ისლამი უდიდეს ყურადღებას უთმობს საზოგადოების ყველაზე დაუცველ წევრებს: ღარიბებს, ობლებს, ქვრივებს, სუსტებსა და ქალებს. მათზე ზრუნვა არა მხოლოდ სოციალური მორალის გამოხატულებაა, არამედ თვით ღმერთთან სიახლოვის მიღწევის საშუალებაა. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვებში ხშირად ვხედავთ მოწოდებებს — არ შეავიწროვო სუსტი, არ დაგავიწყდეს ობოლი, არ დაჩაგრო ქალი, და არ მოარიდო თვალი მორწმუნე ღარიბს.
ალლაჰის სიტყვები:
და გადააფარე შენი ფრთები მორწმუნეებს!
(ჰიჯრი 15:88)
და აგრეთვე მისი სიტყვა:
დაიმორჩილე შენი სული მათთან ერთად, რომელნიც ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილიდან საღამომდე, და ილტვიან მისი წყალობისკენ. და არ აარიდო თვალი მათ ამქვეყნიური ცხოვრების სიტკბოების სურვილით და არ მოუხარო ქედი მათ, ვისი გულიც უგულისხმო ვაქციეთ ჩვენი ხსოვნისადმი; და ვინც საკუთარ სურვილებსაა აყოლილი, ის ისედაც, თავის საქმეში ზღვარს გადასულა!
(ქაჰფ 18:28)
ობოლს ნუ დაჩაგრავ. და მათხოვარს ნუ გაუწყრები
. (დუჰა 93:9-10)
გინახია, ვინც ცრუდ რაცხავს განკითხვის დღეს?. იგია სწორედ, ვინც ხელს კრავს ობოლს. და არ აპურებს ღატაკს.
(მაა'უნ 107:1-3)
სა'დი გადმოსცემს: ჩვენ ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად ვიყავით როდესაც ერთმა წარმართმა უთხრა მოციქულს: 'განდევნე ეს ხალხი, თორემ ჩენს წინააღმდეგ წამოვლენ' და ალლაჰმა მოავლინა:
და ნუ გააძევებ შენ იმათ გამო, რომელნიც უხმობენ თავიანთ ღმერთს დილითა და საღამოთი, და ეძიებს მის კმაყოფილებას. არაფერი მოგეკითხება მათ გამო და არც მათ მოეკითხებათ შენ გამო. ხოლო თუ გააძევებ, უსამართლოთაგანი იქნები. (ან'ამ 6:52) (მუსლიმი 2413)
საჰლ ბინ სა'დი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე და ის, ვინც ობოლზე ზრუნავს, სამოთხეში ასე ერთად ვიქნებით — და მან შეატყუპა საჩვენებელი და შუა თითები.
(მუსლიმი 2631)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ისწრაფვის, რომ დააპუროს ღარიბები, იგი მსგავსია მუჯაჰიდის, რომელიც იბრძვის ღმერთის გზაზე, და იმის მსგავსი, ვინც ყოველ ღამე ლოცულობს და ყოველ დღე მარხულობს.
(იბნ მაჯა 2140)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველაზე ცუდი საჭმელი ქორწილისთვის მომზადებული საჭმელია, სადაც მოწვეულნი უარს ამბობენ მოსვლაზე, ხოლო მოსვლის მსურველები გამოტოვებულნი არიან. ვინც მოპატიჟებას არ პასუხობს, იგი არ ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს. აბუ ჰურაირამ თქვა:
ყველაზე ცუდი საჭმელი საქორწინოდ მომზადებული საჭმელია, რომელზეც მდიდრები არიან მოწვეულები და ღარიბები გარეთ არიან.
(მუსლიმი 1432)
ერთი ქალი შევიდა აიშასთან, თავის ორ ქალიშვილთან ერთად და აიშამ მისცა ქალს სამი ფინიკი. ქალმა თავის ქალიშვილებს მიაწოდა თითო ფინიკი, მესამე შუაზე გაყო და მის ქალიშვილებს მისცა (მან არ შეჭამა). აიშამ ალლაჰის შუამავალს უთხრა თუ რაც მოხდა. და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: 'რატომ გაგიკვირდა? ის სამოთხეში შევა ამის გამო
(იბნ მაჯა 3668)
სხვა გადმოცემაში ალლაჰის შუამავალმა თქვა: ჭეშმარიტად, ალლაჰმა მას სამოთხეში ადგილი უბოძა, ან გაათავისუფლა ჯოჯოხეთისგან მისი ქალიშვილების მეშვეობით.
(მუსლიმი 2630)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ო ალლაჰ, მე გავაფრთხილე ხალხი ორი დაუცველი ჯგუფის უფლებების შესახებ: ობლების და ქალების'
(იბნ მაჯა 3678)
მუს'აბ ბინ სა'დი გადმოსცემს: სა'დი თავის თავს მათზე უკეთესად მიიჩნევდა, ვინც მასზე ქვემოთ იყო. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მას:
'ნუთუ თქვენ იღებთ გამარჯვებას და სარჩოს სხვა გზით, თუ არა თქვენი სუსტების მეშვეობით?'
(ბუხარი 2896)
აბუ დარდა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასეთი რამე თქვა: 'მოძებნეთ დაუცველი (სუსტი) ადამიანები. ჭეშმარიტად, ალლაჰი მათი მეშვეობით გვაძლევს სარჩოს და გამარჯვებას.
(თირმიზი 1702)
ისლამი ასწავლის, რომ ღმერთის დახმარება, წყალობა და გამარჯვება ხშირად მოდის სუსტთა, დამცირებულთა და დავიწყებულთა მეშვეობით. მათი გულწრფელი ლოცვა და მოთმინება ალლაჰისთვის ძვირფასია. საზოგადოება, რომელიც ზურგს აქცევს ობლებს, ქალებს, ღარიბებსა და სუსტებს, ალლაჰის მფარველობას კარგავს. ამიტომ, ვისაც სურს სამოთხე, ღმერთის სიახლოვე და ამქვეყნიური სიმშვიდე — მან უნდა დაუდგეს გვერდით უმწეოებს. სიკეთე მათ მიმართ — ეს სამოთხის ერთ-ერთი გასაღებია.
და ალლაჰმა უკეთ იცის.