15:46    გუშინ   



თავჰიდი არის რელიგიის ფუნდამენტი


თავჰიდი არაბული სიტყვაა და აღნიშნავს ალლაჰის ერთიანობას — იმას, რომ ალლაჰი ერთადერთი და უნიკალურია, და მას არ ჰყავს თანაზიარი არც თაყვანისცემაში და არც თავის სახელებსა და თვისებებში.  არაბულ ენაში გამოიყენება სიტყვები ვააჰიდ (واحد), აჰად (أحد) და ვაჰიიდ (وحيد), რომლებიც ყველა „ერთს“ ნიშნავს. როდესაც ვამბობთ, რომ ალლაჰი ერთია, ეს ნიშნავს, რომ მას არ ჰყავს თანაზიარი არც თაყვანისცემაში, არც მეუფებაში და არც სახელ-თვისებებში; მას არ ჰყავს პარტნიორი.  თავჰიდი ასევე გულისხმობს ალლაჰის შეცნობას და იმის რწმენას, რომ იგი არ ჰგავს არცერთს თავისი ქმნილებებიდან. თავჰიდის შესრულებაზე, მის სწავლასა და მხოლოდ ალლაჰისადმი განკუთვნილ თაყვანისცემაზე მიუთითებს როგორც ალლაჰის წიგნი, ისე შუამავლის ﷺ სუნნა.  უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„არ შემიქმნია ჯინნი და კაცნი არაფრისთვის, გარდა იმისა რომ თაყვანი მცენ “ ( ზარიათ 51:56)

ალლაჰმა ადამიანები შექმნა იმისათვის, რომ მხოლოდ მას ეთაყვანონ და დაემორჩილონ მის ბრძანებებს. თუმცა დროთა განმავლობაში ადამიანებმა დაივიწყეს თავჰიდი, ჩაეფლენ შირქში და ალლაჰს თანაზიარი დაუყენეს. ამის შემდეგ ალლაჰმა ადამიანებს შუამავლები გამოუგზავნა, რათა შეეხსენებინათ მათთვის, რომ მხოლოდ ალლაჰს უნდა ეთაყვანონ და განუდგნენ შირქს და ტაღუთს. ალლაჰის სიტყვა:

და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს...  (სურა 16:36)

და არ წარგვიგზავნია შენზე უწინ ერთი შუამავალიც კი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: არ არსებობს ღვთაება ჩემს გარდა, და მე მეთაყვანეთ.  (სურა ენბია 21:25)

ალლაჰმა შუამავალი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გამოგზავნა, წიგნი ზემოუვლინა, რომელშიც მან განმარტა, რომ ეთაყვანონ მხოლოდ მას, ერთადერთს, არ დაუდგინონ თანაზიარი. უზენაესი ალლაჰის სიტყვა:

აი წიგნი, რომლის აიათები გაცხადდა, მერე განიმარტა ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ. რათა არ ეთაყვანოთ არავის, ალლაჰის გარდა ...   (ჰუდ 11:1-2)

ალლაჰის შუამავლების თანამიმდევრებმა, ხალხს მოუწოდეს თავჰიდისკენ - მოუწოდეს მხოლოდ ღმერთის თაყვანისცემისკენ.

„იბნ აბბასი გადმოსცემს, როცა შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გზავნიდა მუაზს იემენში, უთხრა მას: შენ მიდიხარ წიგნის მქონე ხალხთან, პირველ რიგში რაზეც უნდა მოიწვიო ისინი, არის ალლაჰის თავჰიდი. თუ ისინი ისწავლიან ამას, უთხარი მათ, რომ ალლაჰმა დაავალდებულა ისინი დღე-ღამეში ხუთჯერადი ლოცვით. და თუ ისინი ილოცებენ, უთხარი მათ, რომ ალლაჰმა დაავალდებულა ზექათი მათი ქონებიდან და ის გასცენ მდიდრებმა ღარიბებზე. თუ ისინი მიიღებენ ამას, შემდეგ აიღე მათი ზექათი, მაგრამ თავი აარიდე ხალხის საუკეთესო ქონებას. გეშინოდეს დაჩაგრულის ვედრებისა, რადგან მასა და ღმერთს შორის ზღუდე არ არის.   (ბუხარი 7372) (ბუხარი 2448)“

„ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ალის უთხრა:  ...წადი გულმშვიდად და ღირსეულად, როცა მიაღწევ მტრების რიგებს, მოუწოდე მათ ისლამისკენ და აცნობე მათი ვალდებულებების შესახებ. ვფიცავ ღმერთს, თუ იგი დააყენებს ერთ ადამიანსაც შენი საშუალებით პირდაპირ გზაზე, ეს უმჯობესი იქნება შენთვის, ვიდრე წითური აქლემების ჯოგი (უდიდესი ამქვეყნიური ქონება).  (ბუხარი 3009)

თუ ქრონოლოგიურად განვიხილავთ და აქ მოყვანილ აიათებსა და ჰადისებს, ნათლად იკვეთება შემდეგი სურათი: ალლაჰმა ადამიანები შექმნა იმისათვის, რომ მხოლოდ მას ეთაყვანონ და დაემორჩილონ მის ნებას. ამის შემდეგ, როდესაც ადამიანთა ნაწილმა დაივიწყა თავჰიდი და შირქისკენ გადაიხარა, ალლაჰმა მათ შუამავლები გამოუგზავნა, რათა ადამიანებისთვის შეეხსენებინათ ჭეშმარიტი რწმენა და მოეწოდებინათ მხოლოდ ალლაჰისადმი თაყვანისცემისკენ. 

ამავე მიზანს ემსახურება ალლაჰის მიერ მოვლენილი წიგნიც, რომელშიც განმარტებულია, რომ თაყვანისცემა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის და ადამიანებმა არ უნდა მიუძღვნან იგი მის გარდა სხვას. ასევე ჰადისებიც მოწმობს, რომ ალლაჰის შუამავლის ﷺ მიმდევრები ხალხს მოუწოდებდნენ თავჰიდისკენ - სუფთა და ხალასი მონოთეიზმისკენ სადაც შირქი არ არის გარეული.

ამრიგად, აქ მოყვანილი აიათებისა და ჰადისების შინაარსობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ისლამური გზავნილის საფუძველი და იდეა სწორედ თავჰიდია, რაც გულისხმობს ალლაჰის ერთადერთობის აღიარებას და მხოლოდ მისადმი თაყვანისცემას.

ალლაჰი ერთ-ერთ ყუდსი (წმინდა) ჰადისში ბრძანებს:
"ო ადამის შვილო, მე შეგქმენი შენ თაყვანისცემისთვის, ამიტომ ნუ გაატარებ ცხოვრებას ამაოდ"  

ალლაჰის სიტყვა:

ნუთუ ვერ დაინახე, როგორ მოჰყავს ალლაჰს იგავად კეთილი სიტყვა? ის კეთილ ხეს ჰგავს, მყარია მისი ფესვები და ზეცაშია აწვდილი მისი ტოტები.  (იბრაჰიმ 14:24)

ორი აიათის შემდეგ ამბობს:

იგავი ავი სიტყვისა მსგავსია ავი ხისა, მიწის ზემოთ რომ იდგამს ფესვებს და სიმყარე არ გააჩნია. (იბრაჰიმ 14:26)

იბნ აბბასი ამბობდა, რომ "კეთილი სიტყვა" - არის მონოთეიზმის გამომხატველი სიტყვა - „ლა ილაჰა ილლა ალლაჰ“, კეთილი ხე კი მუსლიმია.  მუჯაჰიდი ამბობდა, რომ კეთილი სიტყვა - არის რწმენა, და ეს ერთიდაიგივეაო.   (მოყავნილია ყურტუბის განმარტებების კრებულში).

„ავი სიტყვის ქვეშ იგულისხმება შირქი და ქუფრი, რომელიც არის ურწმუნოს გულში"
(ყურტუბის და ტაბარანის თაფსირი)

შირქი ნიშნავს ღმერთის მიმართ თანაზიარს, ხოლო ქუფრი ურწმუნოებას.

„ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:   "პირველ სიტყვად თქვენს შვილებს ასწავლეთ ლამაზად წარმოთქმა " ლა ილაჰა ილლა ლლაჰ"-ი
(ბაიჰაყი, შუაბე ლიმან VI , 398)“

აბუ სეჰრან ას-სურმა წიგნში ცხოვრების სტილი ლა ილაჰა ილლა ლლაჰ" გვერდი 64 თქვა: ტაღუთის უარყოფა იყო ყველა შუამავლის მოწოდება, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს...  (სურა ნაჰლ 16:36)

და ალლაჰის შუამავლის თანამიმდევრები თავიანთ შვილებს ასწავლიდნენ შემდეგს: იბნი შეიბი გადმოსცემს: თანამიმდევრების (საჰაბეები) ბავშვები, პირველს, რასაც სწავლობდნენ იყო - ვირწმუნე ალლაჰი და უარვყოფ ტაღუთს...   (ფეიზულ ფურყან გვერდი 270, ეს მუსანნაფ, 3318)

არაბულად ასე ჟღერს:

آمنت بالله وكفرت بالطاغوت  ამენთუ ბილლაჰი ვა ქაფართუ ბი ტტაღუთ

აქ მოცემული არგუმენტებიდან გამომდინარეობს შემდეგი ძირითადი დასკვნები:

  1. ალლაჰმა ადამიანები და ჯინები შექმნა იმისათვის, რომ თაყვანი სცენ მხოლოდ მას.

  2. ხალხი ჩაეფლო შირქში და ამის შემდეგ ალლაჰმა ადამიანებს გამოუგზავნა შუამავლები, რომლებმაც შეახსენეს და მოუწოდეს ალლაჰისადმი თაყვანისცემისკენ.

  3. შუამავლებთან ერთად ალლაჰმა მოავლინა წიგნებიც, რომლებშიც განმარტებულია, რომ თაყვანისცემა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.

  4. ალლაჰის შუამავლის ﷺ მიმდევრები ადამიანებს პირველ რიგში მოუწოდებენ თავჰიდისკენ, ალლაჰის ერთადერთობის აღიარებისა და მისადმი თაყვანისცემისკენ.

  5. ალლაჰის შუამავლის ﷺ საჰაბეები ზრდიდნენ თაობას, რომელთაც მტკიცედ სწამდათ ალლაჰის და უარყოფდნენ ტაღუთს.


ჰეი ადამიანებო! ეთაყვანეთ ერთ ღმერთს, იკითხეთ მისი წიგნი, შეიძინეთ ცოდნა და მოუწოდეთ თავჰიდისკენ. ასწავლეთ თქვენს შვილებს ალლაჰის რწმენა და ტაღუთის უარყოფა, როგორც მოციქულმა ლუყმანმა ასწავლა თავის შვილს - არ დაუდგინო ალლაჰს თანაზიარი   (სურა ლუყმან 31:13)

ეს არის ალლაჰის რელიგია, რომლის უპირატესობა არის ყველა სხვა რელიგიებზე. სწორედ თავჰიდია ის ძირითადი პრინციპი, რომელიც განასხვავებს ისლამს სხვა რელიგიებისგან.

და ალლაჰმა უკეთ იცის