1. ჰადისი: ქალის ნების საწინააღმდეგოდ ქორწინება ბათილია
ხასნა ბინთ ხიზამისგან გადმოცემულია: ის ერთი ქორწინებიდან იყო გამოსული, როცა მამამ მეორედ გაათხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არ სურდა.
მან ეს ამბავი აცნობა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე), და მოციქულმა ქორწინება გააუქმა. (ან-ნასაი, 3268)
ეს ჰადისი მოწმობს, რომ ქალის ნებართვა აუცილებელია ქორწინებისას, და მისი ნების საწინააღმდეგოდ დადებული ქორწინება არასწორია და ბათილდება.
2. ჰადისი: უფლება აქვს თუ არა ქალს თქვას უარი
აიშა, მორწმუნეთა დედა, გადმოსცემს: მასთან მივიდა ერთი გოგონა და უთხრა: „მამაჩემმა თავის ძმისშვილზე დამაქორწინა, რათა საკუთარი სტატუსი აემაღლებინა, თუმცა მე გათხოვება არ მინდოდა.“ აიშამ უთხრა: „დაჯექი აქ, სანამ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) არ მოვა.“ როდესაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) მოვიდა, მე ვუამბე გოგონას ამბავი. მან გაგზავნა კაცი და გოგონას მამა დაიბარა. შემდეგ გოგონამ თქვა:„ო, ალლაჰის მოციქულო! მე ვეთანხმები მამაჩემის გადაწყვეტილებას, მაგრამ მინდოდა გამეგო — აქვთ თუ არა ქალებს სიტყვა ამ საკითხში.“ (ან-ნასაი, 3269)
როგორც ჰადისში ვხედავთ, გოგონამ დუმილი დაარღვია — რაც უარს ნიშნავს. შემდეგი ჰადისი სწორედ ამაზე მიგვითითებს.
3. ჰადისი: ქალის დუმილი — თანხმობა, უარყოფა — მკაფიო გადაწყვეტილებაა
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) თქვა: „ობოლ გოგონას გათხოვებაზე უნდა ჰკითხოთ (სურს თუ არა გათხოვება). თუ ის დუმს — ეს თანხმობად ითვლება, ხოლო თუ უარყოფს, მაშინ ნუ დააძალებთ.“ (ან-ნასაი, 3270)
4. ჰადისი: თანხმობა სავალდებულოა — ნათლად და პირდაპირ
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) თქვა: „განათხოვარი ქალი არ უნდა გაათხოვონ, სანამ მას არ ჰკითხავენ (სურს თუ არა გათხოვება), და ქალიშვილი არ უნდა გაათხოვონ მანამ, სანამ მის თანხმობას არ მიიღებენ. ხოლო მისი დუმილი — თანხმობად ითვლება.“
(ბუხარი, 5136)
5. ფიყჰის განმარტება: იბნ თაიმიას შეხედულება იძულებით ქორწინებაზე
შეიხულ ისლამ იბნ თაიმია (رحمه الله) ამბობს: რაც შეეხება ქალის დაქორწინებას მისი ნების წინააღმდეგ — ეს ეწინააღმდეგება შარიათის ფუნდამენტურ პრინციპებს და ჯანსაღ აზროვნებას. ალლაჰმა არ მისცა მეურვეს უფლება, აიძულოს ქალი იყიდოს ან იქირავოს სახლი, თუ მას არ უნდა; არ მისცა უფლება, აჭამოს ან ასვას ის, რაც მას არ სურს. მაშ, როგორ შეიძლება აიძულოს ის, რომ შევიდეს ინტიმურ კავშირში მამაკაცთან, რომელთანაც ასეთი კავშირი არ სურს? ან როგორ შეიძლება აიძულოს ცხოვრება კაცთან, ვისთან ერთადაც ცხოვრება არ უნდა? ალლაჰმა ქორწინებაში დაამკვიდრა სიყვარული და წყალობა. როგორ შეიძლება იყოს სიყვარული და წყალობა იქ, სადაც იძულებაა? (მაჯმუ’ ალ-ფათავა, ტ. 32, გვ. 25)