21:24    2025-10-05
რა შეუძლიათ მტრებს?

იბნ ალ-ყაიმი გადმოსცემს: ​შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ ერთხელ მითხრა: რა შეუძლიათ გამიკეთონ მტრებმა? სადაც არ უნდა წავიდე ჩემი სამოთხე ჩემს გულშია. ისინი ჩემთან არიან და არასდროს მტოვებენ. თუ დამაპატიმრებენ, თაყვანისცემისთვის განვმარტოვდები. თუ მომკლავენ, ეს მოწამეობაა (შეჰიდობა), თუ გამაძევებენ ჩემი ქვეყნიდან, წავალ სამოგზაუროდ, რათა დავათვალიერო ღმერთის შექმნილი სამყარო. (ალ-ვაბილ ალ-საიბ 1/48)

ძლიერი და თავისუფალი მხოლოდ ის ადამიანია, ვისი გულიც ღმერთთან არის დაახლოებული. როცა ადამიანის ბედნიერება და სიმშვიდე მოდის რწმენისგან და არა მატერიალური სარგებელის გამო, მას ვერაფერი დააშინებს.  იბნი თაიმიას ციხე, მუქარა, დევნა... არაფერი არ აშინებდა, რადგან მისი სულიერი სიმშვიდე არ იყო ირგვლივ არსებულ გარემოებებზე დამოკიდებული. 

სიტყვებს - თუ დამაპატიმრებენ, თაყვანისცემისთვის განვმარტოვდები. სხვა ადამიანი ამას დანაკარგად აღიქვამდა, მაგრამ იბნ თაიმია ხედავდა მას როგორც შესაძლებლობას, რომ განმარტოებით და ლოცვით უფრო მეტად მიუახლოვდებოდა ღმერთს. 

თუ გამაძევებენ ჩემი ქვეყნიდან, წავალ სამოგზაუროდ, რათა დავათვალიერო ღმერთის შექმნილი სამყარო  - მისი რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვეყნიდან გაძევებაც კი მისთვის ახალი წყალობის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების საშუალება იყო. 

იბნი თაიმია ძლიერ მორწმუნესთან ერთად ვაჟკაცი და მამაცი პიროვნებაც იყო, მის შესახებ გადმოცემულია წიგნში 'ალ-აყიდა ალ-ვასითია' შემდეგი:

სირიის ხალხმა გაგზავნა იბნი თაიმია ეგვიპტეში მამლუქების სულთანთან, რომელიც ეგვიპტისა და სირიის სულთანი იყო. მათ სურდათ რომ სულთანს ჯარი სირიისაკენ გამოეყვანა რადგან თათრებისგან დაეცვა. როცა შენიშნა რომ სულთანი თავს იკავებდა მან დაემუქრა: "თუ სირიას ზურგს აქცევ, მაშინ იქ ავირჩევთ ახალ სულთანს, რომელიც დაიცავს და მშვიდობით მართავს მას!". იგი ასევე დამასკოსთან ახლოს თათრების წინააღმდეგ შაყაბის ბრძოლაშიც გახლდათ. ბრძოლა მარხვის თვის რამადანში მიმდინარეობდა და მან გასცა მებრძოლ ჯარს ფათვა, გაეტეხათ მარხვა, რომ დახმარებოდნენ მტრის წინააღმდეგ. როგორც შუამავალი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მექქის განთავისუფლების ბრძოლაში მოიქცა. მუსლიმანებმა მოიგეს თათრების წინააღმდეგ ბრძოლა და გაყარეს ისინი დამასკოდან და მთლიანი სირიიდან.

იბნთაიმიას ვაჟკაცობამ ასევე გამოიჩინა თავი, როცა იგი ყაზანთან, თათრების ხანთან მოლაპარაკებებზე სწავლულების დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. მიზანი იყო შეეჩერებინა ის მუსლიმანებზე თავდასხმისგან. სწავლულთაგან ვერცერთმა ვერ გაბედა ამოეღო ხმა, იბნი თაიმიას გარდა. მან თქვა: "შენ ამტკიცებ, რომ მუსლიმანი ხარ და შენს ირგვლივ მუეზინები, ყადები, იმამები, და შეიხები გყავს. და მაინც თავს დაგვესხი და აიღე ჩვენი ქვეყანა, რატომ? მამაშენი და ბაბუაშენი ურწმუნოები იყვნენ, და მათ არ დაესხნენ ისლამურ ქვეყანას თავს. პირიქით, მათ ჰქონდათ დაპირება, რომ არ დაესხმოდნენ თავს და შეასრულეს მათი დანაპირები. შენ დაგვპირდი მაგრამ გატეხე შენი დაპირება."
(იბნ ქასირ, ალ-ბიდაია ვან-ნიჰაია, ტომი 7, ნაწილი 14, გვერდი 91-92)

და ალლაჰმა უკეთ იცის