ჭორაობა მარხვის დროს. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც არ ტოვებს ცუდ და უსარგებლო საუბარს, ალლაჰს არ სჭირდება მისგან საჭმელ-სასმელის მიტოვება.
(ე.ი ალლაჰი არ მიიღებს მის მარხვას) (ბუხარი 30:1903)
ასევე აბუ ჰურაირას გადმოცემით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი რჩებათ მარხვიდან შიმშილის გარდა და არაფერი რჩებათ მათი ლოცვებიდან უძილო ღამეების გარდა. (იბნ მაჯა 7:1690)
აბუ ალიამ თქვა: მარხული ადამიანი თაყვანისცემაში იმყოფება მანამ, სანამ არ დაიძინებს ან არ ილაპარაკებს ზურგსუკან. (იმამ აჰმადის ზუჰდი ტომი 4 გვ 313)
ანას იბნ მალიქმა თქვა: თუ მარხული ადამიანი ჭორაობს (ე.ი ზურგსუკან ლაპარაკობს მაშინ, მისი მარხვა დარღვეულია. (ჰუნად იბნ ალ-სარის ზუჰდი გვ 1204)
სულეიმან იბნ მუსამ (გ. ჰიჯრიდან 119) თქვა:
როდესაც შენ მარხულობ, ასევე მარხულობს შენი სასმენელი და თვალები, ასევე მარხულობს შენი ენა, რომელიც უნდა დაიცვა ტყუილისგან და არ უნდა ავნო სხვას არაფერი.
ნუ გაატარებ დღეს მარხვაში ისე, თითქოს არ გიმარხია. (თარიხ დიმაშყ ტომი 22 გვ 389)
ალლაჰმა უკეთ იცის.