ რომ მასში არის მოცემული ყურანის არსი. სურას ასევე ეწოდება 'ალ-საბ'ალ მასანი' - (შვიდი განმეორებადი) რადგან ეს სურა მეორდება ყველა ლოცვაში. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა ფაათიჰა სურაზე რომელიც ასწავლა აბუ საიდ ბინ ალ-მუალას:  'მე გასწავლი შენ დიდებულ სურას ყურანიდან, ვიდრე შენ დატოვებ მესჯიდს' (ბუხარი 4744)

არცერთი სხვა რელიგიური წმინდა წერილი არ შეიცავს ფაათიჰას მსგავს ლოცვას და ისეთ ლაკონურ ფორმას, როგორიც ამ სურაშია, რომელიც გვასწავლის აბსოლუტურ ერთღმერთიანობას. ხალხის ვალია ეთაყვანონ მხოლოდ იმ ერთადერთს გამჩენს, არ დაუდგინონ მას თანაზიარი და იყვნენ მის მიმართ მონოთეისტები.

მაშ ასე:

1. სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა (1:1)

 არ-რაჰმანი რრაჰიმ - აიათში ორივე მომდინარეობს სიტყვიდან 'რაჰმა' (წყალობა) და ორივე ფორმა მის მნიშვნელობაზე მიუთითებს. განმმარტებელების აზრით, პირველს უნივერსალურობის ელემენტი აქვს, ხოლო მეორე განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. აიათი მორწმუნეებს ასწავლის, რომ ყველა ქმედება ალლაჰის სახელით უნდა დაიწყონ, ე.ი ახსენონ მისი სახელი და სთხოვონ მას დახმარება.

2. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს.  (1:2)

აიათში სიტყვა 'ჰამდ' ნიშნავს ქებას პატივისცემით და სიყვარულით. ჩვეულებრივ სიტყვა ჰამდ ნიშნავს მადლობის გამოხატვას შუქურის (მადლიერების) მნიშვნელობით. თუმცა აიათში ნიშნავს სიყვარულს და პატივისცემას.

რაბ - ნიშნავს გამჩენელს, გამომსახველს, სარჩოს მბოძებს, დამცველს და მფარველს. ამ სიტყვას ბევრი მნიშვნელობა აქვს და ერთი სიტყვით ვერ აღწერ. 

'აალემინ - (სამყაროები) - არის 'ალამის მრავლობითი ფორმა, ანუ ნებისმიერი არსება ან ობიექტი, რომელიც მის შემოქმედზე მიუთითებს; ეს გულისხმობს, რომ სამყაროს წარმოადგენენ ადამიანები, ჯინები, ანგელოზები და სხვა ყველა ქმნილება. ორმოცზე მეტ ადგილას ალლაჰი ნახსენებია როგორც რაბბილ 'ალემინ (სამყაროთა ღმერთი) რაც გულისხმობს ყველა არსების შემოქმედს და მბრძანებელს. ხოლო სურა 26:24-ში სიტყვა განმარტებულია როგორც 'იგია ღმერთი ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა. (26:24)'

ასევე სიტყვები 'ალჰამდულილლაჰი რაბბილ 'ალეიმინ (ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს) გვხვდება კიდევ სამ ადგილას. 6:45,
37:182 და 40:65.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყურანი იწყება ალლაჰის ყველაზე საუკეთესო თვისებების და სახელების მოხსენიებით. ადამიანმა არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს ღმერთის წყალობის, სიყვარულის და პატიების იმედი.

3. მოწყალესა, მწყალობელსა, -  ამ სიტყვების ახსნა გამოტოვებულია რადგან უკვე ავხსენით სულ თავში ( (იხილეთ 1. სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა (1:1) ახსნა ))

4. განკითხვის დღის მბრძანებელსა. - აიათში ნახსენებია სიტყვა 'დინ' რომელსაც კონტექსტიდან გამომდინარე მრავალი მნიშვნელობა აქვს, როგორიცაა განკითხვა, ჯილდო, სასჯელი, რელიგია, ცხოვრების წესი, ხალხი ან საზოგადოება. აიათში მოხსენიებულია რომ ყველა ადამიანი წარსდგება ალლაჰის წინაშე, განკითხვის დღეს, და არცერთ ქმნილებას არ ექნება ძალა საკუთარი თავისა და სხვებისთვის, როგორც ყურანშია ნათქვამი:
'იმ დღეს ვერც ერთი სული ვერაფერს იღონებს სხვა სულისთვის; და ბრძანება სწორედ იმ დღეს ალლაჰს ეკუთვნის.' (სურა 82:19)

5.  მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს, და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას - აიათში სიტყვა "ნა'ბუდუ" - ნიშნავს: თაყვანს გვემთ, გადიდებთ, გემსახურებით. ხოლო სიტყვები "ნასთა'ინ" ნიშნავს: ჩვენ ვითხოვთ შენგან დახმარებას და მფარველობას. ეს აიათი წარმოადგენს აბსოლუტური მონოთეიზმის დეკლარაციას, მისი პირველი ნაწილი აცხადებს პოლითეიზმის (შიქრის) მიტოვებას და ამტკიცებს, რომ თაყვანისცემა და მორჩილება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის; ხოლო მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ადამიანმა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან უნდა ეძებოს თავშესაფარი და დახმარება. ყურანის თანახმად, მონოთეიზმს (თავჰიდს) სამი ასპექტი აქვს;
1. თავჰიდ არ-რუბუბია - რწმენა, რომ სამყაროში ყველა არსება ღმერთის შექმნილია და სხვა ამას ვერ გააკეთებდა. 
2. თავჰიდ ალ-ულუჰია - რწმენა, რომ თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და არავის და არაფერს სხვას. 
3. თავჰიდ ასმა ვა სიფათ - მონოთეიზმი ალლაჰის უნიკალურ სახელ-თვისებებში.

ეს სახელები და ატრიბუტები მოცემულია ყურანში და ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული ან მიკუთვნებული რომელიმე ქმნილების ან ობიექტის მიმართ. თვით პოლითეისტებიც (წარმართები, ვინც ღმერთს თანაზიარს უდგნენ) ამტკიცებენ, რომ სამყარო ერთმა ღმერთმა შექმნა; თუმცა ისინი ცდებიან მონოთეიზმის დანარჩენ ორ ასპექტში და თაყვანს სცემენ ქმნილებებსა და საგნებს, როგორც მოციქულებს, კერპებს, ხელისუფლებს და მათ ლიდერებს.
ყველა თაყვანისცემის ფორმა ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს და არავის სხვას. ისლამი მოითხოვს მონოთეიზმის უკომპრომისო დაცვას, ვინაიდან ამ საკითხში სირბილე და დათმობა არ არსებობს. ნებისმიერი სახის მონოთეიზმის დარღვევა ითვლება წარმართობად და ადამიანი გადის ისლამიდან. 

6.  გვიწინამძღვრე ჭეშმარიტი  გზით. - აიათში ნახსენებია სიტყვა "სირატ" რაც ნიშნავს გზას, მიმართულებას, ბილიკს. აგრეთვე ნახსენებია სიტყვა  'მუსთაყიმ' - სწორი, ურყევი, სამართლიანი გზა. 
სწორი გზა - ნიშნავს ყურანის და მოციქულების მიერ ნაჩვენებ გზას. ეს არის გზა თავჰიდისა (მონოთეიზმის) და ისლამისა. ყურანის რამდენიმე ადგილას სხვადასხვა მოციქული ამბობს:
'ჭეშმარიტად, ალლაჰი ჩემი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. თაყვანი ეცით მას. ეს არის ჭეშმარიტი გზა!“' (ალი იმრანი 3:51)

' ჭეშმარიტად, ალლაჰია ჩემი ღმერთიც და თქვენი ღმერთიც. თაყვანი ეცით მას, ეს არის ჭეშმარიტი გზა! (ზუხრუფ 43:64)'

და ასევე:  ...და ვინც ალლაჰს (თავჰიდს/რწმენას) ჩაეჭიდება, სწორედ ის იქნება ჭეშმარიტ გზაზე. (ალი იმრანი 3:101)

მუსლიმანს ლოცვა მონოთეიზმის გზაზე ყოფნისთვის სჭირდება, რადგან ლოცვით და თაყვანისცემით ღმერთთან ახლოს ხარ და გზას არ უხვევ. აიათი ასევე გვასწავლის, რომ მუსლიმმა ყველა სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებისთვის და სწორი ნაბიჯის გადასადგმელად ალლაჰის მიერ ნაბოძები ხელმძღვანელობით უნდა ისარგებლოს.

7. იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება, არა - შერისხულთა  და   არცა - გზააბნეულთა (1:7)

აიათში ნახსენებია სიტყვა "ან'ამთა" - 'რომელთაც მიეცი მოწყალება' - ნიშნავს: ვისაც შენ მიეცი მოწყალება, მათ ვინც შეასრულა მათი მოციქულების მითითებები და დაიმსახურეს ალლაჰის კმაყოფილება. უფრო კონკრეტულად, ეს ნიშნავს ალლაჰის მოციქულებს, მაცნეებს, ჭეშმარიტ მორწმუნეებს და მოწამეებს ალლაჰის გზაზე, როგორც აიათშია: 'და ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, მაშინ ისინი იმათთან ერთად იქნებიან, რომელთაც სიკეთე უბოძა ალლაჰმა: შუამავალთა, მართალთა, შაჰიდთა და ღვთისმოსავთა გვერდით. და რა მშვენიერი მოყვასნი არიან ისინი! ' (ნისა 4:69)

ალლაჰი არის მთელი სამყაროს ღმერთი და მისი რელიგია უნივერსალურია ყველა არსებისთვის, რომელიც მისი მოციქულების მიერ არის გამოცხადებული. ისლამი არის ყველა მოციქულის რელიგია და იარსებებს სამარადჟამოდ.   აიათში ასევე ნახსენებია სიტყვა 'მაღდუბ'  - რაც ნიშნავს ბრაზს, განრისხებას და რისხვას. სიტყვა ნახსენებია მათ მიმართ ვინც დაიმსახურა ალლაჰის უკმაყოფილება მისი მოწოდებების დარღვების გამო.  და ბოლო სიტყვა რომელიც ნახსენებია აიათში ეს არის = 'დაალინ' - რაც ნიშნავს გზააბნევას. - გზააბნეულები არიან ისინი, ვინც ასცდნენ მონოთეიზმისა და ალლაჰის მიერ მოვლენილ სწორ გზას.