ყოველი მორწმუნის გზაზე არის მომენტები, როდესაც იგი აცნობიერებს თავის შეცდომებსა და ცოდვებს. ისლამი კი იმ რწმენას გვასწავლის, რომ ალლაჰის წინაშე მონანიების კარი ყოველთვის ღიაა, და რომ მისი მოწყალება უხვია იმათთვის, ვინც გულწრფელად მოინანიებს. მონანიება არ არის მხოლოდ სიტყვიერი აღიარება, ეს არის გულითადი დაბრუნება უზენაესი ალლაჰისკენ — სინანულით, სიმტკიცითა და კეთილშობილური განზრახვით, რომ აღარ განმეორდეს ჩადენილი.
სწორედ ამ თემას ეძღვნება შემდეგი რჩეული სიტყვები ყურანიდან, სუნნადან და სწავლულთა სიტყვებიც რომლებიც ნათლად გვიჩვენებენ, თუ რამდენად ფასეულია მონანიება ალლაჰის წინაშე.
იმამ ნავავი წერს: სწავლულები ერთხმად აცხადებენ, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია მოინანიოს ყველა თავისი ცოდვა. თუ ცოდვა დაკავშირებულია მხოლოდ ალლაჰსა და მის მსახურს შორის, მაშინ მონანიებას სამი ძირითადი პირობა აქვს:
1. ცოდვის მიტოვეა;
2. გულწრფელი სინანული ჩადენილი საქციელის გამო;
3. მტკიცე გადაწყვეტილება, რომ მომავალში აღარ ჩაიდინოს იგივე ცოდვა.
თუ რომელიმე ამ პირობათაგან არ არის შესრულებული, მონანიება სრულყოფილად არ ითვლება.
(რიად ას-სალიჰინ, 1/14)
ალლაჰი ამბობს:
... მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, რათა ეგების ნეტარ იქმნეთ. (ნურ 24:31)
და ასევე მისი სიტყვა:
და თუ მიტევებას სთხოვთ თქვენს ღმერთს და მოინანიებთ მის წინაშე, მოგცემთ თქვენ ცხოვრების კეთილ საზრდოს განსაზღვრულ ჟამამდე, და მისცემს ყველა კეთილშობილს თავის წყალობას; ხოლო თუ პირს იბრუნებთ, მე მეშინია თქვენ გამო დიდი დღის სასჯელისა. (ჰუდ 11:3)
ალ-აღარ ალ-მუზანიმ, რომელიც შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბეთაგანი იყო, გადმოსცა, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო ხალხო! პატიება სთხოვეთ ალლაჰს, მე ალლაჰს პატიებას დღეში სამოცდაათჯერ ვთხოვ (მუსლიმი 2702)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უზენაესი ალლაჰი ამბობს: 'მე ახლოს ვარ ჩემს მსახურთან როცა ჩემზე ფიქრობს და ასევე მასთან ვარ როცა მახსენებს' ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ლლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ვფიცავარ ალლაჰს, ალლაჰს იმაზე მეტად უყვარს მისი მსახურის მონანიება, ვიდრე თქვენ გიხარიათ დაკარგული აქლემის პოვნა უწყლო უდაბნოში. (ალლაჰი ამბობს) როდესაც ის მომიახლოვდება ერთი მტკაველით, მე მას მივუახლოვდები ერთი წყრთის სიგრძით და როცა ის მომიახლოვდება ერთი წყრთის სიგრძით, მე მივუახლოვდები ერთი ფათომის (გაშლილი ხელების სიგრძე) სიგრძით, და თუ ის ჩემსკენ წამოვა, მე მისკენ გავიქცევი. (მუსლიმი 2675)
მუავია გადმოსცემს, რომ გაიგონა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: "არ შეწყდება ჰიჯრა მანამ, სანამ მიიღება მონანიება და არ შეწყდება მონანიების მიღება მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან! (აბუ დავუდ 2479)
აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი მიიღებს ადამიანის მონანიებას ვიდრე სიკვდილი უწევს. (იბნ მაჯა 4253)
უყბა ბინ ამირი გადმოსცემს: ერთი კაცი მოვიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და თქვა: ალლაჰის შუამვალო! ერთ-ერთმა ჩვენგანმა ცოდვა ჩაიდინა. შუამავალმა თქვა:
ის დაიწერება მის წინააღმდეგ. კაცმა ისევ თქვა: შემდეგ მან პატიება ითხოვა და მოინანია. შუამავალმა უთხრა:
მას ეპატიება და მისი მონანიება მიღებულ იქნა. კაცმა ისევ თქვა: შემდეგ მან ისევ ცოდვა ჩაიდინა. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა:
ის დაიწერება მის წინააღმდეგ. მაგრამ კაცმა ისევ თქვა, რომ მან ითხოვა პატიება და მოინანია. შუამავალმა თქვა:
მას ეპატიება და მისი მონანიება მიღებულ იქნა. ალლაჰი არ დაიღლება პატიებით სანამ თქვენ არ დაიღლებით თხოვნით. (ალ-მუ'ჯამ ალ-ავსატ 8918)
სუფიან ას-საური გადმოსცემს: ჰასან ალ-ბასრის უთხრეს კაცის შესახებ, რომელიც სჩადის ცოდვას და შემდეგ ინანიებს, სჩადის ცოდვებს და კიდევ სამჯერ ინანიებს. ამაზე ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ესენი მორწმუნის მანერებია. (ალ-ვაჯიზ ფი ზიქრ ალ-მაჯაზ 17)
მონანიება არ ნიშნავს სრულყოფილებას — ის გულწრფელობის დასტურია. უზენაეს ალლაჰს უყვარს მომნანიე მსახური. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვამცნობს, რომ ალლაჰს მომნანიე უფრო ახარებს, ვიდრე ადამიანს რომელმაც უდაბნოში დაკარგული აქლემი იპოვა. ეს არის იმედი მათთვის, ვინც შეცდომების სიმძიმით დაღლილია. გზა ყოველთვის არსებობს — გზა დაბრუნებისა, გზა პატიებისა. ალლაჰის წინაშე მონანიების კარი მუდამ ღიაა მათთვის, ვინც გულით ნანობს და მასთან დაბრუნებას მოისურვებს. საკმარისია მხოლოდ გულწრფელად გადადგა პირველი ნაბიჯი — თავმდაბლობით, სინანულით და მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ დაბრუნდე მის გზაზე.