55. ზუჰდი - ასკეტიზმი

2959. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მსახური იტყვის: ჩემი სიმდიდრე, ჩემი სიმდიდრე, მაგრამ მისი სიმდიდრიდან, მხოლოდ სამი რაღაც არის მისი: ის, რასაც მიირთმევს და იყენებს, ან რომლის საშუალებითაც იცვამს და ატარებს, ან ის, რასაც გასცემს მოწყალებაში და ეს არის ის, რაც მან შემოინახა (საიქიოსთვის) და რაც არის ამის მიღმა (ე.ი საიქიოსთვის სასარგებლოდ არ გაუცია). თქვენ უნდა წახვიდეთ და დატოვოთ ის სხვა ადამიანებისთვის.

2982. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც იღვწვის ქვრივებისა და ღარიბების დასაპურებლად, იმის მსგავსია, ვინც იბრძვის ალლაჰის გზაზე, და მე ვფიქრობ, რომ მან თქვა: იმის მსგავსია ვინც დგას ლოცვაზე და ყოველ დღე მახულობს.

2985. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)სიტყვას, ღმერთმა ბრძანა: მე საერთოდ არ მჭირდება არავითარი თანაზიარი და დამხმარე, მე მივატოვებ ნებისმიერს, ვინც გააკეთა რაიმე საქმე არა ჩემი გულისთვის არამედ თანაზიართა გულისთვის

2999. სუჰაიბი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საოცარია მორწმუნის საქმე, რადგან ყველა საქმე მისთვის კარგია, და ეს არ ახასიათებს ყველას არამედ მხოლოდ მორწმუნეს. თუ ის ბედნიერია, მადლობას უხდის ალლაჰს, და ეს კარგია მისთვის. თუ ის დაზიანდა, მოთმინებას ავლენს და ესეც კარგია მისთვის.

3005. სუჰაიბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოგვითხრობს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: “იყო ერთი მეფე, რომელსაც კარის ჯადოქარი ჰყავდა. როდესაც ჯადოქარი დაბერდა მეფეს უთხრა: მე უკვე დავბერდი და დროა ვინმე ახალგაზრდა ბიჭი გამომიგზავნო რომ ჯადოქრობა ვასწავლოო. გაგზავნა მეფემ ბიჭი ხელობის სასწავლად. ჯადოქართან რომ მიდიოდა, გზაში ბიჭს ბერი შეხვდა, რომელსაც გამოელაპარაკა და მასთან საუბარი მოეწონა. ამის შემდეგ ჩვევად ექცა, რომ ჯადოქრისკენ მიმავალი გზად ჯერ ბერს შეუვლიდა და ჯადოქართან მერე მიდიოდა. დაგვიანების გამო ჯადოქარი სცემდა ხოლმე. ბიჭმა ეს ამბავი ბერს შესჩივლა, ამ უკანასკნელმა კი უთხრა: “როდესაც ჯადოქრის გეშინია, უთხარი რომ ოჯახის წევრებმა შეგაყოვნეს, ხოლო როდესაც ოჯახის წევრების გეშინია თქვი, რომ ჯადოქარმა შეგაყოვნა.” ერთხელ ისე მოხდა, რომ მათ ქალაქში უზარმაზარი მხეცი მოვიდა და ხალხს გზა გადაუღობა. ბიჭმა იფიქრა: ახლა კი გავიგებ რომელი ჯობს, ჯადოქარი თუ ბერიო. ხელში ქვა აიღო და თქვა: “ო, ალლაჰ, თუკი შენთვის ბერის გზა უფრო მოსაწონია ვიდრე ჯადოქრისა, მოჰგვარე სიკვდილი ამ ცხოველს, რათა ხალხმა თავისუფლად სიარული შესძლოს”. შემდეგ მას ქვა ესროლა და მოკლა. ხალხმა თავისუფლად დაიწყო მიმოსვლა. ამის შემდეგ ბიჭი ბერთან მივიდა და მოუყვა, რაც მოხდა. ბერმა უთხრა: “შვილო, დღეს შენ ჩემზე მაღლა დგახარ. შენ უკვე იმ საფეხურზე ახვედი, რომ შეიძლება მალე გაგასამართლონ და თუ ასე მოხდება ნუ გამცემ”-ო. ამ ამბის შემდეგ ბიჭმა ბრმებისთვის თვალის ახელა, კეთროვანებისა და ფაქტობრივად ნებისმიერი დაავადების მქონე ადამიანის განკურნება დაიწყო. ბიჭის ამბავი მეფის დაბრმავებულმა მოსამართლემ გაიგო. მან დიდძალი საჩუქრები მოაგროვა, ბიჭთან მივიდა და უთხრა: “თუ განმკურნავ ეს ყველაფერი შენი გახდება”- ო, ბიჭმა უპასუხა: “მე არავის ვკურნავ, მხოლოდ დიდი ალლაჰი კურნავს და თუკი მას ირწმუნებ, მეც შევთხოვ რომ განგკურნოს”. მოსამართლემ ირწმუნა ალლაჰი და ალლაჰმა ის განკურნა. მოსამართლე სასახლეში დაბრუნდა და მეფის გვერდით დაჯდა, სადაც ადრე იჯდა ხოლმე. მეფემ ჰკითხა: “ვინ დაგიბრუნა თვალის სინათლე?” მან კი უპასუხა: “ჩემმა ღმერთმა”. მეფემ ჰკითხა: “განა ჩემს გარდა კიდევ გყავს ღმერთი?” მოსამართლემ მიუგო: “ალლაჰია ჩემი ღმერთი და შენი ღმერთიც”. მეფემ მოსამართლე მანამ აწამა, სანამ ამ უკანასკნელმა ბიჭი არ გასცა. ბიჭი კარზე დაიბარეს. მეფემ უთხრა: “ყმაწვილო, გავიგე, ჯადოქრობაში ისე დახელოვნებულხარ, რომ ბრმებსა და კეთროვნებს კურნავ”. ბიჭმა უთხრა: “მე არავის ვკურნავ, მხოლოდ ალლაჰია მკურნალი”. მეფემ ისიც შეიპყრო და აწამა, სანამ ბიჭმა ბერი არ გათქვა. ბერიც დაიბარეს და უთხრეს, შენს რელიგიას ზურგი უნდა აქციოო. ამ უკანასკნელმა უარი თქვა. მეფემ ხერხი მოატანინა, თავზე დაადო, ორად გააპო და მისი უსულო სხეულის ორი ნაწილი იატაკზე დავარდა. შემდეგ მოსამართლე გამოიყვანეს და მასაც შესთავაზეს, რომ უარი ეთქვა თავის რელიგიაზე. მოსამართლე თავისი ღმერთის ერთგული დარჩა, ამიტომ მასაც დაადეს თავზე ხერხი და ორ ნაწილად აქციეს. შემდეგ ბიჭი გამოიყვანეს და მოსთხოვეს, რომ თავისი ღმერთისთვის ზურგი ექცია, ბიჭი არ დათანხმდა. მეფემ ის თავისი მოსამართლეების გუნდს გადასცა და უთხრა:“წაიყვანეთ ამას ხვალ, კიდევ ერთხელ მოსთხოვეთ რწმენის შეცვლა. თუ კვლავ უარს იტყვის, გადმოაგდეთ”. მოსამართლეებმა ბიჭი წაიყვანეს და მთაზე ასვლა აიძულეს. ბიჭმა თქვა: “ო, ალლაჰ, მიხსენი მათგან ისე, როგორც შენ მოისურვებ.” მთამ რყევა დაიწყო, ყველა გადმოვარდა და მოკვდა, ხოლო ბიჭი მეფესთან უვნებელი დაბრუნდა. მეფემ ჰკითხა: “შენს მეგზურებს რა დაემართათ”? ბიჭმა უპასუხა: “მათგან ალლაჰმა მიხსნა”. მეფემ ის ახლა სხვა მსახურებს გადასცა და უთხრა: “ნავში ჩასვით და როცა შუა ზღვაში იქნებით კიდევ ერთხელ მოსთხოვეთ რწმენის შეცვლა, თუ უარს იტყვის, წყალში გადააგდეთ”. კაცებმა ბიჭი წაიყვანეს. მან კი თქვა: “ო, ალლაჰ, მიხსენი მე მათგან!” ნავი გადაბრუნდა და ყველა დაიღუპა ბიჭის გარდა რომელიც კვლავ მეფესთან მივიდა. მეფემ ჰკითხა: “შენს თანამგზავრებს რა დაემართათ”? ბიჭმა უპასუხა: “მათგან ალლაჰმა მიხსნა” და შემდეგ დაამატა:”მანამ ვერ მომკლავ, სანამ იმას არ გააკეთებ რასაც მე გიბრძანებ”-ო. მეფემ ჰკითხა: რა უნდა ვქნაო? ბიჭმა უთხრა: “შეკრიბე მთელი ხალხი ერთ ადგილას, ბოძზე მიმაბი, შემდეგ ჩემი კარპაჭიდან ისარიამოიღე და თქვი: “ბიჭის ღმერთის, ალლაჰის სახელით” და მესროლე.თუ ასე მოიქცევი, ჩემს მოკვლას შეძლებ”. მეფემ ტიალ მინდორზე შეკრიბა ხალხი,ბიჭი ბოძზე მიაბა, მისი კარპაჭიდან ისარი ამოიღო, მშვილდში მოათავსა და თქვა: “ბიჭის ღმერთის, ალლაჰის სახელით”. მეფემ მშვილდი მომართა და გაისროლა, ბიჭს ისარი საფეთქელში მოხვდა. ახალგაზრდამ ხელი საფეთქელთან მიიტანა და მოკვდა. ხალხმა კი თქვა: “ჩვენ ამ ბიჭის ღმერთის გვჯერა”. მეფეს უთხრეს: “ხედავ? რისიც გეშინოდა, ალლაჰის ნებით, სწორედ ის მოხდა _ ის ყველამ ირწმუნა”. მეფემ ბრძანა დიდი ორმოები ამოეთხარათ და მათში ცეცხლი დაენთოთ, შემდეგ კი თქვა: “ის ვინც მის (ბიჭის) რელიგიას ზურგს არ აქცევს, ან ცეცხლში ჩაყარეთ ან აიძულეთ, რომ მასში თავად ჩახტნენ”. მსახურები ასეც იქცეოდნენ მანამ, სანამ ერთი ქალი არ მოვიდა ბავშვთან ერთად. ქალი ცეცხლში ჩახტომის წინ შეყოყმანდა. ბავშვმა უთხრა: “ო, დედა! გაუძელი (ამ განსაცდელს) რადგან შენ ჭეშმარიტ გზას ადგახარ”.