მუჯაჰიდი ამბობდა: ვინც ამ ორი რამისგან თავს დაიცავს, მაშინ მარხვა ძალაშია. ესენია: ცილისწამება და ტყუილი. (მუსანაფ იბნ აბი შეიბა 5/464)
მარხვა მხოლოდ საჭმლისა და სასმლისგან თავის შეკავება არ არის. მისი არსი არის სულიერი განწმენდა. თუ ადამიანი თავს არიდებს ცილისწამებასა და ტყუილს, იგი იცავს თავის მარხვას. ენა ხშირად ყველაზე დიდი გამოცდაა მარხვის დროს. ვინც მას აკონტროლებს, მან უკვე წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არსებობენ ხალხი, რომლებსაც, არაფერი რჩებათ მარხვისგან შიმშილის გარდა, და არაფერი რჩებაჩ მათი ლოცვისგან უძილო ღამეების გარდა. (იბნ მაჯა 1690)
ეს სიტყვები გვაფრთხილებს, რომ ფორმალური თაყვანისცემა საკმარისი არ არის. შეიძლება ადამიანი მთელი დღე მარხულობდეს და ღამე ლოცულობდეს, მაგრამ თუ მისი გული და საქციელი არ იცვლება, სულიერი სარგებელი არ ექნება. მარხვა უნდა ასწავლიდეს მოთმინებას, თავმდაბლობას და სინანულს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხოლოდ შიმშილად და წყურვილად რჩება.
აბუ ალიამ თქვა: მარხული ადამიანი თაყვანისცემაში იმყოფება მანამ, სანამ არ დაიძინებს ან არ ილაპარაკებს ზურგსუკან. (იმამ აჰმადის ზუჰდი ტომი 4 გვ 313)
რამადანი და მარხვა განსაკუთრებული მდგომარეობაა. მარხული ადამიანი თითქოს მუდმივ თაყვანისცემაშია, მისი დუმილიც კი ფასობს. მაგრამ ზურგსუკან ლაპარაკი ამ მდგომარეობას არღვევს. ამიტომ საჭიროა ენის დაცვა, რადგან ერთმა სიტყვამ შეიძლება გააფუჭოს მთელი დღის დაცული მარხვა.
ანას იბნ მალიქმა თქვა: თუ მარხული ადამიანი ჭორაობს (ე.ი ზურგსუკან ლაპარაკობს) მაშინ, მისი მარხვა დარღვეულია. (ჰუნად იბნ ალ-სარის ზუჰდი გვ 1204)
აქ იგულისხმება არა ფიყჰური (იურიდიული) დარღვევა, არამედ სულიერი დარღვევა. მარხვა მხოლოდ საკვებზე უარის თქმა არ არის, ის არის ხასიათის გამოსწორება. ჭორაობა აზიანებს მარხვის სიბრძნეს და ართმევს მას ღირებულებას. ამიტომ მარხვა უნდა გახდეს საშუალება, რომ ადამიანი ენის ცოდვებს შეეშვას.
სულეიმან იბნ მუსამ (გ. ჰიჯრიდან 119) თქვა: როდესაც შენ მარხულობ, ასევე მარხულობს შენი სასმენელი და თვალები, ასევე მარხულობს შენი ენა, რომელიც უნდა დაიცვა ტყუილისგან და არ უნდა ავნო სხვას არაფერი. ნუ გაატარებ დღეს მარხვაში ისე, თითქოს არ გიმარხია. (თარიხ დიმაშყ ტომი 22 გვ 389)
ეს სიტყვები გვასწავლის, რომ მარხვა არის სულიერი მდგომარეობა. უნდა „იმარხულოს“ თვალმა, არ შეხედოს აკრძალულს; ყურმა, არ მოუსმინოს ცუდს; ენამ, არ თქვას სიავე. ნამდვილი მარხვა არის ყოვლისმომცველი თავშეკავება. თუ ადამიანი დღის ბოლოს ისეთივეა, როგორიც დილით იყო, მაშინ მან მარხვის სიღრმე ვერ შეიგრძნო. მარხვა არის შანსი, რომ ადამიანი შეიცვალოს, არა მხოლოდ ერთი თვით არამედ მთელი წლით და ცხოვრებით.
და ალლაჰმა უკეთ იცის