იბნ აბბასი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) პარასკევის (ჯუმას) ფაჯრის ლოცვაზე კითხულობდა სურებს: „ალიფ ლამ მიმ, თანზილუ“ (32-ე სურა) და „ჰალ ათა 'ალალ ინსანი ჰინუ მმინა დდაჰრი“ (76-ე სურა). ხოლო ჯუმას ლოცვის დროს კითხულობდა სურა ჯუმას და სურა მუნაფიყუნს.
(მუსლიმ 879)
ალლაჰის სიტყვები:
„განადიდებს ალლაჰს, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, ხელმწიფეს, უწმინდესს, ძლევამოსილს, ბრძენს.
იგია, ვინც მოავლინა უწიგნურთა შორის შუამავალი მათგანვე, რომელიც უკითხავს მათ მის აიათებს, განწმენდს მათ და ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს. თუმცაღა უწინ იყვნენ ცხად გზააბნევაში.“
(ჯუმა 62:1-2)
ყველაფერი და ყველა ადიდებს ალლაჰს. ყველაფერი — ცოცხალი თუ უსულო, რაც არის ცაში და მიწაზე — მას აქებს.
სხვა აიათში ალლაჰის სიტყვებია:
„და არ არის რაიმე, მას რომ ქებას არ აღუვლენდეს.“
(ისრა 17:44)
„ხელმწიფეს, უწმინდესს“ — ნიშნავს, რომ ალლაჰი არის ზეცისა და მიწის მფლობელი, სრულყოფილად აკონტროლებს მათ საქმეებს. ის არის წმინდა და შორსაა ყოველგვარი ნაკლისგან, მისი ყველა თვისება სრულყოფილია.
„ძლევამოსილს, ბრძენს“ — მისი სიბრძნე სრულყოფილია და ყოვლისმომცველი.
ალლაჰმა მოავლინა მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წყალობით.
ახლა გადავიდეთ 62:2 აიათის თაფსირზე:
„იგია, ვინც მოავლინა უწიგნურთა შორის შუამავალი მათგანვე...“
აიათში „უწიგნურებში“ იგულისხმებიან არაბები, რადგან სხვა აიათში წერია, რომ იუდეველებსა და ქრისტიანებს ჰქონდათ წიგნი:
„...უთხარი იმათ, ვისაც წიგნი ებოძა და უცოდინართ: დამორჩილდით (გამუსლიმდით), და თუ დამორჩილდებიან, ჭეშმარიტ გზაზე დადგებიან. და თუ ზურგს აქცევენ, შენზეა მხოლოდ შეტყობინება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურებს.“
(ალი იმრან 3:20)
აქ უწიგნურთა მიმართ გაგზავნით არ იგულისხმება, რომ მუჰამმადი მხოლოდ არაბებისთვის იყო გაგზავნილი.
სხვა აიათში ალლაჰი ამბობს:
„ხოლო იგი (ყურანი) შეხსენებაა შენთვის და შენი ხალხისთვის...“
(ზუხრუფ 43:44)
ყურანი არის შეგონება არაბებისთვისაც და არაარაბებისთვისაც — ყველასთვის, ვისაც მისი ხმა მისწვდება.
სხვა აიათში ალლაჰი ამბობს:
„და შეაგონე შენი ახლო ნათესავები!“
(შუღერა 26:214)
ეს არ ეწინააღმდეგება შემდეგ აიათს:
„უთხარი: ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ალლაჰის შუამავალი ვარ, ყველა თქვენგანისთვის.“
(ა‘რაფ 7:158)
და ასევე:
„რათა შეგაგონოთ მისით თქვენ და ის, ვისთანაც მიაღწევს...“
(ან‘ამ 6:19)
და ალლაჰის სიტყვები ყურანის შესახებ:
„ვისაც არა სწამს იგი ამ ჯგუფებს შორის, ცეცხლია მათთვის აღთქმული.“
(ჰუდ 11:17)
არის სხვა აიათებიც, რომლებიც მიანიშნებს, რომ ალლაჰის წიგნის გზავნილი უნივერსალურია. მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაგზავნილია მთელი კაცობრიობის — ჯინებისა და ადამიანებისთვის.
ზემოთ მოყვანილ ან‘ამის სურას აიათში ალლაჰი აერთიანებს სხვადასხვა აიათებს და ჰადისებს. და ყველა ქება-დიდება ეკუთვნის მხოლოდ ალლაჰს.
ეს აიათი მოწმობს, რომ ალლაჰმა შეისმინა თავისი მეგობრის - იბრაჰიმის ვედრება. როცა იბრაჰიმი აშენებდა ქააბას, მან ალლაჰს სთხოვა, რომ მოევლინა შუამავალი მექქის ხალხისთვის, რომელიც წაუკითხავდა მათ ალლაჰის სიტყვებს, განწმენდდა მათ და ასწავლიდა წიგნსა და სიბრძნეს.
ალლაჰმა მუჰამმადი მაშინ მოავლინა, როცა შუამავლების მოსვლა შეწყვეტილი იყო, ხოლო ჭეშმარიტება დაკარგული. ის გაგზავნა ზუსტად იმ დროს, როცა კაცობრიობას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
ამ დროს ალლაჰი განრისხებული იყო დედამიწის ბინადრებზე - არაბებზეც და არაარაბებზეც - მათი შირქის გამო. მხოლოდ მცირერიცხოვანი მორწმუნენი იყვნენ დარჩენილნი, რომლებიც იცავდნენ ჭეშმარიტ რელიგიას, რაც ალლაჰმა მოუვლინა 'ისა იბნ მარიამს.
ამიტომაც თქვა ალლაჰმა:
„იგია, ვინც მოავლინა უწიგნურთა შორის შუამავალი მათგანვე, რომელიც უკითხავს მათ მის აიათებს, განწმენდს მათ და ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს. თუმცაღა უწინ იყვნენ ცხად გზააბნევაში.“
(ჯუმა 62:2)
ძველად არაბები მისდევდნენ იბრაჰიმის რელიგიას, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ მის სწავლებაში ცვლილებები შეიტანეს და რწმენის ფუნდამენტს ჩამოშორდნენ. მათ თავჰიდი მიატოვეს და შირქი აირჩიეს, გამოიგონეს რელიგია, რომელიც ალლაჰს არ დაუკანონებია.
ალლაჰმა მუჰამმადი წარმოგზავნა თავისი კანონით - ისეთი წესრიგით, რომელიც შესაფერისია ყველა ადამიანისა და ჯინისთვის.
ამ კანონში მოყვანილია ყველაფერი, რაც ადამიანებს სჭირდებათ სამოთხეში მოსახვედრად - ის, რაც ალლაჰის კმაყოფილებას აახლოებს და რისხვას აშორებს. მასში გაწერილია რელიგიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
მუჰამმადში ალლაჰმა შეკრიბა შუამავლების ყველა საუკეთესო თვისება და მისცა ის, რაც არავისთვის მიუცია.
დაე, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მუჰამმადზე განკითხვის დღემდე.
(იბნ ქასირ)