ჰასან ალ-ბასრი ამბობს: 'როცა ალლაჰი ხალხს სიკეთეს უბოძებს, მათგან მადლიერებას მოითხოვს. თუ მადლიერები იქნებიან — უფრო მეტს მიანიჭებს, თუ არა — მის წყალობას სასჯელად დაუბრუნებს.' (ალ-ბაიჰაყი, შუა’ბ ალ-იმან, 4536)
სინამდვილეში რა არის მადლიერება ალლაჰის მიმართ?
და ვფიცავ, ჩვენ მივეცით ლუყმანს სიბრძნე: რომ ალლაჰისთვის მადლობა აღევლინა! და ვინც მადლიერებას აღავლენს, მხოლოდ თავის სასიკეთოდ აკეთებს. იმიტომ, რომ ალლაჰი აიათის გაგრძელებაში ამბობს: და ვინც უმადური იქნება, იცოდეს, რომ ალლაჰი ყოვლადმდიდარი, ყოვლადქებულია! (სურა ლუყმან 31:12)
ალლაჰმა მას ასი წყალობა მისცა და ერთი ზარალი მოუვლინა. ის კი წუწუნებს და ამ ზარალზე ყველას უყვება, თითქოს დიდი უბედურება დაატყდა.
იმ ას წყალობაზე ერთხელაც არ უთქვამს „ალჰამდულილლაჰ“, მაგრამ ერთი ზარალი ისე ჩანს, რომ ყველა შემხვედრს უყვება.
სიკეთეს ვერ ამჩნევს, მხოლოდ ზარალს აჩენს.
ამ ერთი ზარალი მის თვალში ასი წყალობაზე დიდი ჩანს — და ამით ალლაჰის მიმართ უმადურობას ავლენს. ვინც ასე იქცევა, იცოდეს: 'ვინც უმადური იქნება, იცოდეს, რომ ალლაჰი ყოვლადმდიდარი, ყოვლადქებულია!' ეს სიტყვები ლუყმანის შესახებაა, როგორც გვამცნო ალლაჰმა ყურანში — გაკვეთილად და შესაგონებლად, რომ მადლიერები ვიყოთ იმ წყალობებისა, რაც ალლაჰმა გვიბოძა.
ალლაჰმა ლუყმანს სიბრძნე უბოძა, რომ მადლიერი ყოფილიყო. უმადურ ადამიანს ალლაჰის წინაშე ფასი არ აქვს. როდესაც ალლაჰი ყურანში ვიღაცას დადებითად ახსენებს, ეს ნიშნავს, რომ ის პიროვნება ღირსეულია ალლაჰის წინაშე. ამ ღირსეულ ადამიანთა ერთ-ერთი ძირითადი თვისება მადლიერებაა — მადლიერება ალლაჰის მიმართ.
ვიცით, რომ ლუყმანი მადლიერი იყო — მაგრამ როგორ გამოხატა ის მადლიერება? შეკითხვაც სწორედ ეს არის: განა იჯდა და მხოლოდ იმეორებდა „ალჰამდულილლაჰ, რომ ალლაჰმა სიბრძნე მომცა“, „ალჰამდულილლაჰ, რომ შვილი მომცა“, „ეს და ის მომცა“? — არა!
ლუყმანმა მადლიერება საქმით გამოხატა.
მადლიერება მხოლოდ სიტყვებით კი არა, საქციელითაც უნდა ვამტკიცოთ. ალლაჰის მიერ მასზე მიცემული წყალობა სხვებს გადასცა. იცოდეთ, რომ ალლაჰის მიმართ მადლიერების გამოხატვით მხოლოდ ენა არ მოძრაობს, ალლაჰის მიმართ მადლიერება ორგანოებით ვლინდება. ვისაც ალლაჰის მიმართ მადლიერების გამოხატვა უნდა ალლაჰის წინაშე ბევრ სეჯდეს შეასრულებს.
ვისაც სურს, ალლაჰის წყალობას მადლიერებით უპასუხოს — უნდა დახარჯოს ეს წყალობა ალლაჰის გზაზე. ვისაც მადლიერება მართლა უნდა, ის ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს. ალლაჰს ჩვენგან ასეთი მადლიერება სურს — საქციელით გამოხატული, არა მხოლოდ ენით ნათქვამი.
რადგან მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის. ალლაჰი ერთ-ერთ აიათში ბრძანებს: გამიხსენეთ და გაგიხსენებთ, იყავით ჩემდამი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი! (სურა ბაყარა 2:152)
რას გვეუბნება ეს აიათი? თუ ყურანი კარგად არ ვიცით ამ აიათის წაკითხვით მხოლოდ იმას გავიგებთ, რომ თითქოს
ეს აიათი გვასწავლის უბრალოდ მადლობის თქმას ალლაჰისთვის და ამით მორჩა. მაგრამ არა, ყურანში არის სხვა აიათებიც,
რომლებიც გვასწავლის სინადვილეში რა არის მადლიერების გამოხატვა ალლაჰის წინაშე.
მოციქულ მუჰამმადს(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როცა ალლაჰმა შეახსენა წყალობები მას უთხრა:
1. ჭეშმარიტად, შენ გიბოძეთ ქავსარი (მდინარე სამოთხეში).
ხოლო რა უნდა ამ წყალობისთვის ალლაჰს მისგან? საქმე უნდა, ესეიგი ამელი უნდა რაც მომდევო აიათში თქვა:
2. ილოცე შენი ღმერთისათვის და მას შესწირე (შესაწირი).
(სურა ქავსარ 108:1-2)
ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვთქვათ: „ღმერთო, ქავსარი მომეცი, და მადლიერი ვარ“ — და იქ დამთავრდეს.
თუ მადლიერება გინდა — მაშინ ყურბანი უნდა შესწირო.
თუ მადლიერება გინდა — მაშინ ნამაზი უნდა ილოცო.
მადლიერება სიტყვით კი არა, მორჩილებით და საქმით უნდა გამოხატო.
ალლაჰმა შუამავალს ასევე შეახსენა წყალობები რომელიც მას უბოძა:
განა ჩვენ არ გადავხსენით შენი გულმკერდი.(ინშირაჰ 94:1) ამ სურაში სხვადასხვა წყალობებიც არის ჩამოთვლილი რომელიც ალლაჰმა
მისცა შუამავალს და ამ სურის ბოლოში ალლაჰი ამბობს:
7. და როცა მოიცლი(მიწიერი საქმეებს მორჩები), გაისარჯე(ეთაყვანე ალლაჰს)
8. და შენი ღმერთისაკენ გაესწრაფე.
ალლაჰმა მარიამი გამოარჩია და ანგელოზებმა მას უთხრეს:
42. მარიამ! ჭეშმარიტად, ალლაჰმა შენ გამოგარჩია, განგწმინდა და გამოგარჩია სამყაროთა ქალებში. 43. მარიამ! მოკრძალებით დადექი შენი ღმერთის წინაშე, სეჯდე აღასრულე და წელში მოიხარე იმათთან ერთად, ვინც წელს იხრის. (სურა მარიამ 19:42-43)
მარიამს ალლაჰმა წყალობები უბოძა და ამის შემდეგ მას უთხრა: წელში მოიხარე იმათთან ერთად, ვინც წელს იხრის.
მოციქულ დავუდს (ალლაჰის სალამი მას) წყალობა მისცა ალლაჰმა და უთხრა მას:
იშრომე დავუდის ოჯახო მადლიერებით, და ცოტანი არიან ჩემს მსახურთაგან მადლიერნი. (სურა სებე 34:13)
ალ მუღირა გადმოსცემს, მოციქული მუჰამადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იდგა (ლოცვაზე) ან ლოცულობდა იქამდე ვიდრე ფეხები არ დაუსივდებოდა. მას ჰკითხეს რატომ ასრულებდა ამდენს და მან თქვა: არ უნდა ვიყო მადლიერი მსახური?
(ბუხარი1130)
მოციქულს ალლაჰმა ცოდვები აპატია და მადლიერების ნიშნად ლოცულობდა — ეს ნიშნავს, რომ მადლიერება მხოლოდ სიტყვებით არა, საქმითაც უნდა გამოვხატოთ. ამიტომ, ალლაჰის მიმართ მადლიერება ჩვენი საქმეა. რაც მეტად ვცხოვრობთ რელიგიურად, მით უფრო მადლიერები ვხდებით ალლაჰის წინაშე, და ეს არის ჩვენი სარგებელი — როგორც ამქვეყნად, ისე იმქვეყნად.
დიდება და ქება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს.