1. რწმენის წიგნი

8. აბუ ჰურაირა გადმოსცემს `ერთხელ ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარშემო ვიჯექით, როცა შემოვიდა ადამიანი ქათქათა თეთრი სამოსითა და კუპრივით შავი თმა-წვერით. მას არავინ შორიდან მოსული მგზავრის ნიშნები არ ემჩნეოდა, თუმცა იქ მჯდომთაგან არავინ იცნობდა. იგი მივიდა და დაჯდა შუამავალთან ისე ახლოს, რომ მუხლი შეახო მის მუხლს და ხელი დაადო ფეხზე. შემდეგ კი უთხრა: მუჰამმად! მითხარი რა არის მორჩილება (ისლამი)? შუამავალმა თქვა: მორჩილება (ისლამი)
არის დამოწმება, რომ არ არის ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, ღმერთის გარდა, ლოცვად დადგომა, მოწყალების გაცემა, მარხვა რამადანის თვეში და მოილოცო სახლი (ქა’ბა), თუ გაქვს ამის საშუალება. უცნობმა თქვა: მართალია! ჩვენ გაგვიკვირდა, რომ მან იკითხა და შემდეგ დაადასტურა პასუხის სისწორე. შემდეგ მან კვლავ იკითხა: რა არის რწმენა (იმანი)? მაცნემﷺ უპასუხა: რწმენა ღვთისა, მისი ანგელოზებისა, მისი წიგნებისა, მისი მაცნეებისა, უკანასკნელი დღისა და ბედისწერისა თავისი ავით თუ კარგით. უცნობმა თქვა: მართალია. რა არის სიქველე (იჰსანი)? შუამავალმა უპასუხა: ეს არის, როცა თაყვანს სცემ ღმერთს იმგვარად,
თითქოს ხედავდე მას, რადგან თუნდაც შენ ვერ ხედავდე მას, იგი გხედავს! უცნობმა იკითხა: მომიყევი უკანასკნელ დღეზე. თქვა: ვისაც ეკითხებიან, არ აქვს იმაზე მეტი ცოდნა ამ საკითხზე, ვიდრე მას, ვინც იკითხა. უცნობმა თქვა: მაშ, მითხარი მისი მოახლოების ნიშნების შესახებ. მოციქულმა თქვა: როცა მონა-ქალი შობს თავის ქალბატონს, როცა ფეხშიშველი მდაბიო მწყემსები ერთმანეთს
შეეჯიბრებიან ვინ უფრო მაღალ შენობას ააგებს. უცნობი წამოდგა და დაგვტოვა. შემდეგ შუამავალმა იკითხა: იცით ვინ იყო ეს? ‘უმარმა უპასუხა: ღმერთმა და მისმა შუამავალმა უკეთ უწყიან! შუამავალმა თქვა: ეს იყო ჯიბრა’ილი, რომელიც მოვიდა, რომ გასწავლოთ თქვენი სარწმუნოება.


23. აბუ მალიქი გადმოსცემს, გავიგონე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც იტყვის "არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა" და უარყოფს ყველაფერს, რასაც ხალხი ეთაყვანება ალლაჰის გარდა, მისი ქონება და სისხლი ხელუხლებელი გახდება, და მათი განსჯა ალლაჰზეა.

25. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როცა მისი ბიძა, აბუ თალიბი სიკვდილის პირას იყო უთხრა მას: თქვი, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, და განკითხვის დღეს მე ვიქნები შენი მოწმე. აბუ ტალიბმა უთხრა: "მე ყურაიშელები გამკიცხავენ და იტყვიან, რომ შფოთვამ აიძულა ამის გაკეთებაო, ჩემო თვალის გახარებავ. ამის შემდეგ ალლაჰმა მოავლინა აიათი: ჭეშმარიტად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზას იმას, ვინც გიყვარს. არამედ ალლაჰი ადგენს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს. და იგი უკეთ იცნობს სწორ გზაზე დამდგართ. (ყასას 28:56)

27. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: «მე ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და რომ მე მისი შუამავალი ვარ. ალლაჰის მსახური, რომელიც ალლაჰს შეხვდება ამ მოწმობებით, შევა სამოთხეში.“

35. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რწმენა შედგება სამოცდაათზე მეტი საფეხურისგან, უმაღლესი არის დამოწმება; არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, ხოლო უმდაბლესი, გზის გაწმენდა შემაფერხებელი საგნებისგან. და მოკრძალება რწმენის ერთ-ერთი ნაწილია.

43. ანასი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ფლობს ამ სამ თვისებას, ის იგრძნობს რწმენის სიტკბოებას:
1. ვისთვისაც ალლაჰი და მისი შუამავალი გახდება სხვა ყველაფერზე ძვირფასი.
2. ვისაც უყვარს, და უყვარს მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილებისთვის.
3. ვისაც სძულს ურწმუნოებაში(ქუფრში) დაბრუნება, ისე როგორც სძულს მას ცეცხლში გადავარდნა.

47. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მას, ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, არ მიაყენოს ზარალი მეზობელს, და მას, ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის გაუმასპინძლდეს სტუმარს და ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, ან კარგი ლაპარაკოს ან გაჩუმდეს.

50. აბდულლაჰ იბნ მასუდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რომელი შუამავალიც არ უნდა გამოეგზავნა ალლაჰს ჩემამდე ამა თუ იმ ხალხისათვის, მას ყოველთვის ჰყავდა საჰაბეები, რომლებიც მიჰყვებოდნენ მის სუნნეთს და ასრულებდნენ მის ბრძანებას. შემდეგ მათ შემცვლელებად მოდიოდა ხალხი, იმის მთქმელები რასაც
თვითონ არ აკეთებდნენ, და იმის გამკეთებლები რაც არავის უთქვამს რომ გაეკეთებინათ. და ვინც ასრულებს ჯიჰადს მათ წინააღმდეგ ხელით - მორწმუნეა, მათ წინააღმდეგ ჯიჰადის ენით შემსრულებელიც - მორწმუნეა, და მათ წინააღმდეგ გულით ჯიჰადის შემსრულებელიც - მორწმუნეა, ამის იქეთ მდოგვის ოდენა რწმენაც კი არ არის.

67. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ორი თვისება ავლენს ადამიანის ურწმუნოებას – სხვის წარმოშობაზე ქილიკი და გარდაცვლილის უზომო გლოვა.

71. ზაიდ იბნ ხალიდი გადმოსცემს: `ჰუდაიბიაში ღმერთის შუამავლის წინამძღოლობით ვილოცეთ განთიადის ლოცვა. იმ ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა. ლოცვის დასრულების შემდეგ შუამავალი მობრუნდა ჩვენსკენ და თქვა: იცით თუ არა, რა ბრძანა თქვენმა უფალმა? ხალხმა უპასუხა: - ღმერთმა და მისმა შუამავალმა იციან უკეთ! მაშინ შუამავალმა თქვა: ჩემს მსახურებს შორის გამოირჩნენ მორწმუნენი და ურწმუნონი. თუ ადამიანი ამბობს, რომ წვიმა მოვიდა ჩემი ნებით, მაშინ მას სწამს ჩემი და არ სწამს ვარსკვლავებისა. ვინც ამბობს, რომ წვიმა მოვიდა ვარსკვლავების ამა თუ იმ განლაგების გამო, მას არ სწამს ჩემი და სწამს ვარსკვლავებისა!

82. ჯაბირი გადმოსცემს, რომ გაიგონა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: «მსახურს, შირქსა და ქუფრს (ურწმუნოებას) შორის ნამაზის მიტოვებაა.

91. აბდულლაჰ იბნ მას'უდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვის გუშიც მტვრის ოდენა სიამაყეც იქნება სამოთხეში ვერ შევა. ერთმა კაცმა თქვა: უეჭველად, ადამიანს უყვარს, რომ მისი კაბა ლამაზია, და მისი ფეხსაცმელი ლამაზია. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამაზე უთხრა: ჭეშმარიტად, ალლაჰი ლამაზია და მას უყვარს სილამაზე. სიამაყე გაზიზღებს ჭეშმარიტებას და ის ადამიანების შეურაცხყოფაა.

93. ჯაბირი გადმოსცემს ჰადისს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)თქვა: ვინც შეხვდება ღმერთს ისე, რომ არ უდგენდა მას თანაზიარს, შევა სამოთხეში. და ვინც შეხვდება ისე, რომ უდგენდა მას თანაზიარს, შევა ცეცხლში.

107. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, გავიგონე ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვები: ამ სამნაირ ადამიანს
არ დაელაპარაკება და არ განწმენდს ღმერთი სამსჯავროს დღეს: მოხუცებულ მრუშს, ამპარტავან მათხოვარსა და ადამიანს,
ვინც ღმერთი თავის სავაჭრო საქონლად აქცია – იგი არც იყიდის და არც გაყიდის რაიმეს, რომ არ დაიფიცოს ღმერთი.

118. აბუ ჰურაირა გადმოცემს, ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ესწრაფეთ კეთილი საქმეების კეთებას, ვიდრე გეწეოდეთ გრიგალი, რომელიც იქნება ბნელი ღამის მსგავსი. კაცი დილით მორწმუნე გაიღვიძებს და საღამოს ურწმუნო გახდება, ან საღამოს მორწმუნე იქნება და დილით ურწმუნოდ გაიღვიძებს და თავის რწმენას ამქვეყნიურ სიამოვნებაში გაცვლის.

128. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უზენაესი ალლაჰი ეუბნება ანგელოზებს: როდესაც ჩემი მონა განიზრახავს ცუდი საქმის შესრულებას, არც ჩაიწეროთ მის წინააღმდეგ, მაგრამ თუ შეასრულებს ჩაწერეთ ის ერთ ცუდ საქმედ. და როცა განიზრახავს შეასრულოს კარგი საქმე მაგრამ არ გააკეთებს, ჩაწერეთ ის ერთ კეთილ
საქმედ, მაგრამ თუ შეასრულა, ჩაწერეთ ის ათ კეთილ საქმედ.

131. იბნ აბბასი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა, რომ ალლაჰმა თქვა: უეჭველად ალლაჰმა დაწერა კარგი და ცუდი და შემდეგ გაასუფთავა, რომ ვინც განიზრახავს კარგს მაგრამ არ გააკეთებს, ალლაჰი ჩაუწერს ერთ სიკეთედ,
მაგრამ თუ მან განიზრახა და გააკეთა ის, უზენაესი ალლაჰი ჩაუწერს მას შვიდას სიკეთედ. მაგრამ თუკი მან განიზრახა ცუდი, მაგრამ არ შეასრულა ალლაჰი დაუწერს მას ერთ ცუდ საქმედ. თუ განიზრახა ცუდი და გააკეთა, ალლაჰი მას დაუწერს ერთ ცუდ საქმედ.

134. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ადამიანები არ შეწყვეტენ შეკითხვების დასმას, ვიდრე არ იტყვიან: ალლაჰმა შექმნა ყველაფერი, მაგრამ ვინ შექმნა ალლაჰი? ვინც აღმოჩნდება ასეთ სიტუაციაში თქვას: მე მწამს ალლაჰის(ამენთუ ბილლაჰ)

134c. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: შაიტანი(ეშმაკი) მიდის ყველასთან და ეუბნება: ვინ შექმნა ესა და ეს? ვიდრე არ ჰკითხავს: ვინ შექმნა შენი ღმერთი? როდესაც ის მოდის, უნდა მიეკედლოთ ალლაჰს და თავიდან აიცილოთ. (ა'უზუბილლაჰი მინე შშაიტანი რრაჯიიმ)

148. ანასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უკანასკნელი საათი არ დადგება მანამ, სანამ ერთი კაციც კი დედამიწაზე იტყვის: ალლაჰ ალლაჰ.

156. ჯაბირი გადმოსცემს: „მოვისმინე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: 'ჩემი უმმეთიდან ერთი ჯგუფი არ შეწყვეტს ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას და ისინი გაიმარჯვებენ აღდგომის დღემდე'. შემდეგ მან თქვა: „შემდეგ ჩამოვა იესო, მარიამის ძე, და მუსლიმთა წინამძღოლი შესთავაზებს მას, რომ წარუძღვეს ლოცვას, მაგრამ ის ეტყვის: 'არა, თქვენგან ზოგიერთნი არიან სხვების წინამძღოლები — ეს არის პატივი, რომელიც ალლაჰმა ამ უმმეთს მიანიჭა'

178. გადმოცემულია აბუ ზარისგან: მე ვკითხე შუამავალს (ალლაჰი ლოცვა და სალამი მას): დაინახე შენი ღმერთი? მან მითხრა: ის არის სინათლე; როგორ შევძლებდი მის ხილვას?

199. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველა შუამავალს ჰქონდა განსაკუთრებული ვედრება, რომელიც მიღებული იყო. ყველა შუამავალმა იჩქარა თავის ვედრებაში, მაგრამ მე შემოვინახე
ეს ვედრება განკითხვის დღისთვის, ჩემი უმმეთისთვის, რომელიც შესმენილ იქნება, თუ ალლაჰი ინებებს და მოიტანს სარგებელს ყველასთვის ჩემს უმმეთში იმათ გარდა, ვინც ისე მოკვდა, რომ ალლაჰს თანაზიარს უდგენდა.

203. ანასი გადმოსცემს: ერთმა კაცმა იკითხა: ალლაჰის შუამავალო, სად არის მამაჩემი? ჯოჯოხეთში - უპასუხა მან. როდესაც ის მიბრუნდა დაუძახა მას და უთხრა: მამაჩემიც და მამაშენიც ჯოჯოხეთში არიან.

214. აიშამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხა: ალლაჰის შუამავალო! იბნ ჯუდ'ანი ნათესავებს მხარში ედგა, ღარიბებს აპურებდა. იმქვეყნად მიიღებს თუ არა ამის სანაცვლოდ სარგებელს? ალლაჰის შუამავალმა უპასუხა: არა, მის მიერ ნამოქმედარი სიკეთეები მას ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს, რადგანაც მას, ერთ დღესაც კი არ უთქვამს, რომ ღმერთო განკითხვის დღეს ცოდვები მაპატიეო.

215. ამრ იბნ 'ასი გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შესამჩნევად, არათუ ფარულად:
მამაჩემის შთამომავლები არიან ესა და ეს, მაგრამ არ არიან ჩემი მეგობრები. ჭეშმარიტად, ალლაჰი და ღვთისმოსავი მორწმუნეები არიან ჩემი მეგობრები.

220. „ჰუსაინ იბნ ‘აბდურ-რაჰმანმა მოჰყვა: „ერთხელ სა’იდ იბნ ჯუბაირთან ერთად ვიყავი, როცა მან იკითხა: რომელმა თქვენგანმა ნახა გუშინ ვარსკვლავის მოწყვეტა? მე ვნახე მეთქი - ვუპასუხე - მაგრამ მე არ ვლოცულობდი, რადგან შხამიანმა მორიელმა მიკბინა.
მან მკითხა - აბა რას აკეთებდი? მე ვუპასუხე - ვკითხულობდი რუყიას (გამოლოცვას) რატომ გააკეთე ეს? იმიტომ რომ აშ-შა’ბისგან მოვისმინე ამაზე. რა მოისმინე? ბურაიდა იბნ ჰუსაიბს უთქვამს, რომ რუყიის კითხვა შეიძლება მხოლოდ ავ თვალზე და შხამიან
ნაკბენზე. სა’იდმა თქვა: წარმატებულია ის, ვინც განახორციელა თავისი ცოდნა. მაგრამ იბნ ‘აბბასმა მოგვიყვა ჩვენ, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე მაჩვენეს ჩემს წინ მოსულ შუამავალთა და წინასწარმეტყველთა მიმდევრები. მე დავინახე ზოგი შუამავალი რამდენიმე მიმდევრით, ზოგიერთი შუამავალი ერთი და ორი მიმდევრით იყო, ხოლო ზოგიერთიც მარტო. შემდეგ უცებ დავინახე დიდი ჯგუფი და მეგონა ეს ჩემი ხალხის კრება. მაგრამ მითხრეს, რომ ეს მუსა და მისი ხალხიაო. შემდეგ დავინახე უფრო დიდი ჯგუფი და მითხრეს - ეს არის შენი ხალხი. 70 ათასი მათგანი პირდაპირ შევა სამოთხეში განკითხვისა და სასჯელის გარეშე. მერე კი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ადგა და შევიდა სახლში. ხალხმა დაიწყო განსჯა,
თუ ვინ იყო ეს 70 ათასი კაცი. ზოგიერთები ამბობდნენ - ეს მუჰამმად შუამავლის უახლოესი თანამიმდევრები იქნებიანო. მეორე ნაწილი ამბობდა - ეს ისინი იქნებიან, ვინც ისლამში დაიბადა და ალლაჰისათვის თანაზიარი არ დაუდგენიაო. გამოითქვა სხვა აზრებიც. როცა ალლაჰის შუამავალი გამოვიდა სახლიდან, მას მოუყვნენ ამ კამათის შესახებ და მან თქვა: ეს ის ხალხია, ვინც არ ითხოვს რუყიის კითხვას, ვინც არ მოიწვავს ჭრილობებს, ვისაც არ სჯერა ცრურწმენების (კარგი და ავი ნიშნებისა) და რომლებიც მხოლოდ ღმერთს მოიიმედებენ. ამ დროს ‘უქქაშა იბნ მიჰსანი წამოდგა და თქვა: შეევედრე ალლაჰს, რომ მე ვიყო ერთ-ერთი
მათგანი. შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)თქვა: შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი. შემდეგ კიდევ ერთი წამოდგა და თქვა: შეევედრე ალლაჰს, რომ მეც ვიყო ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ შუამავალმა უპასუხა: „უქქაშამ მოასწრო.“