22:30    2025-07-20   



მხოლოდ ყურანი საკმარისია ?


კითხვა: არის თუ არა მხოლოდ ყურანი საკმარისი ისლამის სწორად გაგებისთვის?

პასუხი:  ყოველი ქება და დიდება ეკუთვნის ალლაჰს. ალლაჰის ლოცვა და სალამი მის მოციქულს მუჰამმადს, მის ოჯახსა და ყველა მასზე მიმყოლ ჭეშმარიტ მორწმუნეს. ალლაჰმა დალოცოს ისინი, ვინც ჭეშმარიტ გზას ადგანან, და სწორ გზაზე დააბრუნოს გზააბნეულნი.

ისლამის სწორად გაგებისთვის მხოლოდ ყურანი საკმარისი არ არის. ამისთვის აუცილებელია სუნნა — მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სწავლება და ქმედებები — და მისი სწორი განმარტებაც.

არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ყურანი კმარა და ჰადისებს უარყოფენ. თუმცა, პრაქტიკაში თვითონაც ხშირად ეფუძნებიან წყაროებს, რომლებიც მხოლოდ სუნნეთშია მოცემული და არა ყურანში.

....დადექით ლოცვად და გაეცით მოწყალება... (ნისა 4:77)

ვთანხმდებით, რომ ლოცვა სავალდებულოა, მაგრამ როდესაც ვდგებით ლოცვაზე — რა ქმედებებს და წესებს უნდა მივყვეთ?

თუ ჰკითხავ მათ: სად წერია ყურანში, რომ ლოცვის დროს დგომისას პირველ რიგში ფაათიჰას სურა უნდა წავიკითხოთ? — ისინი გიპასუხებენ: 'ეს არ ეწინააღმდეგება ყურანს.'  მაშინ შეეკითხე მათ: "რატომ მაინცდამაინც ფაათიჰას სურა და არა, მაგალითად, იხლასის სურა?" ჰკითხე: "იხლასის სურით ლოცვის დაწყება ყურანს ეწინააღმდეგება?"  დაინახავ, რომ მათ ამ კითხვაზე ნათელი და მყარი პასუხი არ აქვთ. თუ გეტყვიან, რომ იხლასის სურით დაწყება ყურანს ეწინააღმდეგება — ჰკითხე: "სად არის ამის არგუმენტი ყურანში? თუ კი გიპასუხებენ, რომ არ ეწინააღმდეგება — მაშინ ისევ შეახსენე: მაშინ რატომ მაინცდამაინც ფაათიჰა? ასე აშკარა გახდება, რომ მათი არგუმენტები წინააღმდეგობრივია და არ ეყრდნობა არც ყურანს და არც მტკიცე წყაროს. ეს ყველაფერი კი ნათლად ცხადყოფს, რომ ყურანის სწორი გაგება სუნნას გარეშე შეუძლებელია.
 

როდესაც ისინი ლოცვაზე დგებიან, ლოცვას იწყებენ სიტყვებით „ალლაჰუ აქბარ“ (ანუ: „ღმერთი უდიდესია“). ჰკითხე მათ: "სად წერია ყურანში, რომ ლოცვა სწორედ ამ სიტყვით უნდა დაიწყოს? თუ გიპასუხებენ, რომ ეს არ ეწინააღმდეგება ყურანს, მაშინ შეეკითხე: "და თუ ამის ნაცვლად ვიტყვი 'სუბჰან ალლაჰ' (ღმერთი ყოვლადწმიდაა), ეს ეწინააღმდეგება ყურანს? დაინახავ, რომ მათ ვერ ექნებათ მკაფიო არგუმენტი. თუ გიპასუხებენ, რომ „სუბჰან ალლაჰ“-ით დაწყება ეწინააღმდეგება, ჰკითხე: "სად წერია ეს ყურანში? თუ გეტყვიან, რომ არ ეწინააღმდეგება, მაშინ ჰკითხე: "მაშინ რატომ მაინცდამაინც 'ალლაჰუ აქბარ'? ასე გამოჩნდება, რომ მათი არგუმენტები ერთგვაროვანიც არ არის და არც რეალურ საფუძველზეა დაფუძნებული. ისინი ამბობენ, რომ „მხოლოდ ყურანი კმარა“, მაგრამ მათი პრაქტიკა მაინც ეფუძნება სუნნას — მოციქულ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვებსა და ქმედებებს. ეს აშკარად ორმაგი სტანდარტია: სიტყვით სუნნას უარყოფენ, მაგრამ საქმით მაინც მას მიჰყვებიან.

ასევე ჰკითხე: როდესაც ალლაჰი ამბობს: და დადექით ლოცვად, გაეცით მოწყალება(ზექათი) და წელში მოიხარეთ წელმოხრილებთან ერთად. (ბაყარა 2:42)

წელში მოხრის დროს რა უნდა ითქვას? თუ გეტყვიან, სუბჰანა რაბბი ალ-'აზიმ (ჩემი ღმერთი უზენაესია) მაშინ ჰკითხე, სად არის ამის არგუმენტი ყურანში? ამის არგუმენტს ვერ მოგცემენ, და თუ თქვეს რომ არ ეწინააღმდეგება, მაშინ ჰკითხე იგივე კითხვები რაც ზემოთ იყო.... გადავიდეთ სხვა საკითხზე ალლაჰი ამბობს:

 


أَلَمْ نَخْلُقكُّم مِّن مَّآءٍ مَّهِينٍ

 



განა არ გაგაჩინეთ თქვენ, უმნიშვნელო სითხისაგან? (მურსალათ 77:20)
 

ყურანში გამოყენებულია სიტყვა مَّاءٍ (მმაა’ი) — რაც არაბულ ენაში წყალს ნიშნავს. თუმცა, აიათის კონტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ საუბარია იმაზე, თუ ადამიანის სხეული რისგან იქმნება. თუ თქვენ ამტკიცებთ, რომ მხოლოდ ყურანი საკმარისია და განმარტება არ სჭირდება — მაშინ თავს აიძულებთ ირწმუნოთ, რომ ადამიანი უბრალო წყლისგან იქმნება და არა სპერმისგან. მაშინ გკითხავთ: თქვენგან საღად მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რომ ადამიანი საშვილოსნოში უბრალო წყლის მოხვედრით ყალიბდება? თუ კი იტყვით, რომ ადამიანი სპერმისგან იქმნება, მაშინ აღიარებთ, რომ ყურანის სიტყვა მაა'ი ამ შემთხვევაში მეტაფორულად გამოიყენება და გულისხმობს სპერმას — რაც უკვე განმარტებაა, და არა ტექსტის სიტყვა-სიტყვითი მიღება. მაშინ თქვენი საკუთარი ლოგიკით — ან უნდა უარყოთ კონტექსტი და თქვათ, რომ ადამიანი უბრალო წყლისგან იქმნება (რაც აშკარად არასწორია), ან აღიაროთ, რომ სუნნასა და განმარტებებს საჭიროებთ ყურანის სწორად გასაგებად. აქედან ცხადი ხდება, რომ ყურანი განმარტების გარეშე საკმარისი არ არის. კონტექსტის გააზრება და მისადაგება იმ აზრთან, რაც მოცემულია ჰადისებსა და სუნნაში — აუცილებელია ჭეშმარიტების დასადგენად.

თუ ამბობთ, რომ „ყურანი საკმარისია“, მაშინ მრავალი კითხვა ჩნდება:

როგორ გავიგოთ, როგორია ლოცვა?
როდის უნდა გადავიხადოთ ზექათი და რა რაოდენობით?
როგორ ვიმარხულოთ სწორად?
როგორ შევასრულოთ ჰაჯი?
რისგან შეიქმნა ადამიანი — წყლისგან, სპერმისგან თუ სხვა რამისგან?

ყურანში ამ თემებზე ზოგადი მითითებები ნამდვილად არის, მაგრამ კონკრეტული წესები და დეტალები სუნნაშია განმარტებული.

თქვენ თუ უარყოფთ სუნნას, მაშინ პასუხი არ გექნებათ ამ შეკითხვებზე — ან თვითნებურად შეეცდებით ახსნას, რაც უკვე თქვენსავე პრინციპს ეწინააღმდეგება.

ამრიგად, ნათელია, რომ ყურანი სუნნას გარეშე სრულად ვერ გაიგება.
ის, ვინც ამბობს „მხოლოდ ყურანი მეყოფა“, პრაქტიკაში მაინც იყენებს სუნნას — პირდაპირ ან ირიბად — რაც ორმაგი სტანდარტია.

შემდეგი საკითხი არის მენსტრუალური ციკლის დროს შეიძლება თუ არა ქალმა ილოცოს და მარხვა დაიცვას? მათ მოჰყავთ აიათი:

ისინი გეკითხებიან დედათა წესის (მენსტრუაცია) შესახებ. უთხარი: ეს მტკივნეულია. განერიდეთ ქალებს დედათა წესის დროს და არ გაეკაროთ მათ, სანამ არ განიწმინდებიან. და როცა განიწმინდებიან, მიდით მათთან ისე, როგორც ეს ალლაჰმა დაგიწესათ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილები! (ბაყარა 2:222)

ზოგი ამტკიცებს, რომ მენსტრუაციის მდგომარეობაში აკრძალულია მხოლოდ ინტიმური კავშირი, ხოლო ლოცვა და მარხვა ნებადართულია. მათ არგუმენტად ის აიათი მოჰყავთ, სადაც ალლაჰი კრძალავს ინტიმურ კავშირს ქალთან მის განწმენდამდე და ამბობენ: „აკრძალვა მხოლოდ კავშირს ეხება, თაყვანისცემას — არა.“

დიახ, ნამდვილად აკრძალულია ინტიმური კავშირი მენსტრუაციის პერიოდში, რადგან ქალი ამ დროს შარიათულად ითვლება უწმინდურად და განწმენდა აუცილებელია.

მაგრამ წარმოვიდგინოთ:  თუ ქალი ამ მდგომარეობაში იმდენად უწმინდურად ითვლება, რომ მასთან კავშირიც კი აკრძალულია, როგორ შეიძლება ამავე მდგომარეობაში ის სალოცავად დადგეს და ალლაჰს თაყვანი სცეს?   ალლაჰისთვის თაყვანისცემა — განსაკუთრებით ლოცვა — უმაღლესი სახეობაა მორჩილებისა და სიწმინდის გამოხატვის, და ის აუცილებლად მოითხოვს ტაჰარათს (განწმენდას).

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა წამოდგებით სალოცავად, დაიბანეთ სახეები და ხელები იდაყვებამდე, თავზე სველი ხელი გადაისვით და დაიბანეთ ფეხები კოჭების ჩათვლით. და თუ იქნებით ჯუნუბი (ინტიმური კავშირის შემდეგ), განიბანეთ. თუ ავად ხართ ან გზაში იმყოფებით, ან საპირფარეშოდან გამოხვედით, ამ ცოლებთან კონტაქტში იყავით და წყალი ვერ ნახოთ, აიღეთ სუფთა ქვიშა, ან მშრალი სუფთა მიწა და გაისვით სახეზე და ხელებზე (თეიმუმი). ალლაჰს არ სურს სირთულე თქვენთვის, მაგრამ სურს, რომ განგწმინდოთ და მოგივლინოთ წყალობა, რომ იყოთ მადლიერნი.  (მაიდე 5:6)
 

სუნნეთის მიხედვით, როდესაც ქალი მენსტრუაციის პერიოდში იმყოფება, ის იმყოფება ჯუნუბობის მდგომარეობაში — იგივე მდგომარეობაში, რაც ინტიმური კავშირის შემდეგ. და როგორც ინტიმური კავშირის შემდგომ, მასაც სჭირდება განბანა (ღუსლი) ციკლის დასრულებისას. ეს არის საკითხის სწორი და სრულყოფილი გაგება, რომელიც ემყარება სუნნას და ალლაჰის მოციქული მუჰამმადის ﷺ პრაქტიკას. თუმცა, ზოგიერთი ამბობს, რომ მენსტრუაციის დროს აკრძალულია მხოლოდ ინტიმური კავშირი, მაგრამ ლოცვა და მარხვა ნებადართულია.   ამგვარი აზრი როგორც ისლამის ძირითადი წყაროებს — ყურანსა და სუნნას ეწინააღმდეგება, ისე ლოგიკასაც.  რადგან თუ ქალი ამ პერიოდში არის ბინძური, ანუ განუბანელი, როგორც ისინი ამტკიცებენ, მაშინ როგორ შეიძლება მას ალლაჰისთვის თაყვანისცემა და ლოცვა დაევალოს? ამაში ჩანს მათი მრწამსის ლოგიკური წინააღმდეგობა და შარიათის ნორმების უგულებელყოფა.  

ყურანი ამბობს: 

 „და ნუ მიუახლოვდებით მათ, სანამ არ განიწმინდებიან...“ (ბაყარა2:222)

ეს აიათი არ შეზღუდულია მხოლოდ ინტიმურ კავშირზე — ეს არის საერთო პრინციპი, რომელიც მოითხოვს სულიერ და ფიზიკურ განწმენდილობას ალლაჰთან სიახლოვისთვის.  მაშ, თუ თაყვანისცემა ნიშნავს ალლაჰთან სიახლოვეს, და ეს შესაძლებელია მხოლოდ სუფთა მდგომარეობაში, მაშინ მენსტრუაციის დროს ლოცვა და თაყვანისცემა შეუთავსებელია.  ეს მტკიცებულებები გვაფიქრებს, რომ მხოლოდ ყურანის ფუნდამენტურ გაგებასაც კი სჭირდება სუნნა და განმარტებები, რათა თავიდან ავიცილოთ მცდარი და გაუგებარი სწავლებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამის ჭეშმარიტ სულსა და პრინციპებს.

ალლაჰის სიტყვა:


إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلتَّوَّ‌ٰبِينَ وَيُحِبُّ ٱلْمُتَطَهِّرِينَ

 



ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილები! (ბაყარა 2:222)

თუ თქვენ ჰადისის არ გჯერათ, ყურანის ამ სიტყვის მაინც დაიჯერეთ, რომ აიათში წერია 
ٱلْمُتَطَهِّرِينَ მუთატაჰჰირინ (განწმენდილი) და თუ არაბული იცით (ან თუ არ იცით ჰკითხეთ მცოდნეს) უნდა იცოდეთ რას ნიშნავს სიტყვა ტაჰარა. ტაჰარა ნიშნავს სიბინძურისგან განწმენდას და განწმენდის შემდეგ თაყვანისცემის შესრულება. 5:6 აბდესის ახსნის შემდეგ წერია სიტყვა لِيُطَهِّرَكُمْ ლიუტაჰირაქუმ (განგწმინდოთ).

აი სწორედ ეს არის ამ საკითხის სწორი გაგება რომლის მიხედვითაც ვამტკიცებთ, რომ ციკლის დროს ქალს ეკრძალება თაყვანისცემის აქტების შესრულება.

თუ იტყვით, რომ ამ აიათში საუბარია არა ფიზიკურ, არამედ სულიერ განწმენდაზე, მაშინ ცდებით, რადგან სიტყვა „ტაჰარა“ (طهارة) თავისი მნიშვნელობით გულისხმობს სხეულის, ტანსაცმლის და გარემოს სიბინძურისგან გასუფთავებას — ანუ ფიზიკურ განწმენდას. სულიერი განწმენდისთვის ყურანში გამოყენებულია სხვა სიტყვა, რომელიც სხვა კონტექსტში გვხვდება, მაგალითად:  يُزَكِّيهِمْ    (იუზაქქიჰიმ) განწმენდს მათ (ბაყარა 2:174)
 

ახლა კი გადავიდეთ სიტყვა „ზექათზე სიტყვა „ზექათი“ ყურანში მრავალი ადგილას არის ნახსენები, როგორც მედინურ, ასევე მექურ სურეებში. თუ თქვენ თუნდაც ელემენტარულ დონეზე იცნობთ ისლამის ისტორიას და სწავლებას, გთხოვთ გვიპასუხოთ შემდეგ კითხვაზე:

როდის გახდა ქონებიდან ზექათის გადახდა სავალდებულო ? თუ იტყვით, რომ ეს მოხდა ჰიჯრის შემდეგ, მედინის პერიოდშიო — ეს პასუხი სწორია.  მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა:   რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას „ზექათი“ მექურ სურეებში?   თუ იტყვით, რომ მაშინაც ზექათი სავალდებულო იყო, ეს პასუხი არასწორი იქნება. და დამერწმუნეთ, თქვენ ვერ მოიტანთ სრულ და მყარს ახსნას, თუ რატომ არის „ზექათი“ ნახსენები მექურ სურეებში და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიტყვას იმ დროს.

საკითხის უკეთ გასაგებად, თუ რატომ მოიხსენიება სიტყვა „ზექათი“ მექურ სურეებში, აუცილებელია ყურანის განმარტებებში ჩახედვა, განსაკუთრებით იბნი ქასირის თაფსირში (განმრტება). თუ ამას გააკეთებთ, ამით თქვენივე სიტყვებს და არგუმენტებს შეეწინააღმდეგებით. ხოლო თუ ვერ ჩაიხედავთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უბრალოდ გაგიჭირდებათ.   ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი მრავალ სხვა საკითხიდან, სადაც ხშირად გაიჭედებით და ვერ შეძლებთ სრული სიმართლე დაინახოთ.

ამიტომ ჩემი რჩევაა:   იკითხეთ ყურანი და მოუსმინეთ მის საუკეთესო განმარტებას და მასწავლებელს — სუნნას.

და ალლაჰმა უკეთ იცის.