01:18    2025-09-25   



უზენაესი ალლაჰი


ქება-დიდება სამყაროთა ღმერთს, მმართველსა და მბრძანებელს, რომელიც განაგებს ჩვენს ცხოვრებას და ყოველი ქმნილების მიმართ უსაზღვრო უფლების მქონეა.

ალლაჰის ლოცვა და სალამი მას, ვინც კაცობრიობა წყვდიადიდან ნათელს აზიარა, ვინც წმინდა წიგნის ყველაზე კარგი განმმარტებელი იყო, რომელიც ალლაჰმა მის მიმართ მსახურებაში საუკეთესო მაგალითად წარმოგვიდგინა, ალლაჰის შუამავალს, მის ოჯახს, მის მეგობრებს და იმ სწავლულებს ვინც რჯული დღემდე უნაკლოდ მოგვიტანა. რწმენის ექვსი პირობიდან პირველი ალლაჰის რწმენაა:

'ირწმუნა შუამავალმა, რაც თავისი ღმერთისგან ზემოევლინა და მორწმუნეებმაც. ირწმუნა ყველამ ალლაჰი..' (ბაყარა 2:285)

ალლაჰი, მარადიულის, ყოველი ნაკლისგან შორს მყოფის, სამყაროს გამჩენის, მმართველის და ყოველგვარი ქება-დიდების ღირსი ღმერთის სახელია, რომელზეც სამყაროში არსებული ყველაფერის არსებობაა დამოკიდებული.

ალლაჰი ერთია და მას არ აქვს დასასრული და დასაწყისი. ალლაჰი არ ჰგავს არცერთ ქმნილებას. ის მარადიული, არავისზე და არაფერზე არ არის დამოკიდებული, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

ის ყოველთვის ცოცხალია. ყოვლისმცოდნეა, ყოვლისგამგონია, რასაც მოისურვებს უმალვე შეასრულებს. ალლაჰი უსაზღვრო ძალის მფლობელია, გამჩენია, სურვილისამებრ შეუძლია, დედანისა და მაგალითის გარეშე რამე გააჩინოს.

ალლაჰი უსაზღვროდ მწყალობელი, მპატიებელი, უზენაესი ღვთაებაა. ალლაჰი ჩვენი მაცოცხლებელი და უთვალავი წყალობის მბოძებელია. მან გააჩინა ადამიანი და მარტო არ მიატოვა, შუამავლები გამოგვიგზავნა და იმქვეყნიური ბედნიერების გზები გვასწავლა.

გონიერი ადამიანის უპირველესი მოვალეობა ალლაჰის რწმენაა.

ალლაჰის ერთადერთობა რიცხვით არ განისაზღვრება, რადგან რიცხვი შეიძლება გაიყოს, ან გამრავლდეს. ალლაჰის ერთობა თავისი პიროვნებით და თვისებებით გამოიხატება, რომლების მიხედვით მას მსგავსი და ტოლი არ გააჩნია, არ გააჩნია თანაზიარი არ ერთ საკითხში და არ ჰყავს ბადალი. 

 

1. თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთი!

2. ალლაჰი „სამედია (თვითკმარი“)

3. არ შობილა და არც უშვია

4. და არც არავინ ყოფილა მისი ბადალი! 

(თვითკმარი(არაბულში სამედ) - ანუ ის არაფერზეა დამოკიდებული, პირიქით, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული!)

(იხლას 112:1-4)

 

ადამიანის უპირველესი ვალდებულება მისი გამჩენის მიმართ, მისი უნაკლო სახელებითა და თვისებებით ცნობა და რწმენაა.

კაცი, რომელიც ალლაჰის სახელებს, მის სახელ-თვისებებს ცნობს, მათი სწამს და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს, ის ქმნილებათა შორის ყველაზე ღირსეულ ადგილს დაიმსახურებს. ამგვარი რწმენის კაცის გულიდან ყოველგვარ ბოროტს განდევნის და მის გულში სიკეთე და კარგი ზნეობა დაისადგურებს.

 

ეს გვახსენებს, რომ რწმენის ექვსი პირობის პირველი და უმთავრესი საყრდენი არის ალლაჰის რწმენა. ალლაჰის ერთადერთობა (თავჰიდი) არ გულისხმობს მხოლოდ რიცხვით ერთობას, არამედ იმას, რომ მას არ ჰყავს თანაზიარი, ბადალი და მსგავსი. ის არის ყოვლის შემოქმედი და ყოვლის მმართველი. მისი არსი არ არის დამოკიდებული არანაირ ქმნილებაზე, პირიქით – მთელი სამყარო მასზეა დამოკიდებული.

 

ყურანის სურაში იხლას (112:1-4) მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ალლაჰი არის ერთადერთი, თვითკმარი და მარადიული. ის არ შობილა, არც შობს და არავინ ჰგავს მას. სწორედ ამ რწმენის აღიარებაა ადამიანის ცხოვრების საფუძველი.

 

გონიერი ადამიანის ვალდებულებაა, რომ იცნოს ალლაჰი მისი წმინდა სახელებითა და თვისებებით. როცა ადამიანი ამას გულით ირწმუნებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს, მის გულში მკვიდრდება სიწმინდე, სიკეთე და ზნეობა. ეს რწმენა ადამიანს აკავშირებს თავის გამჩენთან, აძლევს სულიერ სიმშვიდეს და წმენდს მას, ხოლო მის ყოფას ღირსეულსა და ბედნიერს ხდის.

 

და ალლაჰმა უკეთ იცის