22:25    2025-07-07   



ანგარიშსწორების საზღვრები ისლამში


 

სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა მწყალობლისა.

ისლამში სამართლებრივი ანგარიშსწორება დაშვებულია, თუმცა უფო ამაღლებულად და სასურველად მიჩნეულია პატიება და შეწყალება. ღვთის კანონი ზომიერებასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული.

თანამედროვე საზოგადოებაში ხშირია მცდარი წარმოდგენა, რომ თუ ადამიანი უსამართლობის მსხვერპლია, მას შეუზღუდავად შეუძლია შურისძიება. სინამდვილეში, ისლამი არ ცნობს უსაზღვრო შურისძიებას — ყოველ მოქმედებას აქვს ზღვარი და საზომი. მორწმუნეს ევალება, სიმართლეს სიმშვიდითა და მოთმინებით მიუდგეს და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშსწორება დასაშვებია, ხშირად სწორედ პატიებაა ღვთის სიახლოვისკენ მიმავალი გზა.

ალლაჰი ამბობს: ჩვენ დავუწერეთ თორაში: "სული სულის წილ, თვალი თვალის წილ, ცხვირი ცხვირის წილ, ყური ყურის წილ, კბილი კბილის წილ; და ჭრილობები შურისძიებაა." მაგრამ ვინც მოთმინებას გამოიჩენს და პატიობს — ეს მისთვის ღვთისგან თავისი ცოდვების გამოსყიდვაა.  ხოლო ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა — სწორედ ის არის უსამართლო!  (მაიდე 5:45)


ფრაზა „თვალი — თვალის წილ“ არ უნდა გავიგოთ როგორც პირდაპირი მოწოდება სხეულის ნაწილის დაზიანებაზე. ეს გამონათქვამი სამართლის პრინციპზე მიგვანიშნებს — რომ სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილ დანაშაულს.   აიათში ნათქვამია „თვალი — თვალის წილ“, და არა „თვალი — ორი თვალის წილ“, რაც გვასწავლის, რომ შურისძიება უნდა იყოს სამართლიანი და არ უნდა გასცდეს ზღვარს. ვისაც გადაჭარბებული პასუხის გაცემა სურს, იგი თავადაც უსამართლობაში ვარდება — მისი სასჯელი შეიძლება იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველი დანაშაული.

სუფიან ას-საური (ალლაჰმა შეიწყალოს) ამბობდა: "თუ ვინმე მონეტას წაგართმევთ — თქვენ მხოლოდ მონეტა უნდა წაართვათ. თუ ვინმე რამეს წაგართმევს — მხოლოდ იმ ნივთის ტოლფასი უნდა დააბრუნებინოთ."  (თაფსირ ატ-ტაბარი, 14/406)

ალლაჰი ამბობს სხვა აიათში:    აკრძალული თვე, აკრძალული თვის წინაშე და ნაკრძალები სამაგიეროა. ვინც გემტერებათ თქვენც ისე უმტრეთ, როგორც ის გემტერებათ, და გეშინოდეთ ალლაჰისა. იცოდეთ, რომ ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა.  (ბაყარა 2:194)

ამ აიათში ალლაჰი ნებას რთავს სამართლებრივ ანგარიშსწორებას, თუმცა ამავდროულად გვაფრთხილებს — გვეშინოდეს მისი და არ გადავცდეთ სამართლიანობის ზღვარს. ადამიანმა შურისძიების წყურვილით შეიძლება ზღვარს გადააჭარბოს და თავადვე ჩაიდინოს უსამართლობა. სწორედ ამიტომ, ყოველი მოქმედება უნდა მოხდეს ღვთისმოშიშებით, ზომიერებითა და სუფთა განზრახვით.

ალ-ყურტუბი წერდა:

ვინც დაგჩაგრავთ — შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი უფლებები მის მიერ ჩადენილი ჩაგვრის ზომის შესაბამისად. ვინც შეურაცხყოფა მოგაყენათ — თქვენც შეგიძლიათ უპასუხო მისივე სიტყვების მსგავსად. ვინც თქვენს ღირსებას შეეხო — შეგიძლიათ ის უთხრათ, რაც მან თქვა თქვენს შესახებ. თუმცა არ გაქვთ უფლება, შეურაცხყოთ მისი მშობლები, შვილები ან ნათესავები. ასევე არ გაქვთ უფლება, თქვათ მის შესახებ ტყუილი, თუნდაც მან თავად მოიტყუოს — შენ არ გაქვს უფლება, საპასუხოდ თვითონაც ჩაიდინო ცოდვა ტყუილის თქმით.  (თაფსირ ყურტუბი 2:194)

და იბნ ალ-არაბი წერდა: "ნამდვილად, შენ არ გაქვს უფლება, რომ მის წინააღმდეგ ტყუილი ილაპარაკო — მაშინაც კი, თუ ის შენზე იტყუება. რადგან ერთ ცოდვას არ შეიძლება მოჰყვეს შემდგომი ცოდვა."  („აჰქამ ალ-ყურან“, ტ.1, გვ.159)

და იბნ ქასირი წერდა: ალლაჰმა ბრძანა, რომ სამართლიანობა დაცული უნდა იყოს წარმართების მიმართაც. მან ადამიანებს უბრძანა დაემორჩილონ მას და ეშინოდეთ მისი, რადგან ყოვლისშემძლე ალლაჰი მათთანაა, ვინც ღვთისმოშიშია. და სწორედ ალლაჰია ის, ვინც აძლიერებს მათ ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. (თაფსირ იბნ ქასირი 1/390)

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანაშაულზე პასუხისგება უნდა იყოს კანონიერი, პროპორციული და მიმართული მხოლოდ დამნაშავისკენ — და არა მისი ოჯახის, საგვარეულოს, ნათესავების ან თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ასეთი ანგარიშსწორება უნდა ეფუძნებოდეს კანონს და იყოს ალლაჰის მორჩილებით მოტივირებული, და არა ცოდვით აღძრული.  მოტყუება თავისთავად აკრძალულია, ამიტომ ტყუილი და ცილისწამება ვერაფრით ჩაითვლება პასუხისგების კანონიერ ფორმად — მაშინაც კი, თუ ადამიანი თავად არის დაზარალებული ან მსხვერპლი.

ამას მაგალითად მოვიყვანით ერთი ჰადისი:   აბუ ჰურაირა გადმოსცემს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „გაამართლე ნდობა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გენდო — და არ უღალატო მას, ვინც შენ გიღალატა.“  (თირმიზი, 1264)

იგივე პრინციპი ვრცელდება მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალებისა და ბავშვების დაზარალებაზეც. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაგმო მუშების, მსახურების, ბერების, ქალების, ბავშვების და საერთოდ, ყველა იმ ადამიანის მკვლელობა, ვინც ომში მტრულად არ არის განწყობილი.

აბდულლაჰი გადმოსცემს: ერთ-ერთი ბრძოლის დროს, რომელიც ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) დროს მოხდა, მოკლული ქალი იპოვეს. ამის შემდეგ მოციქულმა დაგმო ქალებისა და ბავშვების მოკვლა.  (ბუხარი, 3014)

მოციქულმა მუჰამმადმა უარი თქვა მოკლული წარმართების გვამების დასახიჩრებაზე, მაშინაც კი, როცა მისი საყვარელ ბიძა, ჰამზა, წარმართებმა სასტიკად დაასახიჩრეს. მან ეს დაიწუნა, რადგან დასახიჩრება შარიათით აკრძალულია და უკანონო ქმედებას წარმოადგენს, ხოლო მთავარ დამნაშავეს, ჰინდ ბინთ უტბას აპატიეს და საბოლოოდ ისლამიც მიიღო. 

უფრო მეტიც, ანგარიშსწორების საზღვრების დაცვა გულისხმობს ენის შეკავებას — მათ შორის, წყევლისგან, ცილისწამებისა და სხვა მსგავსი უსამართლობისგან.

აიშა გადმოსცემს, რომ ერთხელ მას მოსასხამი მოპარეს, რის გამოც ქურდს წყევლა დაუწყო. მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) უთხრა: „ნუ უმსუბუქებ მას!“  (აბუ დაუდი, 1497)

ას-სუბქი წერდა: რადგან წყევლა და ქურდობა განკითხვის დღეს აიწონება. თუ წყევლა ქურდობაზე მსუბუქია/ნაკლებია, ქურდის დანაშაული მცირდება და მსხვერპლს უფლებები აღუდგება. თუ ქურდობა წყევლაზე ნაკლებია, მაშინ ქურდს აღუდგება უფლებები იმისგან, ვინც ის დაწყევლა. 
(ალ-მანჰაჯ ალ აზიბ ალ-მავწურდ
8/161)

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: დაზარალებული ქურდს ისე ძლიერად და უსამართლოდ დაწყევლის, რომ იმ წყევლით ქურდზე უფრო მძიმე ცოდვას ჩაიდენს. შედეგად, განკითხვის დღეს თავად დაზარალებულს ექნება ვალი ქურდის მიმართ.


ამ გზით, შესაძლებელია, დაზარალებულები იმ ხალხზე უარესები გახდნენ, ვინც იქურდა. ასევე მმართველებიც, რომელთა დანაშაულების მასების თვალში დიდად ჩანს  და ხშირად სწორედ ეს აღძრავს მძაფრ რეაქციებს, რომლებიც შეიძლება უსამართლობაში გადავიდეს.


რიბაჰ იბნ უბაიდამ გადმოსცა: მე უმარ იბნ აბდულ აზიზთან ერთად ვიჯექი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი), როცა მმართველ ჰაჯაჯზე საუბარი დაიწყო. ამიტომ მე ის გავლანძღე და დავადანაშაულე. მაშინ უმარმა მითხრა: „დამშვიდდი, ო რიბაჰ! მე გავიგონე, რომ როცა ადამიანი უსამართლობით არის დაჩაგრული, ის აგრძელებს მჩაგვრელის ლანძღვას და დამცირებას, სანამ თავად არ დაკარგავს თავის უფლებას და უფრო დიდ ვალში არ აღმოჩნდება მჩაგვრელის წინაშე.“
(ზუჰდ ვალ რაყაიყ
667)

ავფი გადმოსცემს: მე შევედი იბნ სირინთან (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) და დავიწყე კამათი მმართველ ჰაჯაჯის ცოდვებზე. იბნ სირინმა მითხრა: "უეჭველად ალლაჰია მსაჯული. ის, როგორც ალ-ჰაჯაჯის წინააღმდეგ გამოიტანს განაჩენს, ასევე მის სასარგებლოდაც გამოიტანს განაჩენს. თუ ხვალ შეხვდები ალლაჰს, შენ მიერ ჩადენილი ყველაზე პატარა ცოდვაც კი უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ჰაჯაჯის მიერ შენს წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე დიდი ცოდვა."

ალ-ყუშაირი ამ გადმოცემას შემდეგ კომენტარს უკეთებს: „ნათქვამია, რომ აღდგომის დღეს ადამიანი მიიღებს თავისი საქმეების წიგნს, მაგრამ ვერ დაინახავს მასში ვერცერთ სიკეთეს. ის იკითხავს: სად არის ჩემი ლოცვები? სად არის ჩემი მარხვები? სად არის ჩემი მორჩილება? მას ეტყვიან: შენი ყველა საქმე დაიკარგა იმიტომ, რომ ცილს სწამებდი ხალხს.“  (ალ-რისალა ალ-ყუშაირი 1/291)

ალ-ჰაჯაჯ იბნ იუსუფი უმაიანების ეპოქის დაუნდობელი მმართველი იყო. თუმცა, უმარ იბნ აბდულ აზიზი და იბნ სირინი, ორივე თავიანთი ღვთისმოშიშობით გამოირჩეოდნენ და დიდ პატივს სცემდნენ მას. ისინი ხალხს აფრთხილებდნენ, რომ არ დაემცირებინათ და არ დაეწყევლათ ალ-ჰაჯაჯი, რადგან მასაც აქვს უფლებები. 
მართალია, ჩვენი ცოდვები, რამდენადაც მცირე არ უნდა იყოს, შეიძლება იმქვეყნად უფრო საზიანო აღმოჩნდეს ჩვენთვის, ვიდრე ის, რაც მჩაგვრელმა შეიძლება დაგვმართოს ამქვეყნად.    საბოლოოდ, ისლამში სამართლებრივი ანგარიშსწორება დასაშვებია, თუკი ის კანონიერია, ცოდვად არ ითვლება და პროპორციულია დანაშაულთან.

და ალლაჰმა უკეთ იცის