რელიგიური საქმეები მხოლოდ გარეგნული მოქმედებები არ არის, მათი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, ვისთვის და რა განზრახვით სრულდება. ადამიანი შეიძლება ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდეს, მაგრამ თუ მისი მიზანი ალლაჰის კმაყოფილება არ არის, ეს საქმეები საიქიოში ფასს დაკარგავს. ყურანი და სუნნა გვაფრთხილებენ, რომ გულწრფელობის გარეშე საქმე შეიძლება მტვრად იქცეს. ამიტომ მორწმუნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა საქმის რაოდენობა, არამედ იხლასი - გულწრფელობა - ალლაჰის წინაშე.
ვინც რელიგიურ საქმეს არ აკეთებს ალლაჰის კმაყოფილებისთვის. ალლაჰის სიტყვები:
მივალთ ჩვენ თითოეულ იმ საქმესთან, რაც მათ გააკეთეს, და ვაქცევთ მათ მტვრად, გაფანტულად. (სურა ფურყან 25:23)
იბნ მუბარაქმა დაწერა ამ აიათის განმარტებაში: ალლაჰი გააცამტვერებს ყველა საქმეს რომელიც მისი კმაყოფილებისთვის არ იყო შესრულებული. (თაფსირ იბნ აბი ჰათიმ 8:2678)
ალ-ბაღავიმ კი ამ აიათის განმარტებაში ასე დაწერა: ეს აიათი ნიშნავს: საქმე, რომელიც არ სრულდება ალლაჰის კმაყოფილებისათვის, არის უშედეგო და არ მოიტანს ჯილდოს საიქიოში. (თაფსირ ალ-ბაღავი 6:79)
ვინც რელიგიურ საქმეს აკეთებს იმის გამო, რომ სხვის თვალში გამოჩნდეს კარგი მორწმუნე, დააქონ და ასე გაითქვას სახელი, ასეთი ადამიანის საქმე უშედეგო იქნება თუ არ გამოსწორდება.
ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა-დარიგება ფუდაილ იბნ იადისგან.
ფუდაილ იბნ იიადმა თქვა: რამდენადაც შეძლებ უცნობად დარჩე, ასე გააკეთე. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის გიცნობენ თუ არ გიცნობენ? რა მნიშვნელობა აქვს
შენთვის დაგაქებენ თუ არ დაგაქებენ? რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი ხალხის კრიტიკა რომელიმე საქმის გამო, რომელსაც ალლაჰი აქებს?
(ათ-თავადუ ვალ-ხუმულ გვ 44)
რელიგიური საქმე არ ფასდება მისი სიმრავლით თუ სიდიდით, ხილვადობით ან ხალხის შეფასებით. ის ფასდება მხოლოდ ერთით; ალლაჰის კმაყოფილებისთვის გაკეთდა თუ არა.
ვინც საქმეს ხალხისთვის აკეთებს, თავისი ჯილდო ხალხისგან უკვე მიიღო. ვინც საქმეს ალლაჰისთვის აკეთებს, მისი ჯილდო ალლაჰთან არის შენახული.
ამიტომ მორწმუნის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა ის, თუ როგორი ჩანს, არამედ ის, თუ ვისთვის და რისთვის აკეთებს, რასაც აკეთებს. გულწრფელობა მცირე საქმეს დიდად აქცევს, ხოლო რია (საჩვენებელი საქმე) დიდ საქმეს მტვრად.
და ალლაჰმა უკეთ იცის