ალლაჰის ხსენება (ზიქრი) არის ერთ-ერთი უდიდესი საქმე, რითაც მორწმუნე უახლოვდება თავის ღმერთს. ზიქრი არის გულის სიმშვიდე და დიდი ჯილდოს მიზეზი.
უზენაესი ალლაჰი ამბობს:
...ალლაჰის ხსენება კი უფრო დიდია... (ანქებუთ 29:45)
ასევე ამბობს:
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, გაიხსენეთ ალლაჰი ბევრჯერ..“ (აჰზაბ, 33:41)
და კიდევ:
გამიხსენეთ და გაგიხსენებთ... “ (ბაყარა 2:152)
ეს აიათები გვაჩვენებს, რომ ზიქრი მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ ეს არის კავშირი ალლაჰთან, გულის სიმშვიდე და დიდი ჯილდოს მიზეზი.
და როგორ მოვიპოვოთ დღეში ათასი კეთილი საქმე?
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენს შორის ვინმეს შეუძლია დღეში ათასი სიკეთე მოიპოვოს? მათ შორის ერთ-ერთი, ვინც იჯდა, იკითხა: 'როგორ არის შესაძლებელი ყოველ დღე ათასი სიკეთის მოპოვება?' შუამავალმა უთხრა მას: 'დღეში ასჯერ სუბჰან ალლაჰ (ალლაჰი უნაკლოა/დიდებულია) წარმოთქმით ათასი სიკეთე ჩაიწერება და ათასი ცუდი საქმე წაიშლება. (მუსლიმი 2698)
ამ ჰადისის მთავარი არსი არის ღმერთის უსაზღვრო წყალობა და სიბრძნე. ის გვიჩვენებს, რომ ღმერთი მცირე ქმედებასაც კი დიდ ჯილდოდ აქცევს. „სუბჰან ალლაჰ“ ნიშნავს, რომ ალლაჰი შორსაა ყოველგვარი ნაკლისა და არასრულყოფილებისგან. როდესაც მორწმუნე ამას ამბობს, ის ადიდებს და განადიდებს თავის ღმერთს, აღიარებს მისი ღმერთის სრულყოფილებას და საკუთარ უძლურებას. ეს სიტყვები, თუ გულწრფელად არის წარმოთქმული, ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის სულზე და მის ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ მდგომარეობაზე.
ეს ჰადისი გვასწავლის, რომ წარმატება ალლაჰთან არ არის მხოლოდ დიდ და რთულ საქმეებში. ზოგჯერ რამდენიმე წუთის გულწრფელი ხსენება საკმარისია დიდი ჯილდოსთვის. ისლამი გვიხსნის გზას და გვაჩვენებს, რომ მუდმივი, მცირე და გულით შესრულებული საქმეები შეიძლება იყოს უფრო ღირებული, ვიდრე იშვიათი, მაგრამ დიდი ქმედებები.
ამრიგად, ეს ჰადისი გვასწავლის, რომ არ შევაფასოთ ზიქრი უმნიშვნელოდ. შესაძლოა ჩვენთვის ეს მარტივი სიტყვებია, მაგრამ ალლაჰთან მათი ფასი დიდია, ათასი სიკეთე და ათასი ცოდვის წაშლა ყოველდღე. ეს არის ღვთიური წყალობის ნათელი მაგალითი და მოწოდება, რომ ჩვენი ენები ყოველთვის დაკავებული იყოს ალლაჰის ხსენებით.
აზ-ზუჰრიმ თქვა: რამადანში ნათქვამი თასბიჰი (ე.ი სუბჰან ალლაჰ - ალლაჰი უნაკლოა) სხვა თვეებში ნათქვამ თასბიჰზე ათასჯერ უკეთესია. (თირმიზი 3472)
ეს სიტყვები გვიჩვენებს, თუ რამდენად განსაკუთრებულია რამადანის თვე და რამდენად იმატებს საქმეების ფასი ამ პერიოდში. რამადანი არის კურთხეული დრო, როცა სამოთხის კარიბჭეები იხსნება, შაიტნები მიჯაჭვულნი არიან და მორწმუნეთა გულები უფრო მეტადაა მიმართული ალლაჰისკენ. ამიტომ ზიქრი, ალლაჰის ხსენება, ამ თვეში უფრო მეტად ფასობს.
ამიტომ უნდა ვიცოდეთ: თუ სხვა თვეებში „სუბჰან ალლაჰ“ დიდი სიკეთის მიზეზია, რამადანში ის კიდევ უფრო ამაღლებული და ფასეულია. ზიქრი ამ თვეში არ არის მხოლოდ სიტყვა, არამედ ენა, გული და სხეული ერთდროულად ემორჩილება ალლაჰს.
და ალლაჰმა უკეთ იცის