აიათი ნიშნავს ყურანის მუხლს, ქურსი კი ტახტრევანს. სიტყვასიტყვით აიათალ ქურსი ნიშნავს - ტახტრევნის აიათი - აიათალ ქურსი არის ბაყარა სურის 2:255 აიათი
ალლაჰმა თავისი სიტყვებიდან გარკვეულ აიათებს განსაკუთრებული ღირსება მიანიჭა. როგორც დროებს შორის არის უკეთესი დრო, ადგილებს შორის - უკეთესი ადგილები, ასევე ალლაჰის სიტყვებშიც არის აიათები, რომლებიც რწმენის საფუძვლებს, ალლაჰის დიდებულებასა და მის ერთმმართველობას ყველაზე სრულყოფილად გადმოსცემს.
აიათულ-ქურსი სწორედ ასეთი აიათია - ის არ არის უბრალოდ დასამახსოვრებელი ტექსტი, არამედ რწმენის დეკლარაციაა, ალლაჰის სახელებისა და თვისებების სრულყოფილი აღწერა და მორწმუნის დაცვა ამქვეყნად და იმქვეყნად.
ჰადისები აეთელ (აიათალ)-აიათულ) ქურსის შესახებ.
აბუ უმამა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ვინც ყოველი ფარძი (სავალდებულო) ლოცვის შემდეგ აიათუ’ლ-ქურსს წაიკითხავს, მას სამოთხეში შესვლისგან სიკვდილის მეტი არაფერი დააყოვნებს.“ (ნასაი, სუნანუ’ლ-ქუბრა 9848)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც წაიკითხავს ჰა მიმ ...მუ'მინ.. "მასთანაა დაბრუნება. (იხ სურა 40:1-3)
და აიეთელ ქურსს როცა გაიღვიძებს, იქნება დაცული საღამომდე. და ვინც წაიკითხავს საღამოს, დაცული იქნება დილამდე.
(თირმიზი 45:2879)
აბდულლაჰ იბნ მასუდი გადმოსცემს: ალლაჰს არ შეუქმნია არც ცაში და არც მიწაზე აიათალ ქურსზე უფრო ბრწყინვალე. სუფიანმა თქვა: იმიტომ რომ, აიათალ ქურსი არის
ალლაჰის სიტყვა, და ალლაჰის სიტყვა ალლაჰის ქმნილებაზე აღმატებულია, ცაში თუ მიწაზე. (თირმიზი 45:2884)
აბუ უმამას ჰადისი გვაჩვენებს აიათუ’ლ-ქურსის კავშირს ლოცვასთან. როდესაც ადამიანი ყოველი ფარძი ნამაზის შემდეგ კითხულობს ამ აიათს, ის თითქოს ყოველდღიურად ადასტურებს თავის რწმენას ალლაჰის ერთადერთობას, მის სრულ ძალაუფლებასა და ცოდნას. ამიტომაც ამბობს მოციქული მუჰამმადი ﷺ, რომ ასეთ ადამიანს სამოთხეში შესვლას მხოლოდ სიკვდილი აშორებს - ანუ გზა უკვე გახსნილია, ბარიერი აღარ არსებობს.
აბუ ჰურაირას ჰადისი აიათუ’ლ-ქურსს გვაჩვენებს როგორც დაცვას ამქვეყნად.
დილასა და საღამოს მისი კითხვა ნიშნავს, რომ მორწმუნე თავის დღესა და ღამეს იწყებს და ასრულებს ალლაჰის სახელით, მის მფარველობას ანდობს თავს, ოჯახს და საქმეს. ეს დაცვა არ არის მხოლოდ ხილული საფრთხეებისგან, არამედ უხილავისგანაც - შაიტანისგან, ბოროტი ზრახვებისგან და გულის მანკიერი სურვილებისგან.
იბნ მასუდის სიტყვები კი აიათუ’ლ-ქურსის სიდიადეს საფუძვლიანად განმარტავს.
მისი ბრწყინვალება იმაშია, რომ იგი ალლაჰის სიტყვაა, ხოლო ალლაჰის სიტყვა მისი ქმნილებისგან აღმატებულია. აიათუ’ლ-ქურსი საუბრობს ალლაჰზე ისე, როგორც არცერთი სხვა აიათი ერთდროულად: იგია მარადცოცხალი, მარადიული, აქვს ყველაფრის ცოდნა, მისი ძალაუფლება და მფარველობა ერთ მთლიანობაშია შეკრებილი.
აიათუ’ლ-ქურსის ძალა იმაშია, რომ იგი რწმენას ამყარებს, ენა ალლაჰს ახსენებს და ადამიანს ალლაჰის მფარველობის ქვეშ აქცევს.
ალლაჰი თავად ამბობს:
„არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა…“ (სურა ალ-ბაყარა 2:255)
ეს აიათი გვასწავლის, რომ მმართველობა, დაცვა და ძალაუფლება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ამიტომაც ამბობს ალლაჰი სხვა აიათში:
„ვინც სასოებს (მიენდობა) ალლაჰს, საკმარისია იგი.“ (სურა ტალაყ 65:3)
და ასევე:
განა მხოლოდ ალლაჰის ხსენებით არ მშვიდდებიან გულები? (სურა არ-რა’დ 13:28)
აიათუ’ლ-ქურსი არის სწორედ ალლაჰის ხსენება - რწმენის განმტკიცება, დაცვა ამქვეყნად და იმედის კარი საიქიოში. ვინც მას მუდმივად კითხულობს, ის ცხოვრებას ალლაჰის მფარველობაში ატარებს და მასთან დაბრუნებას მშვიდი გულით ეგებება.