აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოვიდა თქვენთან რამადანის თვე, კურთხეული თვე, რომელშიც უზენაესმა ალლაჰმა თქვენ მარხვა დაგავალათ. ამ თვეში იხსნება ზეცის (ე.ი სამოთხის) კარიბჭე, ხოლო ჯოჯოხეთის კარი იკეტება, და შაიტნები მიჯაჭვულნი არიან. მასში არის ღამე (ყადირის ღამე), რომელიც ათას თვეზე უკეთესია. ის, ვინც, მოკლებულია მის სიკეთეს - მოკლებულია ჭეშმარიტებას. (ნასაი 22:2106)
ეს ჰადისი გვიხსნის, რომ რამადანი არ არის უბრალოდ კალენდარული პერიოდი, არამედ ის არის სულიერი ამაღლების დრო, ალლაჰის განსაკუთრებული წყალობის დრო. ალლაჰი ამბობს:
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაწერილია თქვენზე მარხვა, როგორც დაწერილი იყო იმათთვის, ვინც თქვენზე უწინ იყო, რათა ეგების (ალლაჰის) გეშინოდეთ. (ბაყარა 2:183)
აქ ნათლად ჩანს, რომ მარხვის მთავარი მიზანი შიმშილი კი არა, არამედ ღვთისმოშიშობაა. ადამიანი, რომელიც ყოველდღე შეგნებულად იკავებს თავს ნებადართული საკვებისგან, სწავლობს საკუთარი სურვილების კონტროლს. თუ მას შეუძლია უარი თქვას ჰალალზე ალლაჰის კმაყოფილებისთვის, მით უმეტეს შეძლებს ჰარამის მიტოვებას.
რამადანი ღირსეული თვეა იმიტომ, რომ რამადანის თვეში დაიწყო ყურანის ზემოვლენა.
რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი... (ბაყარა 2:185)
ეს არის თვე, როცა ყურანი უნდა დაბრუნდეს ადამიანის ცხოვრებაში არა მხოლოდ კითხვით, არამედ გააზრებითა და პრაქტიკით. სწორედ ამიტომ იხსნება სამოთხის კარიბჭენი, ანუ სიკეთის გზები ფართოვდება და ალლაჰის წყალობა უხვად გარდმოდის. ხოლო ჯოჯოხეთის კარიბჭეების დახურვა მიანიშნებს იმაზე, რომ ცოდვის გზები მცირდება. შაიტნების მიჯაჭვულობა ნიშნავს, რომ ბოროტების ზემოქმედება მცირდება, თუმცა ადამიანის ნაფსი მაინც აგრძელებს გამოცდას, ამიტომ ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ რჩება მთავარ საზრუნავად.
ჰადისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გზავნილი ყადირის ღამეა, ალლაჰი ამბობს:
ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია! (ყადირ 97:3)
ათასი თვე დაახლოებით ოთხმოცდასამ (83) წელზე მეტია, თითქმის მთელი ცხოვრება, ზოგი ამდენსაც ვერ ცოცხლობს. ეს ნიშნავს, რომ ერთ ღამეში გულწრფელი თაყვანისცემა შეიძლება ადამიანის ცხოვრების მასშტაბის იყოს. როგორი დანაკარგია, თუ ადამიანი ამ ღამეს დაუდევრობით ან უყურადღებობით მოეპყრობა. ამიტომაც თქვა შუამავალმა ﷺ, რომ ვინც მოკლებულია ამ ღამის სიკეთეს, მოკლებულია ჭეშმარიტებას, რადგან მან ხელიდან გაუშვა უდიდესი წყალობა.
იბნ რაჯაბმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: “ჰეი შენ, რომელმაც გაფლანგე და ფუჭად გალიე შენი ცხოვრების წლები, ვერაფერი აგინაზღაურებს გაფლანგულ და ფუჭად გატარებულ წლებს გარდა ყადირის ღამის, უეჭველად, ყადირის ღამე მთელი ცხოვრების ტოლფასია.” (ლატაიფ ალ-მარაფი გვ 191)
წარმოიდგინე: ალლაჰი გიხსნის წყალობის კარს და გეუბნება შედი. გპატიობ. და შენ დგახარ ამ კართან. გააღებ თუ არა?
ნუ გაატარებ ამ თვეში დღეებს ისე, როგორც სხვა დღეებს. ნუ დაგვრჩება მარხვიდან მხოლოდ შიმშილი და წყურვილი.
ვინც რამადანს უყურადღებოდ მოეპყრობა, მან მხოლოდ დღეები კი არა, წყალობა დაკარგა. ხოლო ვინც მას ყურადღებით მოეპყრობა, შეიძლება სრულიად ახალი ადამიანი გახდეს.
და ალლაჰმა უკეთ იცის