22:33    2026-01-31   



განზრახვის მნიშვნელობა


განზრახვა არის ის ფარული ძალა, რომელიც ადამიანს ამოძრავებს და მის საქმეს მნიშვნელობას ანიჭებს. ერთი და იგივე მოქმედება შეიძლება ერთი ადამიანისათვის ამაღლების მიზეზი გახდეს, ხოლო მეორისათვის უარყოფის. სწორედ ამიტომ, ისლამში საქმეების შეფასება არასოდეს იწყება მხოლოდ გარეგნული ფორმით, არამედ პირველ რიგში გულში არსებული ზრახვით.

იმამ აჰმადისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: ისლამის საფუძველი აგებულია სამ ჰადისზე: უმარის ჰადისი - საქმეები შეფასდება განზრახვის მიხედვით; ნუ'მან ბინ ბაშირის ჰადისი — ჰალალიც ცნობილია და ჰარამიც ცნობილია; და 'აიშას ჰადისი — ვინც ამ ჩვენს საქმეში რამეს გამოიგონებს, უარყოფილი იქნება. (ტაბაყატ ალ-ჰანბალი 1:47)

ამ საფუძვლიდან პირველია განზრახვა, რადგან სწორედ იგი განსაზღვრავს საქმის ღირებულებას ალლაჰის წინაშე.

უმარ იბნ ალ-ხატტაბი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საქმეები შეფასდება განზრახვის მიხედვით, და ყოველი ადამიანი მიიღებს თავისი განზრახვის მიხედვით. ვინც გადასახლდება მიწიერი სარგებლისთვის ან ქალისთვის დასაქორწინებლად, მისი გადასახლება ისაა, რისთვისაც გაემგზავრა. (ბუხარი 1)

ამ ჰადისმა საფუძველი ჩაუყარა სწავლულთა მსჯელობას იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განზრახვა. ადრეულ სწავლულებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ იმაზე, ყველა საქმე არის თუ არა დამოკიდებული განზრახვაზე. შემდგომი თაობების მრავალი სწავლული ამტკიცებდა, რომ საქმეების სისწორე და მათი მიმღებლობა მთლიანად დამოკიდებულია შემსრულებლის განზრახვაზე. ნაწილი თვლიდა, რომ განზრახვა აუცილებელია შარიათის სამართლებრივ მოქმედებებში, ხოლო სხვები ამტკიცებდნენ, რომ განზრახვა მნიშვნელოვანია ყველა საქმესა და მოქმედებაში როგორიცაა ცხოვრებიუსელი საქმეები.

განზრახვა არის გადაწყვეტილება, სურვილი და მოქმედებისკენ მიმართული ნება. შარიათის სწავლულების განმარტებით, მას ორი ძირითადი მნიშვნელობა აქვს: ერთი — თაყვანისცემათა ერთმანეთისგან გარჩევა, მაგალითად ზუჰრისა და ასრის ლოცვების, ან რამადანის მარხვისა და სხვა მარხვების განსხვავება; მეორე კი — საქმის მიზნის განსაზღვრა, შესრულდა თუ არა იგი ალლაჰის კმაყოფილებისათვის.

ზოგმა სწავლულმა განასხვავა განზრახვა და სურვილი, ხოლო სხვებმა თქვეს, რომ განზრახვა არის გულის ფარული მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა სიტყვიერ სურვილს. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვებსა და ყურანის აიათებში განზრახვა ხშირად ნებასა და მიზანს გულისხმობს.

უზენაესი ალლაჰი ამბობს:

თქვენგან იყო ის, ვისაც სურდა ეს ქვეყანა და თქვენგან იყო ის, ვისაც ის ქვეყანა სურდა. (ალი იმრან 3:152)

ვისაც სურს ამქვეყნიური ცხოვრება და მისი სილამაზე, სრულად მივაგებთ მათი საქმეებისთვის ამქვეყანასვე. ხოლო ვისაც სურს საიქიოს მონაგარი, ვუმრავლებთ მას თავის მონაგარს. (ჰუდ 11:15; შურა 42:20)

ამ აიათებიდან ნათლად ჩანს, რომ ერთი და იგივე საქმე შეიძლება განსხვავებულ შედეგამდე მივიდეს მხოლოდ განზრახვის გამო.

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ადამიანები აღსდგებიან და განისჯებიან მათი განზრახვის მიხედვით. იგი ამბობდა: „ხალხი აღსდგება მათი განზრახვის მიხედვით.“ (იბნ მაჯა 4229)

ზოგი საქმე, როგორიცაა ქველმოქმედება ან ადამიანთა შერიგება, საზოგადოებისთვის სიკეთეა მაშინაც კი, თუ სრულად ალლაჰის კმაყოფილებისათვის არ კეთდება, მაგრამ საიქიო ჯილდო მხოლოდ მაშინ ენიჭება ადამიანს, თუ მისი განზრახვა გულწრფელია. ხოლო თაყვანისცემა, როგორიცაა ლოცვა, მარხვა და ალლაჰის ხსენება — თუ მიწიერი სარგებლისთვის სრულდება, მათ ჩამდენს საიქიოში არანაირი წილი არ ექნება.

ამ მოსაზრებას ადასტურებს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვები: ვინც იბრძვის ალლაჰის გზაზე მიწიერი სარგებლის განზრახვით, ის მხოლოდ იმას მიიღებს, რისი განზრახვაც ჰქონდა. (ნასაი 3138)

იგივე პრინციპი ჩანს იმ ჰადისებში, სადაც საუბარია იმ ხალხზე, რომლებიც ერთობლივად დაიღუპებიან, მაგრამ აღდგომის დღეს მათი განზრახვების მიხედვით აღსდგებიან. (ბუხარი 2118; მუსლიმი 2882)

განზრახვის ძალა იქამდეც კი მიდის, რომ ადამიანი შესაძლოა დაჯილდოვდეს საქმის გარეშეც. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც გულწრფელად სთხოვს ალლაჰს შეჰიდობას, ალლაჰი მას შეჰიდის მდგომარეობას მიანიჭებს, თუნდაც საწოლში მოკვდეს. (ნასაი 3162)

ამავე მნიშვნელობას ადასტურებს ამრ იბნ ლაისის ამბავი, რომელსაც ალლაჰმა აპატია მხოლოდ იმ გულწრფელი ნატვრის გამო, რომ ეცხოვრა ალლაჰის შუამავლის პერიოდში და დახმარებოდა მას.

ხურასნის მმართველის და გმირის ამრ იბნ ლაისის მდგომარეობა ამის მაგალითია. ამრ იბნ ლაისი, გარდაცვალების
შემდეგ, ერთ ღვთისმოსავ კაცს ესიზმრა. მათ შორის შემდეგი საუბარი გაიმართა:
_ ალლაჰი როგორ მოგექცა?
_ ალლაჰმა მაპატია.
_ და ალლაჰმა შენ რომელი ქმედების გამო გაპატია?
_ ერთ დღეს მთის მწვერვალზე ავედი. ზემოდან ჩემს ჯარისკაცებს
რომ გადავხედე, მათი მრავალრიცხოვნება მომეწონა და
გავიფიქრე: ნეტა ალლაჰის შუამავლის პერიოდში მეცხოვრა და მას დავხმარებოდი
მეთქი. აი, ამ ნატვრის სანაცვლოდ უზენაესმა ალლაჰმა მაპატია.
(ყადი იაზი, შიფა, I, 28-29)

ადრეული სწავლულები დიდ ყურადღებას აქცევდნენ განზრახვის სისუფთავეს. იაჰია აბი ქასირი ამბობდა: „იქონიეთ კარგი ზრახვები, რადგან ისინი უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქმეების შესრულება.“ იბნ ალ-მუბარაქი კი ამბობდა: „პატარა საქმე შეიძლება დიდი გახდეს განზრახვის გამო, ხოლო დიდი საქმე — უმნიშვნელო.“

უზენაესი ალლაჰი ამბობს:

(იგია) რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოეცადეთ, რომელი თქვენგანი უკეთესია საქმით. (მულქ 67:2)

ალ-ფუდაილმა თქვა: საუკეთესო საქმე არის ის, რომელიც გულწრფელია და სწორად შესრულებული, ე.ი გულწრფელი ალლაჰისთვის და სწორი ალლაჰის შუამავლის სუნნეთის შესაბამისად.


ამრიგად, განზრახვა არ არის მხოლოდ დასაწყისი საქმისა, არამედ მისი სული და საზომი. საქმე იღებს ღირებულებას არა თავისი სიმძიმით ან ხილული ფორმით, არამედ იმით, ვისთვის და რისთვის კეთდება. და ალლაჰმა უკეთ იცის.