23:54    2025-09-29   



ადამიანის ხუთი სისუსტე


ადამიანის ხუთი მთავარი სისუსტე, რომელიც ნახსენებია ყურანში.

ყურანში წერია, რომ ადამიანი შექმნილია სუსტ არსებად:

ალლაჰს თქვენთვის შემსუბუქება ნებავს, რადგანაც ადამიანი გაჩენილია სუსტი.  (ნისა 4:28)

ადამიანი სუსტი არსებაა, ის ავლენს სისუსტეს ბევრ რამეში, როგორიცაა; ალლაჰისადმი თაყვანისცემაში, ბედისწერის გადატანაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, და ა.შ.

ადამიანის სისუსტე იწყება მისი დაბადებისთანავე როცა ის ტირილს იწყებს, ორი წლისას უკვე სრულფასოვნად სიარული შეუძლია, და 15-20 წლის ასაკში უკვე იაზრებს მისი გაჩენის და ამ ქვეყანაზე ცხოვრების არსს, იაზრებს რა ევალება ღმერთთან ურთიერთობაში, შემდეგ კი ხალხთან.

ყურანში ნახსენებია ადამიანის ხუთი ძირითადი სისუსტე, რომლებსაც თუ დაძლევს იქნება კარგი მორწმუნე და დაიმსახურებს ალლაჰის ჯილდოს, თუკი იქნება ალლაჰის ნება. ამ სისუსტეების დაძლევა მხოლოდ ღრმა რწმენით არის შესაძლებელი, და რწმენას ვერ შევიძენთ თუ არ იქნება ალლაჰის წყალობა, დაე ვთხოვოთ ალლაჰს რომ გვიწყალობოს
მისი რელიგია და მისი რელიგიის სწორი გაგება.

...რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენზე და მისი წყალობა, ეშმაკს გაყვებოდით, მცირედის გარდა.  (ნისა 4:83)

მაშ ასე ჩამოვთვალოთ ადამიანის ხუთი ძირითადი სისუსტე და გავუკეთოთ მცირე კომენტარები.

1. ივიწყებს იმას, რაც ღმერთს სთხოვა:

და როცა შეემთხვევა ადამიანს ზარალი, გვიხმობს ჩვენ წამოწოლილი თუ ფეხზე მდგომი, მაგრამ როცა ავარიდებთ მას ზარალს, ჩაივლის ისე, თითქოს არც ეთხოვოს ჩვენთვის თავსდატეხილი უბედურების ხსნა. ასე ემშვენიერებათ ზღვარგადასულებს, რასაც აკეთებენ. (იუნუს 10:12)

ადამიანს, როცა ზარალი მიადგება ევედრება ღმერთს რათა დაიხსნას ის ამ ზარალისგან, და მისცეს შვება და ბედნიერება. ხოლო როცა ღმერთი აარიდებს უბედურებას და ტანჯვას, ივიწყებს რაც ღმერთს სთხოვა უწინ, და ეს ადამიანის დიდი სისუსტეა.

2. მოუთმენლობა. როცა ეწევა სიკეთე, მშვიდადაა, ხოლო როცა ეწევა უბედურება ვერ ითმენს და ხშირად ტყდება.

უეჭველად, ადამიანი შეიქმნა მოუთმენელი. თუ სიავე მიეწევა მას, იწყებს გოდებას, და თუ კარგი ეწევა, იწყებს ძუნწობას. (მაღარიჯ 70:19-21)

ადამიანი მოუთმენელი არსებაა, უბედურების დროს სიმშვიდეს კარგავს და ამ მომენტში უფრო მეტ შეცდომას უშვებს.  თუ კარგი და მშვიდი ცხოვრება ექნება მშვიდად იქნება.

სხვა აიათში ალლაჰი ამბობს:

ადამიანებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ეთაყვანებიან ალლაჰს, მაგრამ ორჭოფობენ.  თუ სიკეთე ეწიათ, თავს მშვიდად გრძნობენ და თუ განსაცდელი ეწიათ, უკან იხევენ. წაგებულნი არიან ისინი  ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც. სწორედ ეს არის ცხადი წარწყმედა!  (ჰაჯ 22:11)

3. მესამე სისუსტე არის სულწრაფობა:

ჭეშმარიტად  ადამიანი სულსწრაფია.  (ისრა 17:11)

იბნ ალ-ყაიიმი წერდა, რომ მოთმინება იცავს სულს შეშფოთებისგან, ენას - წუწუნისა და სიბრაზისგან,  ხელებს და სხეულს - თვითგვემის და სხვა რამეებისგან.
(იბნ ყაიიმ)

თუკი ადამიანი მომთმენი და წინდახედული იქნება, მისთვის სულსწრაფობა უცხო გახდება და ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს.

4. მეოთხე სისუსტე არის თვითკმაყოფილება, ქებისკენ სწრაფვა და თავის წარმოჩენა.

ადამიანს მოსწონს როცა აქებენ მისი გაკეთებული საქმეების გამო,  თუმცა ეს არ ეხება ალლაჰისადმი გულწრფელ ადამიანს რომელსაც ალლაჰის კმაყოფილების მეტი სხვა არაფერი სურს. 

და ნუ მიიჩნევ, რომელნიც ხარობენ იმით, რაც ჩაიდინეს და სურთ ქებულ იყვნენ იმის გამო, რაც გაუკეთებიათ, სასჯელისგან თავს დაიხსნიან. სწორედ მათ - სასჯელი მტანჯველი!
(ალი იმრან 3:188)

5. მეხუთე სისუსტე არის ოჯახი და ქონება, რომელიც აკავებს ადამიანს ალლაჰისადმი თაყვანისცემისგან.

ხშირად ადამიანი მოცდება ალლაჰისადმი თაყვანისცემას ოჯახის და ქონების გამო.  ხშირად ადამიანი ვერ ლოცულობს სამუშაო ადგილებში სამსახურის დაკარგვის შიშით, და სწორედ ეს არის, რომ ქონების და ოჯახის სიყვარულმა მოიაშორა ის ალლაჰისადმი თაყვანისცემას.

და გეტყვიან შენ ბედუინთაგან შინ დარჩენილნი: „მოგვაცდინა ჩვენმა ქონებამ  და ოჯახმა; და ითხოვე ჩენთვის შენდობა.“ ენით ამბობენ იმას, რაც გულში არ აქვთ.  უთხარი: ვის ხელეწიფება ალლაჰისაგან რაიმე, თუკი მოისურვებს თქვენს ზარალს ან გისურვებთ სიკეთეს?  დიახ, ალლაჰია მცოდნე იმისა, რასაც აკეთებთ.  (ფათჰ 48:11)

სხვა აიათში ალლაჰი ამბობს:

კაცთ, რომელთაც ვაჭრობა და ყიდვა-გაყიდვა ვერ მოსწყვეტს ალლაჰის მოხსენიებას, ლოცვის აღვლენას და მოწყალების  გაღებას, მათ ეშინიათ იმ დღის, როცა შეძრწუნდებიან გულნი და თვალნი.  (ნურ 24:37)

ალლაჰმა გაგვამტკიცოს, და გაგვაძლიეროს, რომ ამ სისუსტეებმა ხელი არ შეგვიშალოს მისდამი თაყვანისცემაში.