ადამიანის ყველაზე საშიში დაავადება არ არის რომელიმე ფიზიკური დაავადება, არც სიღარიბე და არც ცოდვების მრავალფეროვნება. ყველაზე საშიში დაავადება არის გულის გაუხეშება.
როცა გული უხეშდება, ჭეშმარიტება აღარ შედის მასში; რჩევა აღარ მოქმედებს; ცოდვა მსუბუქად ეჩვენება, ხოლო სხვისი ცოდვა კი დიდად.
ამიტომ ალლაჰმა გაგზავნა წინასწარმეტყველები და მოციქულები არა მხოლოდ კანონისთვის, არამედ გულის გამოსაცოცხლებლად.
მალიქი გადმოსცემს, რომ ისამ, მარიამის შვილმა თქვა: არ ილაპარაკოთ ბევრი ალლაჰის ხსენების გარეშე, რამეთუ ეს გულს გაგიუხეშებთ. უხეში გული კი შორს არის ალლაჰისგან, მაგრამ თქვენ არ იცით. არ შეხედოთ ხალხის ცოდვებს ისე, თითქოს ღმერთი იყოთ. შეხედეთ თქვენს ცოდვებს ისე, თითქოს მონები იყოთ. ზოგიერთი ადამიანი დამწუხრებულია ცუდი საქმით, ხოლო ზოგიერთი დაცულია მისგან. იყავით გულმოწყალენი გაჭირვებული ხალხის მიმართ და მადლობა შესწირეთ ალლაჰს, რომ კარგად ხართ. (მუვატა მალიქ 56:1821)
1. „არ ილაპარაკოთ ბევრი ალლაჰის ხსენების გარეშე…“
ეს სიტყვები პირდაპირ გვიჩვენებს ერთ დიდ წესს:
ენა თუ დაკავებული არ არის ალლაჰის ხსენებით, ის აუცილებლად დაკავდება ამაოებით, ცოდვით ან გულის გაუხეშებით.
ალლაჰის ხსენება (ზიქრი) არ არის მხოლოდ თასბიჰი ენით, არამედ ეს არის გულის მდგომარეობა, რომელიც ადამიანს აფხიზლებს.
ალლაჰის სიტყვაში ვკითხულობთ:
„განა მხოლოდ ალლაჰის ხსენებით არ მშვიდდებიან გულები?“ (სურა რა‘დ 13:28)
თუ ზიქრი არბილებს გულს, მისი მიტოვება, ბუნებრივად ახეშებს მას.
აბუ მუსა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მათი მაგალითი, ვინც ახსენებს მის ღმერთს და ის, ვინც არ ახსენებს, ცოცხალისა და მკვდარის მაგალითის მსგავსია. (ბუხარი 6407)
გული, რომელიც ზიქრის სურვილს კარგავს, ნელ-ნელა კვდება, და მკვდარ გულს უკვე აღარ აწუხებს ცოდვა.
2. „უხეში გული კი შორს არის ალლაჰისგან“
ეს არის გაფრთხილება. პრობლემა მხოლოდ ცოდვაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ უხეში გული ალლაჰთან სიახლოვეს კარგავს.
ალლაჰის სიტყვა:
და ვაი მათ, ვისი გულიც გაქვავებულია ალლაჰის ხსენებისაგან. სწორედ ისინი არიან ცხად გზააბნევაში. (სურა ზუმარ 39:22)
ალლაჰთან სიახლოვე არ იზომება სიტყვებით ან სტატუსით, ის იზომება გულის სირბილით, მორჩილებით და სინანულით.
3. „არ შეხედოთ ხალხის ცოდვებს ისე, თითქოს ღმერთი იყოთ…“
ვინც ასე უყურებს სხვებს, მასში ჭარბობს ქედმაღლობა.
ადამიანი, რომელიც სხვის ცოდვას ზემოდან ისე უყურებს, თითქოს თავად უშეცდომო იყოს, ის უკვე ჩავარდა უფრო დიდ ცოდვაში - სიამაყეში.
ალლაჰი ამბობს:
თავს განწმენდილად ნუ ჩათვლით, რამეთუ მან ყველაზე უკეთ იცის, ვინცაა ღვთისმოშიში. (სურა ნაჯმ 53:32)
შუამავალი ﷺ ამბობს:
თუ კაცი იტყვის: 'ხალხი განადგურებულია' ის თავად არის ყველაზე მეტად განადგურებული. (მუვატა მალიქ წიგნი 56, ჰადისი 2)
რატომ? იმიტომ, რომ მან თავი ღმერთის ადგილზე დააყენა; ესეიგი განსაჯა და განაჩენი გამოიტანა.
4. „შეხედეთ თქვენს ცოდვებს ისე, თითქოს მონები იყოთ“
მონას არ აქვს პრეტენზია, არ აქვს მოთხოვნები, მას აქვს შიში, იმედი და ვედრება. მორწმუნე საკუთარ ცოდვას უნდა ხედავდეს დიდად, ხოლო სხვისას, მცირედ ან საერთოდ არ ხედავდეს.
იბნ მას'უდმა თქვა: მორწმუნე ხედავს თავის ცოდვებს ისე, თითქოს ზის მთის ძირში და ეშინია, რომ თავზე დაემხობა, ხოლო სუსტი რწმენის მქონე ადამიანი (ფაჯირი) ისე ხედავს თავის ცოდვებს, თითქოს ბუზი დააჯდა ცხვირზე და უბრალოდ მოიშორებს.(თირმიზი 2497)
ერთი სწავლული ამბობდა: 'როცა სხვისკენ თითი გავიშვირე, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ფრჩხილები მოუვლელი იყო'
5. „ზოგი დამწუხრებულია ცოდვით, ზოგი დაცულია მისგან“
ეს გვასწავლის დიდ სიბრძნეს: თუ ალლაჰმა დაგიცვა ცოდვისგან, ეს შენი დამსახურება არ არის, არამედ წყალობაა.
...რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენზე და მისი წყალობა, არ განიწმინდებოდა არცერთთი თქვენგანი არასოდეს, მაგრამ ალლაჰი განწმენდს იმას, ვისაც ინებებს. ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. .“ (სურა ნურ 24:21)
ამიტომ ვინც დაცულია ცოდვისგან, ყველაზე მეტად უნდა შერცხვეს და მადლიერი იყოს, არათუ თავი სხვებზე მაღლა დააყენოს.
6. „იყავით გულმოწყალენი გაჭირვებულთა მიმართ და მადლობა შესწირეთ ალლაჰს“
გულის სირბილე საბოლოოდ აქ ჩანს: როგორ ვექცევით სუსტებს და რამდენად ვხედავთ ალლაჰის წყალობას ჩვენს ცხოვრებაში?
გადმოსცემს აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-ასი: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოწყალე ღმერთი შეიწყალებს მოწყალეებს. თუ თქვენ შეიწყალებთ მათ, ვინც არიან დედამიწაზე, მაშინ შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია. (აბუ დავუდი 4941)
და ალლაჰმა უკეთ იცის