სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა.
ღიმილი, ლმობიერება და კარგი სიტყვა ის თვისებებია, რომლებიც მორწმუნის ქცევას ამშვენებს და ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს გულთბილობითა და სიყვარულით. ისლამში ყოველი კეთილი სიტყვა და კარგი დამოკიდებულება ფასდება როგორც მოწყალება. ალლაჰის სიტყვები, ასევე მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ცხოვრებისეული მაგალითები გვასწავლის, რამდენად ღირებულია უბრალო ღიმილი და თბილი სიტყვა როგორც რწმენის ნაწილი.
ალლაჰის სიტყვა:
და არ დაადგა შენი თვალები იმას, რა სიკეთეც ვუბოძეთ მათ წყვილწყვილად. და არ იდარდო მათზე. და გადააფარე შენი ფრთები მორწმუნეებს! (ჰიჯრი 15:88)
ასევე მისი სიტყვა:
ალლაჰისგან ბოძებულმა მოწყალებამ ლმობიერი გაგხადა მათ მიმართ. უხეში და ულმობელი გული რომ გქონოდა, შემოგეცლებოდნენ. აპატიე მათ, ითხოვე მათთვის მიტევება და დაეკითხე მათი საქმეების თაობაზე. და როცა რამე საქმეს გადაწყვეტ, ალლაჰს მიენდე, ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მინდობილები! (ალი იმრან 3:159)
ადი იბნ ჰათიმი გადმოსცემს: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაიცავით თქვენი თავები ცეცხლისგან, თუნდაც ნახევარი ფინიკით, და თუ ეს არ გაქვთ, მაშინ კარგი სიტყვა თქვით. (ბუხარი 6540)
აბუ ზარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უმნიშვნელოდ არ ჩათვალოთ არცერთი სიკეთე, თუნდაც შენს ძმაზე მომღიმარი სახით შეხვედრა. (მუსლიმი 2626)
ჯაბირ ბინ აბდულაჰი გადმოსცემს: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
„ყოველი კეთილი საქმე — მოწყალებაა. კეთილ საქმეთა შორის არის ისიც, რომ შენს ძმას მომღიმარი სახით შეეგებო, და ისიც, რომ შენი წყლის ჭურჭელში დარჩენილი წყალი შენი ძმის ჭურჭელში გადაასხა. (თირმიზი 1970)
ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს: მას შემდეგ, რაც ისლამი მივიღე, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) არასოდეს დაშორებულა ჩემგან. და არასოდეს მინახავს იგი ღიმილის გარეშე. (მუსლიმი 2475)
აბდულლაჰ იბნ ჰარისი გადმოსცემს: „მე არასოდეს მინახავს ვინმე ისე ხშირად მომღიმარი, როგორც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას).“ (თირმიზი, 3641)
ღიმილი — ეს უბრალო, მაგრამ უდიდესი ღირებულების მქონე ქმედებაა. იგი გულებს ხსნის და ადამიანებს აახლოებს. კარგი სიტყვა კი შესაძლოა იქცეს ცეცხლისგან თავშესაფარად იმ დიდ დღეს, როცა ყოველი საქმისთვის დაიკითხება ხალხი. მორწმუნემ უნდა იცოდეს: ალლაჰს უყვარს რბილი, ლმობიერი და მოსიყვარულე გული. ყოველი სიკეთე — თუნდაც ყველაზე მცირე ღმერთის წინაშე დაფასებულია.
და ალლაჰმა უკეთ იცის