თავჰიდი არაბული სიტყვაა და ნიშნავს „გაერთიანებას“ ან „ერთობის დადასტურებას“. როცა ვლაპარაკობთ თავჰიდზე, ვგულისხმობთ რწმენას, რომ მხოლოდ ალლაჰი იმსახურებს თაყვანისცემას. ეს ნიშნავს, რომ თაყვანისცემის ყველა ფორმა და რელიგიური საქმეები მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს უნდა მივუძღვნათ.
თავჰიდი არის ისლამის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი — რელიგიის საძირკველი და მისი უმთავრესი ბურჯი. ისლამი სწორედ თავჰიდზეა დაფუძნებული.
თავჰიდის დამოწმების სიტყვებია: „ლა ილაჰა ილლა ლლაჰ“, რაც ნიშნავს: „არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა“.
არაბულ ენაში სიტყვა „ალლაჰი“ აღნიშნავს სამყაროთა შემოქმედს, გამჩენს, გამგებელსა და მმართველს, ხოლო სიტყვა „ილაჰა“ ნიშნავს სათაყვანებელს — იმას, ვისაც თაყვანს სცემენ.
მაგალითად, თუ ადამიანი ემორჩილება წინამძღოლს ისეთ საკითხებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ალლაჰის ბრძანებებს — განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც რელიგიის საფუძველს ეხება — ის ამით არღვევს თავჰიდს და ფაქტობრივად წინამძღოლი მისი „ილაჰა“ (სათაყვანო) ხდება.
ჭეშმარიტი ილაჰა კი მხოლოდ უზენაესი ალლაჰია — ის, ვინც ყველაფერი არაფრისგან გააჩინა. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები „ლა ილაჰა ილლა ლლაჰ“ — „არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა“.
უზენაესმა ალლაჰმა როცა თავის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უბრძანა, ასე უთხრა“
فَأَقِمْ وَجْهَكَ لِلدِّينِ حَنِيفًۭا ۚ فِطْرَتَ ٱللَّهِ ٱلَّتِى فَطَرَ ٱلنَّاسَ عَلَيْهَا ۚ لَا تَبْدِيلَ لِخَلْقِ ٱللَّهِ
მოაბრუნე შენი სახე ჰანიფი (ერთმორწმუნე) სარწმუნოებისკენ, ასეთია თანდაყოლილი თვისება, რომელიც ალლაჰმა ადამიანს თანდააყოლა. ღმერთის გაჩენილს შეცვლა არ უწერია.
(რუმ 30:30)
ჰანიფი რას ნიშნავს?
ჰანიფი არის შირქის მიმტოვებელი, შირქისგან განრიდებული მუსლიმი ადამიანი. ეს ყველაფერი ადამიანის ფითრათში (ბუნებაში/თანდაყოლილ თვისებაში) დევს. შემდეგ გრძელდება აიათი:
ذَٰلِكَ ٱلدِّينُ ٱلْقَيِّمُ
ეს არის ჭეშმარიტი რელიგია,
وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعْلَمُونَ
მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის!
(რუმ 30:30)
قُلْ إِنَّ صَلَاتِى وَنُسُكِى وَمَحْيَاىَ وَمَمَاتِى لِلَّهِ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ
უთხარი: ჭეშმარიტად, ჩემი ლოცვა, ჩემი შესაწირი, ჩემი სიცოცხლე და ჩემი სიკვდილი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა.
لَا شَرِيكَ لَهُۥ ۖ وَبِذَٰلِكَ أُمِرْتُ وَأَنَا۠ أَوَّلُ ٱلْمُسْلِمِينَ
არ ჰყავს მას თანაზიარი. მე ეს მებრძანა, და მე ვარ პირველი მუსლიმთაგანი. (ან'ამ 6:162)
აი ეს არის თავჰიდი — ადამიანის ცხოვრების მიძღვნა ალლაჰისთვის.
ლოცვა, მარხვა, საუბარი, ფიქრები, სიცოცხლე და სიკვდილი — ყველაფერი სამყაროთა ღმერთს, ალლაჰს უნდა მიეძღვნას. ანუ, ამ ყველაფრის მიძღვნა მხოლოდ ალლაჰისა და მისი რელიგიისთვის — ეს არის თავჰიდი.
თუ თავჰიდი არ არსებობს, მაშინ ალლაჰის წინაშე შესრულებულ არც ერთ საქმეს არ ექნება მნიშვნელობა.
თუ ადამიანი ალლაჰს ეთაყვანება, მაგრამ არ იცის თავჰიდი — და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ეს ასწავლოთ, მაგრამ ამას არ აკეთებთ — ამით დიდ უსამართლობას ჩადიხართ.
მონოთეიზმი, ანუ თავჰიდი — ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ალლაჰისადმი თაყვანისცემას გულით, სიტყვითა და ქმედებით. პოლითეიზმი, ანუ შირქი — ნიშნავს ალლაჰისთვის თანაზიარის დადგენას თაყვანისცემაში, სიტყვით ან საქმით.
იბნ ყაიმი წერდა:
كل آية في القرآن فهي متضمنة للتوحيد
ყურანში, ყველა აიათი მოიცავს თავჰიდს. (მადარიჯი სალიქინ 3:350)
და ეს მართლაც ასეა — ამას ადასტურებს მრავალი მტკიცებულება, რომელსაც ყურანიდან მოვიყვანთ.
قُلْ إِنِّىٓ أُمِرْتُ أَنْ أَعْبُدَ ٱللَّهَ مُخْلِصًۭا لَّهُ ٱلدِّينَ
უთხარი: მე მებრძანა, ვეთაყვანო ალლაჰს გულწრფელად, მხოლოდ მისადმი ხალასი რწმენით. (ზუმარ 39:11)
არაბულად წერია „მუხლისან“ — რას ნიშნავს მუხლისი? პირველ რიგში, გავარკვიოთ, რას ნიშნავს სიტყვა იხლასი. იხლასი ნიშნავს გულწრფელობას, რომელიც გამორიცხავს შირქს.
იხლასის მსგავსი სიტყვა ქართულ ენაშიც არსებობს — ეს არის ხალასი, რაც ნიშნავს ნამდვილს და სუფთას. ე.ი. იხლასი არის ალლაჰის თაყვანისცემა შირქის გარეშე, ხოლო მუხლისი — ის ადამიანია, რომელიც თაყვანს სცემს ალლაჰს გულწრფელად და არ ეთაყვანება მასთან ერთად არავის. ალლაჰი ყურანში ამბობს:
وَمَآ أُمِرُوٓا۟ إِلَّا لِيَعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ ٱلدِّينَ حُنَفَآءَ وَيُقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَيُؤْتُوا۟ ٱلزَّكَوٰةَ ۚ وَذَٰلِكَ دِينُ ٱلْقَيِّمَةِ
მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს, დამდგარიყვნენ ლოცვად და გაეღოთ მოწყალება - და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. (სურა ბეიინე 98:5)
არაბულში სიტყვა მუხლისი წერია და ქართულად ითარგმნება როგორც გულწრფელად თაყვანისცემა.
قُلِ ٱللَّهَ أَعْبُدُ مُخْلِصًۭا لَّهُۥ دِينِى
უთხარი: მე ალლაჰს ვეთაყვანები მისადმი ხალასი რწმენით. (ზუმერ 39:14)
ე.ი. სუფთა და ნამდვილი თაყვანისცემა — ნიშნავს თაყვანისცემას შირქის გარეშე. შირქი აბინძურებს ღმერთისადმი მიძღვნილ თაყვანისცემას, და შეუძლებელია იგი იყოს გულწრფელი და სუფთა. თაყვანისცემა, რომელშიც შირქი არის გარეული, ალლაჰის მიერ არ მიიღება. პირველ აიათში ალლაჰმა თქვა, რომ სუფთა — შირქისგან თავისუფალი — თაყვანისცემა წარმოადგენს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და სწორედ ეს არის მიღებული რწმენა ალლაჰისთვის. მაშ ასე, ჭეშმარიტი თაყვანისცემა იმთავითვე გულისხმობს მხოლოდ ალლაჰისადმი მიძღვნილ, ყოველგვარი თანაზიარისგან დაცლილ თაყვანისცემას.
თავჰიდის მტკიცებულებები ყურანიდან: ალლაჰი არის გამჩენი.
უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან? ან ვინ ფლობს სმენასა და თვალთახედვას?! ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისაგან და ვის გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისაგან?! ვინ განაგებს საქმეებს?! იტყვიან: ალლაჰიო. და უთხარი: განა არ გეშინიათ?! (იუნუს 10:31)
ჩვენი შექმნის მიზანი — თაყვანისცემა
არ შემიქმნია ჯინნი და კაცნი არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ თაყვანი მცენ! არ მინდა მათგან სარჩო და არც ის, რომ დამაპურონ. ალლაჰია სარჩოს მომცემი და ძლევამოსილი. (ზარიათ 51:56-58)
თაყვანისცემა და ლოცვა — ალლაჰის ბრძანება
ჭეშმარიტად მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება, ჩემს გარდა . თაყვანი მეცი და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად! (ტაჰა 20: 14)
ყველაზე სწორი გზა არის ისლამის გზა — რწმენისა და თავჰიდის გზა.
ვისაც ისლამის გარდა სხვა გზით მოუწევს სვლა, ის მუსლიმი არ არის, და თუ ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებაზე მოკვდება, იქნება საიქიოში წაგებულთა შორის. ისლამური სარწმუნოება არის თავჰიდისა და ჰანიფობის რელიგია.
إِنَّ ٱلدِّينَ عِندَ ٱللَّهِ ٱلْإِسْلَـٰمُ
ჭეშმარიტად, სარწმუნოება ალლაჰის წინაშე ისლამია.. (ალი იმრან 3:19)
ალლაჰმა გვამცნო, რომ არ მიიღებს არცერთ სხვა რელიგიას ისლამის გარდა. ისლამი კი — როგორც ავხსენით — არის ერთადერთი ღმერთისადმი თაყვანისცემა შირქის გარეშე. ვისაც ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებით მოუწევს ალლაჰის წინაშე წარსდგომა, ის იქნება წაგებულთა შორის.
وَمَن يَبْتَغِ غَيْرَ ٱلْإِسْلَـٰمِ دِينًا فَلَن يُقْبَلَ مِنْهُ وَهُوَ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ مِنَ ٱلْخَـٰسِرِينَ
და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი, და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის. (ალი იმრან 3:85)
და ალლაჰმა უკეთ იცის