11:36    2025-08-05   



შეჰიდობის სახეობები


შეჰიდი — ეს არაბული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს მოწამეს, ანუ იმ ადამიანს, ვინც მოკვდა ან დაიღუპა ალლაჰის გზაზე ან განსაზღვრული პირობებით, რის გამოც მას მიენიჭა ამაღლებული მდგომარეობა.

ისლამში შეჰიდობა ითვლება ერთ-ერთ უმაღლეს ღირსებად. ალლაჰის წიგნსა და სუნნაში არაერთგზისაა აღნიშნული მათი მაღალი სტატუსი, მათი ცოდვების მიტევება, და მათთვის განკუთვნილი ჯილდო სამოთხეში.

თუმცა შეჰიდი მხოლოდ ის არ არის, ვინც ბრძოლაში დაიღუპა — როგორც ეს ბევრ მუსლიმს ჰგონია. თავად ალლაჰის მოციქულმა ﷺ გვასწავლა, რომ შეჰიდობის მრავალი სახეობა არსებობს.

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხუთი ადამიანი განიხილება შეჰიდად: ის, ვინც დაიღუპა შავი ჭირით, მუცლის  დაავადებით, შენობის ჩაძირვით ან ჩამოშლით, და მოწამეები (შეჰიდები) ალლაჰის გზაზე. (ბუხარი 2829)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასა) თქვა:
„ვინ მიგაჩნიათ თქვენ შორის შეჰიდად?“
ხალხმა მიუგო:
„შეჰიდი ის არის, ვინც ალლაჰის გზაზე ბრძოლაში მოკლეს.“
მოციქულმა უთხრა:
„თუ ასეა, მაშინ ჩემი თემის შეჰიდები ცოტანი იქნებიან.“

მაშინ საჰაბებმა ჰკითხეს:
„მაშინ ვინ არის შეჰიდი?“

მოციქულმა პასუხად თქვა:
„ვინც მოკლეს ალლაჰის გზაზე — შეჰიდია;
ვინც გარდაიცვალა ალლაჰის გზაზე — შეჰიდია;
ვინც გარდაიცვალა შავი ჭირით — შეჰიდია;
ვინც გარდაიცვალა მუცლის დაავადებით — შეჰიდია;
და ვინც წყალში დაიხრჩო — ისიც შეჰიდია.“
(მუსლიმი 1915)

აბდულაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასა) თქვა: 'ვინც მოკლეს მაშინ, როცა იცავდა მის ქონებას - შეჰიდია.
(ბუხარი 2480)

აბუ ზარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 
ვინც მოკლეს მაშინ, როცა იცავდა მის ქონებას - შაჰიდია, და ვინც მოკლეს მაშინ, როცა იცავდა მის ოჯახს - შაჰიდია,  ან მის სისხლს ან მის რელიგიას - შაჰიდია.
(აბუ დავუდ 4772)


აბუ ჰურაირა გადმოსცემს:
ერთმა კაცმა მიმართა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) და ჰკითხა:
„ო ალლაჰის მოციქულო, რას გავაკეთო, თუ ვინმე მოვა ჩემი ქონების წასართმევად?“

მოციქულმა უპასუხა:
„არ დათმო შენი ქონება.“

კაცმა ჰკითხა:
„და თუ შემომიტევს?“
მოციქულმა თქვა:
„მაშინ შენც შეეწინააღმდეგე.“

მან კვლავ ჰკითხა:
„და თუ მომკლავს?“
მოციქულმა მიუგო:
„მაშინ შენ შეჰიდი იქნები.“

კაცმა ჰკითხა:
„და თუ მე მოვკლავ მას?“
მოციქულმა უპასუხა:
„მაშინ ის შევა ჯოჯოხეთში.“
(მუსლიმი 140)

შეჰიდობა მხოლოდ ბრძოლის ველზე დაღუპვას არ ნიშნავს. ის მოიცავს მრავალგვარ ვითარებას, რომელთაგან ზოგი ჩვენი დროისთვისაც ძალაშია. მაგალითად, დღეს, ვინც ავადმყოფობისგან (მაგ. ონკოლოგიური, მძიმე ინფექციები), ან უბედური შემთხვევისგან (დახრჩობა, შენობის ნგრევა და სხვ.) დაიღუპება, შეიძლება იმსახურებდეს შეჰიდის სტატუსს — თუ მას ჰქონდა სწორი რწმენა და მტკიცე განზრახვა.

სწავლულები გვირჩევენ, რომ ჩვენ არ გამოვაცხადოთ კონკრეტული გარდაცვლილი აუცილებლად შეჰიდად, მაგრამ „თუ ეს ჰადისები მასზე ვრცელდება, იმედს ვიქონიებთ ალლაჰის მოწყალებაზე მის მიმართ.
და ალლაჰმა უკეთ იცის.