15:22    2026-02-03   



მმართველის მარხვა


ადამიანის გული უცნაურია. მასში ერთდროულად შეიძლება არსებობდეს ცოდვაც და სიკეთის ნაპერწკალიც, დაცემაც და სინანულისკენ გადადგმული ნაბიჯიც. ზოგჯერ ადამიანი ისეთ ქმედებაშია ჩაფლული, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ალლაჰის ბრძანებებს, მაგრამ მის გულში მაინც რჩება პატარა კარი, სინანულისა და დაბრუნების კარი. სწორედ ამ კარის დატოვებაა ის, რაც ალლაჰის წყალობის გზას არ კეტავს. ქვემოთ მოთხრობილი ამბავი გვასწავლის, რომ ალლაჰი უყურებს არა მხოლოდ ჩვენს წარსულს, არამედ იმასაც, თუ საით არის მიმართული ჩვენი გული.

აბუ ბაქრ შიბალი გადმოსცემს:  ერთხელ ჩვენ მივემგზავრებოდით სხვა მგზავრებთან ერთად შამისკენ (სირია, იორდანია), რა დროსაც მძარცველებმა გაგვძარცვეს. მათ წაიღეს ჩვენი მთელი ნივთები და მათი ლიდერის წინ დადეს. ნივთებს შორის იყო შაქრის ტომარა და ნუში. ქურდებმა დაიწყეს ჭამა მაგრამ მათი ლიდერი არ ჭამდა. მე ვკითხე მას თუ რატომ არ ჭამდა და აღმოჩნდა, რომ მარხულობდა. მე ისევ ვკითხე: როგორ ხდება ისე, რომ ადამიანებს პარავ და თან მარხულობ? მან მიპასუხა: 'კაცმა უნდა გააკეთოს რაღაც ისე, რომ შერიგების კარიც ღია დატოვოს'. მოგვიანებით დავინახე იმ დაჯგუფების ლიდერი იჰრამში იყო შემოსილი და ტავაფს ასრულებდა ქააბასთან. მისი სახე გაბრწყინებული იყო თაყვანისცემის შუქით. მე გაკვირვებულმა ვკითხე:  - შენ ის კაცი ხარ? - დიახ, და ნება მომეცი გითხრა, რომ ის მარხვა იყო კარი, რომელიც გახდა ღმერთთან ჩემი შერიგების მიზეზი.
(ათ-თავვაბინ 1:276, რაუდ ურ-რიაჰინ გვ 163)

ეს ამბავი არ გვასწავლის ცოდვის გამართლებას და არც იმას, რომ მორჩილება და დაუმორჩილებლობა ერთად შეიძლება არსებობდეს სრულყოფილად. იგი გვასწავლის ბევრად უფრო მნიშვნელოვანს: არასოდეს უნდა ჩაიკეტოს სინანულის კარი. ადამიანი შეიძლება ღრმად იყოს ჩავარდნილი შეცდომებში, მაგრამ თუ გულში მაინც რჩება ალლაჰისკენ მიმართული ძაფი, ალლაჰი ამ ძაფს ძლიერ თოკად აქცევს.

ალლაჰი არ ეძებს სრულყოფილებს - ის ეძებს დაბრუნებულებს. ერთი გულწრფელი მარხვა, ერთი ცრემლი, ერთი ნაბიჯი მორჩილებისკენ შეიძლება გახდეს ხიდი წარსულიდან მონანიებამდე. ამიტომ, ვინც არ უნდა ვიყოთ და სადაც არ უნდა ვიდგეთ დღეს, არასოდეს ვთქვათ: „ჩემთვის გზა აღარ არის“. სანამ ვსუნთქავთ, შერიგების კარი ღიაა - და ღმერთს ყველაზე მეტად ის უყვარს, ვინც მისკენ დაბრუნების გზას პოულობს.

ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც თავად ალლაჰის შუამავალი ﷺ გვასწავლის - რათა არ დავკარგოთ იმედი, არ მივატოვოთ სინანული და არ ჩავთვალოთ თავი განდევნილად ალლაჰის წყალობიდან. ისლამი გვასწავლის რომ ვერ ვიქნებით იდეალურები და უმანკოები, არამედ გვასწავლის დაბრუნებას, მონანიებას, დაცემის შემდეგ წამოდგომას და გულწრფელ სინანულს.

ანასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ადამის ყოველი შვილი ცოდვილია, ხოლო ცოდვილთა შორის საუკეთესოები მომნანიებლები არიან.
(თირმიზი 2499)

და ალლაჰმა უკეთ იცის.