23:27    2025-09-04
შაიტანის მახეები

ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა:
„როდესაც შაიტანი გამოდევნეს დედამიწაზე, მან თქვა:
— ღმერთო ჩემო, რადგანაც გამომდევნე დედამიწაზე, მომეცი სახლი.

ალლაჰმა უთხრა:
— შენი სახლი არის საპირფარეშო.

შაიტანმა სთხოვა შეხვედრის ადგილი და უპასუხეს:
— ბაზრები და გზაჯვარედინები არის შენი შეკრების ადგილები.

მან სთხოვა საჭმელი და შეახსენეს:
— ყველაფერი, რაშიც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული.

როცა სასმელი ითხოვა, უპასუხეს:
— ყველა მათრობელა სასმელი.

ითხოვა მქადაგებლები, და უთხრეს:
— მომღერლები.

ითხოვა საკითხავი, და უპასუხეს:
— ეს არის პოეზია.

ითხოვა დამწერლობა, და უთხრეს:
— ეს არის ტატუირება.

ითხოვა გადმომცემები, და უპასუხეს:
— ეს არის ტყუილის გამავრცელებლები.

ითხოვა მოციქულები, და შეახსენეს:
— ისინი არიან ჯადოქრები და მკითხავები.

ბოლოს, როცა ხაფანგი ითხოვა, უპასუხეს:
— ისინი არიან ქალები.“


(იბნ აბი დუნია 43)  (ალ-მუ'ჯამ ალ-ქაბირ ლიტტაბარი 8:207)

  • სახლი — საპირფარეშო.

იქ არის სიბინძურე და უსუფთაობა. დღეს საპირფარეშოები სუფთავდება, იწმინდება მაგრამ მაინც არაჰიგიენურ გარემოდ ითვლება. ამიტომ შუამავალმა ﷺ გვასწავლა, რომ საპირფარეშოში შესვლისას ვთქვათ: ალლაჰუმმა ინნი ა'უზუბიქა მინალ ხუბსი ვალ ხაბაის (ო ალლაჰ, შენ მოგეკედლები მდედრი და მამრი შაიტნისგან (სატანისგან)) (ბუხარი 142)

  • შეკრების ადგილი — ბაზრები და გზაჯვარედინები.

ბაზარში ბევრი ხმაური, ტყუილი, თაღლითობა, ფუჭი ფიცი, ფასის და ზომა/წონის მოტყუებაა. გზაჯვარედინებზე კი — იფანტება გონება და დაუცველობაა. სწორედ ასეთ ადგილებში ყველაზე აქტიურია შაიტანი.

  • საჭმელი — ის, რაშიც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული.

ამიტომ მუსლიმმა ჭამისას უნდა თქვას „ბისმილლაჰ“. თუ არ ახსენა, შაიტანი უერთდება და ჭამს მასთან ერთად.

  • სასმელი — მათრობელა.

ალკოჰოლი არის „შაიტანის სასმელი“, რადგან ფანტავს ადამიანს გონებას და აშორებს ლოცვას და ალლაჰის ხსენებას.

  • მქადაგებელი — მომღერლები.

იგულისხმება მუსიკა და სიმღერა, რომელიც ამძაფრებს ვნებებს, ავიწყებს ალლაჰს და იწვევს ალლაჰისადმი ურჩობას.

  • საკითხავი — პოეზია.

ანუ შაიტანი ცდილობს ყურანის ნაცვლად ადამიანის გული და გონება „ფუჭი სიტყვებით“ შეავსოს. აქ იგულისხმება არა ყოველი პოეზია, არამედ ის, რომელიც ადამიანებს ალლაჰის გზას აშორებს.

  • დამწერლობა — ტატუირება.

რადგან ის არის სხეულზე ამოტვიფრული ნიშანი, რომელსაც ალლაჰმა აკრძალა. ეს „შაიტანის დამწერლობაა“.

  • გადმომცემები — ტყუილის გამავრცელებლები.

შაიტანი ყველაზე მეტად ეყრდნობა ტყუილს. ვინც ტყუილს ავრცელებს, მისი გზავნილის გადმომცემია.

  • მოციქულები — ჯადოქრები და მკითხავები.

ისინი შაიტანისგან იღებენ ამბებს და ადამიანებს სიცრუეს ასწავლიან და უყვებიან.

  • ხაფანგი — ქალები.

ყველაზე ძლიერი საცდური მამაკაცისთვის, თუ ის ალლაჰის საზღვრებს არ იცავს.  შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემს შემდეგ არაფერი დამიტოვებია იმაზე უფრო მძიმე და საზიანო ფიტნა/საცდური კაცისთვის, ვიდრე ქალი.  (ბუხარი 5096)

ეს გადმოცემა გვაფრთხილებს, რომ შაიტანი სხვადასხვა კუთხით გვიტევს. მისი „სახლი, საკვები, სასმელი, წიგნი და ხაფანგები“ ყველა დაკავშირებულია იმ ადგილებთან და საქმეებთან, სადაც ადამიანები ადვილად კარგავენ ღვთისმოშიშებას. ამიტომ მორწმუნემ ყოველთვის უნდა ახსენოს ალლაჰი, მოერიდოს იმ ადგილებს და საქმეებს, სადაც შაიტანის ზეგავლენა ძლიერია, და განსაკუთრებით ყურადღებით იყოს ქალებთან მიმართებაში, რადგან ეს არის ყველაზე დიდი საცდური.  და ალლაჰმა უკეთ იცის