23:37    2025-07-08
საუკეთესო ქველმოქმედება

საუკეთესო ქველმოქმედება არის უცოდინარისათვის სწავლება, ან უყურადღებოს გამოღვიძება. (იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალი, „მაჯმუ’ რასაილ“, ტ.5, გვ.187)

სწორი ცოდნის გავრცელება ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედებაა. ცოდნის გადაცემა არ არის სპონტანური ან ქაოსური პროცესი — მას აქვს თავისი ეტაპები და წესები. სწავლება უნდა ხდებოდეს თანმიმდევრულად, მოთმინებით, კეთილშობილურად და ეთიკური ნორმების დაცვით. სწავლება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ არის — ის გულისხმობს გულწრფელ ზრუნვას მოსწავლეზე, მის მდგომარეობაზე მორგებულ მიდგომას და სიბრძნით წარმართულ პროცესს.

ამაზე საუბრობს ცნობილი სწავლული სუფიან ას-საურიც, რომელიც ცოდნის მიღების ოთხ ძირითად საფეხურს გამოყოფს:

  1. დუმილი – ეს არის საწყისი ეტაპი, რადგან ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ცოდნა, უნდა მოერიდოს რელიგიაზე საუბარს. უცოდინრად საუბრით ხშირად შეცდომაში შედის როგორც თვითონ, ისე სხვები. ამიტომ ცოდნის გარეშე საუბარს დუმილი სჯობს.

  2. მოსმენა და დამახსოვრება – შემდეგი საფეხური გულისხმობს გულისყურით მოსმენას და მოსმენილის დამახსოვრებას. 

  3. ცოდნის მიხედვით ქმედება – მიღებული ცოდნა უნდა აისახოს ადამიანის ქცევასა და ცხოვრებაში. თეორია მხოლოდ მაშინ ფასობს, როცა ის მოქმედებაში გადადის.

  4. ცოდნის გავრცელება და სხვების სწავლება – მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ადამიანი თავად მოიხვეჭს ცოდნას და იმოქმედებს მის მიხედვით, ეძლევა უფლება და პასუხისმგებლობა, რომ სხვებსაც გაუზიაროს ეს ცოდნა.

(წყარო: ჰილიათულ ავლია, ტ.6, გვ.631)