15:04    2026-02-24
პირადი გადაწყვეტილება არ არის მრწამსი


იბრაჰიმ ალ-ჰარბიმ თქვა:  მე არასდროს დამიჩივლია დედაჩემთან, ან ჩემს დასთან, ცოლთან და ქალიშვილებთან ჩემი ცხელების შესახებ. ნამდვილი მამაკაცი ის არის, ვინც ითმენს ტანჯვას, რათა ოჯახი არ დააზარალოს. მე ოცდახუთი წელია შაკიკი მაწუხებდა და ეს არავისთვის მითქვამს. მე ასევე დავბრმავდი ცალი თვალით უკვე ოცი წელიწადია და არავისთვის მითქვამს ეს.  (ტინათ ალ-ჰანა ბილათ 10)

არ შეიძლება რომელიმე სწავლულის ან მეცნიერის გამონათქვამი ავიყვანოთ მრწამსის)დონეზე. სუნნეთში აკრძალული არ არის, რომ შენს ოჯახს აცნობო შენი ავადმყოფობის შესახებ რადგან მკურნალობა დაიწყო. პირიქით ნებადართულია ავადმყოფობის გაცხადება და მკურნალობა.

იბრაჰიმ ალ-ჰარბის ნათქვამი სიტყვები არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება და რწმენის სიმტკიცე, თუმცა არ შეიძლება ამ კაცის გადაწყვეტილება ავიყვანოთ მრწამსის დონეზე.

ასევე გადმოცემით ვიცით, რომ აჰმად ბინ ჰანბალი როცა ურწმუნოს ხედავდა თვალებს ხუჭავდა (ალლაჰმა უკეთ იცის მართალია თუ არა) ხოლო სუნნადან ვიცით, რომ ალლაჰის შუამავალი მოუწოდებდა და ელაპარაკებოდა ურწმუნოებს თუმცა თვალებს არ ხუჭავდა.

გამომდინარე აქედან ეს არის იმამ აჰმადის პირადი გადაწყვეტილება და არ შეიძლება იყოს მუსლიმის მრწამსი.

და ასე ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.   ეს რელიგია, ისლამი არის ყურანი და სუნნეთი.  რაც ამათშია სწორედ ის უნდა იყოს მრწამსი.

სწავლულების პირადი გადაწყვეტილებები ჩვენთვის მისაღები და მოსაწონია თუ ყურანს და სუნნას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მათი გაკეთებული ვერ იქნება მუსლიმის მრწამსი. ყველაფერს სჭირდება სწორად გაგება:

უნდა ვიცოდეთ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი: ისლამში მრწამსის (აყიდის) წყარო არის მხოლოდ ყურანი და სუნნეთი, და არა რომელიმე ადამიანის პირადი ღვაწლი, სიმტკიცე ან ასკეტიზმი, რაც არ უნდა დიდი სწავლული იყოს იგი.

იბრაჰიმ ალ-ჰარბის მოთმინება უდავოდ დიდი მაგალითია სიმტკიცისა და მოთმინებისა. მაგრამ მისი პირადი არჩევანი - რომ წლების განმავლობაში არავისთვის ეთქვა თავისი ავადმყოფობის შესახებ, არ შეიძლება ვაქციოთ სავალდებულო წესად ან მრწამსის ნაწილად. ისლამში მოთმინება (საბრი) საქებარი ქმედებაა, თუმცა ასევე საქებარია მიზეზების გამოკვლევა და მკურნალობის დაწყება.

ალლაჰი ამბობს:

..თავი საფრთხეში არ ჩაიგდოთ თქვენივე ხელით...  (ბაყარა 2:195)

ეს აიათი მიუთითებს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება უგულებელყოს საკუთარი ჯანმრთელობა.

როდესაც ალლაჰმა იბრაჰიმის ამბავი გვაცნობა, ჩვენ ვხედავთ იბრაჰიმის ნათქვამ სიტყვას:

75. უთხრა: განა გიფიქრიათ, რას ეთაყვანებით
76. თქვენ და თქვენი წინაპრებიც?
77. ჭეშმარიტად, ისინი ჩემი მტრები არიან, გარდა სამყაროთა ღმერთისა.
78. რომელმაც გამაჩინა, სწორედ იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე.
79. რომელიც მაჭმევს და მასმევს.
80. და როცა ავად ვხვდები, მაჯანსაღებს.
81. რომელიც მომაკვდინებს და მერე გამაცოცხლებს..
(შუღერა 26:75-81)

კონკრეტული სწავლულის ქმედება, თუნდაც დიდი იმამის, არ ხდება ავტომატურად შარიათის საყოველთაო წესი. 

სწავლულების სიტყვები ფასეულია, პატივსაცემია და მისაღებია, თუ ისინი ეთანხმება ყურანსა და სუნნეთს. მაგრამ მათი პირადი გადაწყვეტილებები, ასკეტიზმი ან განსაკუთრებული სიფრთხილე ვერ იქნება მრწამსის ნაწილი.

ისლამი არის ღმერთისგან გამოცხადებაზე დაფუძნებული რელიგია, და არა ადამიანების პირად გამოცდილებაზე.  მრწამსი იქმნება ტექსტით (ნასსით), არა ემოციით ან პირადი მაგალითით.  სწორი გაგება არის ზომიერება: პატივი ვცეთ სწავლულებს, ვისარგებლოთ მათი ცოდნით, მაგრამ მრწამსში დავეყრდნოთ მხოლოდ იმას, რაც სანდო ჯაჭვით არის გადმოცემული ყურანსა და სუნნეთში. და ბოლოს ჰადისი, რომელიც ნებას გვრთავს მკურნალობაზე:

უსამა ბინ შარიქი გადმოსცემს: რამდენიმე ბედუინი მოვიდა და იკითხა: ალლაჰის შუამავალო, ვიმკურნალოთ? - ჰეი ალლაჰის მსახურებო იმკურნალეთ. ღმერთს არ გაუჩენია არცერთი ავადმყოფობა ისე, რომ არ გაეჩინა მისი წამალიც, გარდა ერთი დაავადებისა. მას ჰკითხეს: და რა არის ეს ალლაჰის შუამავალო? - სიბერე - უთხრა მათ. (თირმიზი 2038)

ალლაჰმა უკეთ იცის