21:45    2025-08-30   



ალლაჰის შუამავლის სასწაულები


ისლამში შუამავალი მუჰამმადის ﷺ ყველაზე დიდი სასწაული არის ყურანი - ცოცხალი სასწაული, რომელიც დღემდე გზას უჩვენებს კაცობრიობას. თუმცა, გარდა ყურანისა, ალლაჰმა შუამავალს ﷺ მრავალი სხვა სასწაული უბოძა, რომელთა მოწმეებიც საჰაბეები (თანამოღვაწეები) გახდნენ და რომლებიც მათ რწმენას ამტკიცებდა და აძლიერებდა. ეს სასწაულები მოიცავდა მთვარის გაყოფას, საკვების და წყლის გამრავლებას და ავადმყოფთა განკურნებას ალლაჰის ნებით. ეს ამბები სანდო ჰადისებშია გადმოცემული და შეხსენებაა შუამავლის ﷺ ჭეშმარიტების შესახებ.

1. ყურანი ყველაზე დიდი სასწაულია.

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველა შუამავალს მიეცა სასწაული რომლისაც ხალხს სწამდა, მაგრამ რაც მე მომეცა არის ალლაჰის ზეშთაგონება, რომელიც ალლაჰმა მე მომივლინა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი მიმდევრები იქნებიან სხვა შუამავლების მიმდევრებზე მეტნი განკითხვის დღეს. (ბუხარი 4981)

2. მთვარის გაყოფა.

ანასი გადმოსცემს: მექქის ხალხმა თხოვა შუამავალს რომ მათთვის სასწაული ეჩვენებინა, და აჩვენა მათ გაყოფილი მთვარე. (ბუხარი 3637)

3. ალლაჰის შუამავლის ﷺ ქცევა, რომელმაც აბუ ჰურაირას მეხსიერება გააუმჯობესა.

აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალს ﷺ  ვუთხარი: 'მე შენგან მესმის ბევრი ჰადისი, მაგრამ მავიწყდება ისინი'. მან მითხრა: 'გაშალე შენი ტანსაცმელი' ისე მოვიქეცი, როგოც მითხრა და შემდეგ მან ხელები ისე აამოძრავა, თითქოს რაღაცით ავსებდა მათ და შემდეგ მითხრა: 'აიღე და გადააიხვიე შენს სხეულზე' მე ასეც გავაკეთე და მის შემდეგ არაფერი დამვიწყებია. გადმოცემულია იბრაჰიმ ბინ ან-მუნზირისგან: იბნ აბუ ფუდაიქმა თქვა იგივე რაც ზემოთ მოყვანილ ჰადისშია და დაამატა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხელები ისე აამოძრავა, თითქოს რაღაცით ავსებდა და შემდეგ დაცალა აბუ ჰურაირას ტანსაცმელში.
(ბუხარი 119)

და აბუ ჰურაირა გახდა ისლამში ყველაზე მეტი ჰადისის გადმომცემი ადამიანი.

4. სასწაული: წყალი მისი  თითებიდან.

ანასი გადმოსცემს: 'შუამავალმა ﷺ ითხოვა წყალი და მიუტანეს ჭურჭელი ფართე ძირით და არც ისე ღრმა, რომელშიც იყო მცირე რაოდენობის წყალი და მასში თითები ჩაყო. ანასმა შემდეგ თქვა: 'დავინახე მისი თითებიდან წყალი სდიოდა და სამოცდაათიდან ოთხმოცამდე ადამიანმა მისით აბდესი აიღო' (ბუხარი 200)

მცირე წყლით მინიმუმ სამოცდაათმა, მაქსიმუმ ოთხმოცმა ადამიანმა აბდესი აიღო.

5. საკვების გამრავლება მისი საჰაბეებისთვის.

აბუ ტალჰამ გამაგზავნა ალლაჰის  შუამავალთან ﷺ, რათა იგი საკვებზე მომეწვია აბუ ტალჰასთან. მისმა მეუღლემ საჭმელი მოამზადა. როცა მივედი, ალლაჰის  შუამავალს ﷺ თან ახლდა რამდენიმე ადამიანი. მან შემომხედა, მე კი შემრცხვა და ვუთხარი: 'მიიღე აბუ ტალჰას მოპატიჟება'.  შუამავალმა ﷺ თავის საჰაბეებს უთხრა წამომდგარიყვნენ..

(როცა მივიდნენ აბუ ტალჰასთან) აბუ ტალჰამ უთხრა: 'ალლაჰის შუამავალო, მე შენთვის მოვამზადე მცირე რაოდენობის საჭმელი.' მაშინ შუამავალმა ﷺ საკვებს ხელი დაადო, ვედრება აღავლინა და შემდეგ თქვა: „შემოუშვით ჩემი საჰაბეებიდან ათი კაცი.“ ისინი შევიდნენ და მათ უთხრა: „ჭამეთ!“ და მისი თითებიდან მათთვის რაღაც გამოდიოდა, ყველამ ჭამა, დანაყრდნენ და გამოვიდნენ.

შემდეგ შუამავალმა ﷺ ისევ ათი კაცი შემოიყვანა, მათაც ჭამეს დანაყრებამდე და გამოვიდნენ. ასე გრძელდებოდა, ათ-ათი ადამიანი შედიოდა, ჭამდნენ დანაყრებამდე და გამოდიოდნენ, სანამ მათ შორის არავინ დარჩა ისეთი, ვინც არ შემოსულა.  შემდეგ შუამავალმა ﷺ დარჩენილი საჭმელი შეაგროვა და საჭმელი იგივე რაოდენობის იყო, რა რაოდენობითაც იყო სტუმრების მოსვლამდე. (მუსლიმი 2040b)

6. ერთი ხელის მოსმით განკურნებული თვალები

საჰლ იბნ სა’დი გადმოსცემს:  „ხაიბარში ბრძოლის დღეს ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: ხვალ მე დროშას მივცემ ადამიანს, რომელსაც უყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი, ასევე მათაც უყვართ იგი. ალლაჰი მოგვანიჭებს გამარჯვებას მისი წინამძღოლობით. ხალხმა მთელი ღამე იმაზე კამათში გაატარა, თუ ვინ იქნებოდა ეს ადამიანი. დილით ისინი მივიდნენ შუამავალთან ﷺ და ყველა იმედოვნებდა, რომ მას მისცემდნენ დროშას. შუამავალმა ﷺ იკითხა: სად არის ‘ალი იბნ აბუ ტალიბი? თვალები სტკივა და ვერ ხედავს – უპასუხეს მას და ხალხის ნაწილი წავიდა მის მოსაყვანად. შუამავალმა ﷺ თავისი ნერწყვი მოუსვა მას თვალებზე, შემდეგ ალლაჰს შეევედრა და ‘ალი განიკურნა, თითქოს არც არასოდეს ტკიებოდა თვალები. შემდეგ შუამავალმა ﷺ დროშა გადასცა ‘ალის და უთხრა: - წადი გულმშვიდად და ღირსეულად, როცა მიაღწევ მტრების რიგებს, მოუწოდე მათ ერთღმერთიანობისკენ და აცნობე ისლამისა და მათი ვალდებულებების შესახებ. ვფიცავ ალლაჰს, თუ იგი დააყენებს ერთ ადამიანსაც შენი საშუალებით პირდაპირ გზაზე, ეს უმჯობესი იქნება შენთვის, ვიდრე წითური აქლემების ჯოგი.“   (მუსლიმი 2406; აჰმადი 5/333)

შუამავლის ﷺ სასწაულები აჩვენებს, რომ იგი არ იყო უბრალო ადამიანი, არამედ განსაკუთრებული, ალლაჰის მიერ არჩეული პიროვნება, რომლის ცხოვრება და მოქმედებები ყველასთვის ნათელი ნიშნებია ჭეშმარიტებისა. ყურანი, როგორც უდიდესი სასწაული, მისი  მისიის  უმთავრესი გზავნილია, ხოლო სხვა სასწაულები — მთვარის გაყოფა, საკვების და წყლის გამრავლება, ავადმყოფთა განკურნება — კიდევ უფრო მეტად ადასტურებს მის ﷺ განსაკუთრებულობას.

ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს, რადგან უცოდინრად რაიმეს თქმა ან უსაფუძვლოდ მსჯელობა მხოლოდ უმეცრების გამოვლინებაა და ადამიანი ამით თავის ღირსებას ლახავს. ალლაჰის შუამავლის ﷺ მაგალითი გვასწავლის, რომ ცოდნა, სიფრთხილე და რწმენა ყოველთვის ერთმანეთთან ერთად უნდა იდგნენ.

რატომ არ არის ალლაჰის შუამავლის სასწაულები ხალხში ასე ცნობილი? იმიტომ, რომ ჩვენთვის, მუსლიმებისთვის სასწაულები არ არის ჩვენი რელიგიის საფუძველი და თავი. ჩვენი რელიგიის საფუძველი არის თავჰიდი - ერთადერთი ღმერთის მიმართ თაყვანისცემა ყოველგვარი თანაზიარის გარეშე. გისურვებთ წარმატებებს.