კატეგორია > პასუხები
22. ვინც შეიცვლის რელიგიას
განდგომილების შესახებ
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა.
როდესაც მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მედინაში გადავიდა მრავალწლიანი სასტიკი და ძალადობრივი დევნის შემდეგ, ისლამის მტრებმა მრავალ ხერხს მიმართეს ახლად ჩამოყალიბებული მუსლიმური თემის დასამარცხებლად, რადგან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება ვერ შეძლეს.
მუსლიმური საზოგადოების დემორალიზაციის ერთ-ერთი მეთოდი იყო ერთდროული "განდგომილების კამპანია", რომელსაც ატარებდნენ თვალთმაქცები, ხალხი, რომელიც მუსლიმებად ასაღებდნენ თავს, მაგრამ განზრახული ჰქონდათ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიმდევრების განადგურება.
ალლაჰმა თქვა:
და თქვა წიგნის ხალხის ერთმა ჯგუფმა: „ის, რაც გარდმოევლინა მორწმუნეებს, ირწმუნეთ დღის დასაწყისში და უარყავით დღის ბოლოს, ეგების უკან მოიქცნენ. (ალი იმრანი 3:72)
აბუ მალიქ ალ-ღაფარი, საჰაბეების ერთ-ერთი მოსწავლე განმარტებაში წერდა: იუდეველებმა უთხრეს ერთმანეთს: 'დღის დასაწყისში მიიღეთ ისლამი და დღის ბოლოს განუდექით, რათა მათ მიატოვონ მათი რწმენა.' შემდეგ კი ალლაჰმა მათი საიდუმლობები გამოავლინა. (თაფსირ ატ-ტაბარი 5:496)
ეს კონკრეტული იუდეველები და არა ყველა, რადგან მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ზოგიერთ მათგანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ეს თვალთმაქცი იუდეველები, ისლამის მიღების დიდ დემონსტრირებას და შემდეგ განდგომილობის დიდ დემონსტრირებას ახდენდნენ. ეს იყო ფსიქოლოგიური ომის ტაქტიკა - სწრაფად მზარდი მუსლიმური თემის დესტაბილიზაციის მცდელობა. შესაბამისად, განდგომილობა ღალატის ტოლფასი იყო.
ამ კონტექსტში ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდეგი ბრძანება გასცა: 'ვინც შეიცვლის რელიგიას, მოკალით. (ბუხარი 6922)
ისლამის სწავლულებს მრავალი მოსაზრება ჰქონდათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ განდგომილებისთვის, დაწყებული მათი სიკვდილით დასჯიდან მონანიების შესაძლებლობის მიცემის გარეშე და დამთავრებული იმის იმედით დაპატიმრება, რომ საბოლოოდ მოინანიებდნენ. როგორც ცნობილია, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და მისმა საჰაბეებმა ამ სერიოზული პრობლმების გადაჭრის სხვადასხვა გზებს მიმართეს.
ერთი მტკიცებულების საფუძველზე, მუსლიმები განდგომილებს განუსაზღვრელი ვადით აპატიმრებდნენ იმ იმედით, რომ საბოლოოდ მოინანიებდნენ.
ანას ბინ მალიქი იუწყება: მე ვთქვი: მორწმუნეთა მმართველო, ზოგიერთმა ადამიანმა ისლამი მიატოვა და წარმართებს შეუერთდა. მათი სიკვდილის დასჯის გარდა სხვა რა უნდა გაკეთდეს? უმარ ბინ ხატტაბმა ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, თქვა: 'ის, რომ მშვიდობიანი პირობებით შევხვდე მათ, და ეს უფრო საყვარელია ჩემთვის, ვიდრე ყველაფერი რაზეც მზე ამოდის ჰორიზონტიდან ზენიტამდე. (ე.ი მთელი სამყაროზე უკეთესია). მე შევთავაზებდი კარს, საიდანაც გამოვიდნენ რომ ისევ შესულიყვნენ მასში. თუ ასე მოიქცეოდნენ მათგან მივიღებდი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში ჩავსვამდი. (მუსანაფ იბნ აბდ ალ-რაზზაყ 18696)
ამ გადმოცემაში უმარი გამოთქვამდა სურვილს, მშვიდობიანად მიეღო განდგომილები და ჩაესვა ციხეში მონანიებამდე. ქუფას სულ მცირე ორმა მნიშვნელოვანმა ადრეულმა სწავლულმა, სუფიან ას-სავრიმ და იბრაჰიმ ან-ნაჰაიმ უმარის ავთენტური ცნობა მოიყვანეს იმის დასამტკიცებლად, რომ პატიმრობა სასურველი იყო, ხოლო სიკვდილით დასჯა კი უკიდურესი საშუალება, თუ მონანიების იმედი არ არსებობდა.
იმამ აბდურრაზზაყი, რომელიც უმარის გადმოცემას ყვებოდა, ამას მოაყოლა შემდეგი გადმოცემები: იბრაჰიმ ან-ნაჰაიმ განდგომილებზე თქვა: 'ის განუსაზღვრელი ვადით არის დაკავებული მონანიებამდე.' ხოლო სუფიან ას-სავრიმ თქვა: 'ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიცავთ'. (მუსანაფ აბდ არ-რაზზაყ 10:65-66)
იმამ იბ ნ ქასირმა, უმარ ბინ ხატტაბის სიტყვებს შემდეგი კომენტარი გაუკეთა: რაც შეეხება მათ დაპატიმრებას მონანიებამდე, ამ გადმოცემაში მოცემულია სუფიან ას-სავრის და მისი თანხმობის მქონე პირების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც განდგომილს მოუწოდებენ მონანიებისკენ და მას ეძლევა ვადა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მისი მონანიების იმედი არსებობს; ეს არის იბრაჰიმ ან-ნაჰაის განცხადების მნიშვნელობაც. (მუსნად აჰმად ალ-ფარუყი 2:284)
იმამ ალ-აინი კი ამბობდა: უმარის გადმოცემას ციტირებდნენ ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ განდგომილნი განუსაზღვრელი ვადით უნდა ყოფილიყო დაკავებული და არა მოკლული. (ნუხბა ალ-აფყარი 12:164)
იბნ ჰაზმი: ვინც განდგომილებს მონანიების საშუალებას აძლევს და მხოლოდ აკავებს, თავიანთ აზრს ადასტურებენ იმით, რომ ღმერთმა მუსლიმებს ისლამისკენ მოწოდება დაავალა ლამაზი ფორმით. ამრიგად მათი მონანიებისკენ მოწოდება კარგია. ჩვენი ღმერთის გზისკენ მოწოდება სიბრძნით და ლამაზი ქადაგებით, სიკეთით მოწოდება, სიკეთისკენ მოწოდება და სიავის აკრძალვა - ეს არის ვალდებულება.
(ალ-მუჰალლა ბილ ასარ 12:114)
ალლაჰის სიტყვა:
მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კარგი შეგონებით, ეკამათე იმით, რაც საუკეთესოა. ჭეშმარიტად, შენმა ღმერთმა უკეთ იცის, თუ ვინ აცდა მის გზას და უკეთ იცის ჭეშმარიტ გზაზე მყოფებს! (ნაჰლ 16:125)
საჰლ იბნ სა'დი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვფიცავ ალლაჰს, თუ იგი დააყენებს ერთ ადამიანსაც შენი საშუალებით ჭეშმარიტ გზაზე, ეს უმჯობესი იქნება შენთვის, ვიდრე წითური აქლემების ჯოგი. (ბუხარი 3009)
ერთხელ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თავის საჰაბეს, უსმან ბინ აფფანს, ნება დართო ეშუადმგომლა განდგომილ კაცზე და მისი მფარველობის ქვეშ ყოფილიყო.
გადმოცემულია, რომ ეს იყო აბდულლაჰ იბნ სა'დ აბი სარჰი, რომელიც ეგვიპტის მმართველი იყო და რომელმაც წერილი მისწერა მოციქულს. შაიტანმა (ეშმაკი) შეიყვანა იგი შეცდომაში, რის გამოც წავიდა და ურწმუნოებს შეურთდა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა რომ იგი მოკლან მექქის დაპყრობის დღეს. მაგრამ უსმან იბნ აფფანმა მისთვის დაცვა ითხოვა. და მოციქულმა მას უფლება მისცა დაეცვა. (ნასაი 4069)
ამ ინციდენტმა აჩვენა თუ რამდენად გონივრულია განდგომილებისთვის დროის მიცემა მონანიებისთვის და მათი არ დასჯა. აგრეთვე სალაფთაგან ბევრი გადმოცემაა, რომ ისინი კრძალავდნენ განდგომილი ქალების სიკვდილით დასჯას იმ მოტივით, რომ ქალი, როგორც წესი არ არის მებრძოლი.
ცნობილი სწავლული ალ-ლაისი წერდა: 'ათა (წინამორბედი სწავლული) ამბობდა განდგომილი ქალის შესახებ. 'არ მოკლათ'. (მუსანაფ იბნ აბი შეიბა 32774)
ასეთი ინციდენტები და მათთან დაკავშირებული მოსაზრებები ეჭვქვეშ აყენებს განდგომილების სიკვდილით დასჯას. არის თუ არა ეს ფიქსირებული სასჯელი შარიათში, რომელიც ყველა გარემოებაში უნდა შესრულდეს და თუ ეს არის თა'ზირი რომელიც მმართველის გადასაწყვეტია გარემოებიდან გამომდინარე?
ხშირ შემთხვევაში ეს არის თა'ზირის საკითხი - როცა მმართველი ან მოსამართლე გაითვალისწინებს გარემოებებს, მოსალოდნელ საფრთხეებს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. შარიათში ამ თემის მიმართ ფიქსირებული სასჯელი არ არის და უმეტეს შემთხვევაში არავის სჯიან.
არსებობს არგუმენტი, რომ ყველა განდგომილის დასჯა ნებისმიერ ვითარებაში არ არის აუცილებლად გამართლებული, თუ ეს უფრო მეტ ზიანს მოიტანს ვიდრე სარგებელს.
ჯაბირ ბინ აბდულლაჰმა გადმოგვცა: აბდულლაჰ იბნ უბაიმ რომელზეც იყო ეჭვი რომ თვალთმაქცობდა, უპატივცემულოდ მოიხსენია მუჰაჯირები, მექადან გადასახლებული მუსლიმები. უმარ ბინ ხატტაბმა უთხრა მოციქულს: 'ნება მომეცი ამ თვალთმაქცს კისერი მოვაჭრა' მოციქულმა მას უთხრა: 'თავი დაანებეთ, მერე ხალხი იტყვის, რომ მუჰამმადი მის საჰაბეებს კლავს' (მუსლიმი 1063)
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სიცოცხლის ხელყოფა ისლამური კანონის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხია. მორწმუნეები, რომლებიც ბუნებით რბილები და კეთილები არიან, ყველაზე ფრთხილები არიან სიკვდილით დასჯის წესის გამოყენებაში, რადგან მას იყენებენ მხოლოდ უფრო დიდი ბოროტების მოსაგერიებლად.
აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც ერთგულების ფიცი იქნა აღებული ორი ხალიფისთვის, მოკალით ის, ვინც აიღო ფიცი მოგვიანებით. (მუსლიმი 1853)
ისლამში მკვლელობა გაუმართლებელია, თუმცა ასეთი სურათი წარმოიდგინეთ: 'ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომელიც მართავს და გამოჩნდა კაცი, რომელმაც თავი გამოაცხადა მმართველად და ლეგიტიმურ მმართველს ეცილება ხელისუფლებისთვის, თუ თვითმარქვია მმართველს დასჯიან, ეს საზოგადოებას თავიდან აარიდებს სამოქალაქო ომს. თუ მისცემდნენ თვითმარქვიას თავისუფალ ნებას, ის შემოიკრებს თანამოაზრეებს და საზოგადოება გაიხლიჩება და უარეს შემთხვევაში მოხდება სამოქალაქო ომი.'
სწორედ ამიტომ ვთქვით ზემოთ რომ 'მას იყენებენ მხოლოდ უფრო დიდი ბოროტების მოსაგერიებლად.'
აბდულლაჰ იბნ მას'უდმა გადმოგვცა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'მკვლელობაში ყველაზე მერყევი ხალხი მორწმუნეები არიან.' (აბუ დავუდ 2666)
იმამ ალ-სანანი აკეთებს განმარტებას: ამის არსი ის არის, რომ მკვლელობას ყველაზე მეტად ის ხალხი გაურბის, ვინც არიან მორწმუნეები, რადგან რწმენა, რომელსაც ისინი თან ატარებენ გულით, აკავებს მათ მკვლელობისგან (ალ-თანვირ შარჰ ალ-ჯამი' ალ-საღირ 2:508)
ასევე ისლამის პრინციპია, რომ ადამიანებს რწმენა არ უნდა დააძალო და რწმენის მიღება უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ალლაჰის სიტყვა:
იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან.... (ბაყარა 2:256)
და თქვი: ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგანაა, ვისაც სურს, ირწმუნებს, და ვისაც სურს, არ ირწმუნებს!... (ქაჰფ 18:29)
უთხარი მათ, რომელთაც ირწმუნეს, აპატიონ იმათ, რომელთაც ალლაჰის დღეთა (განკითხვის დღე) იმედი არა აქვთ, რათა უზღას მან ხალხს, რასაც იხვეჭდნენ. (ჯასიე 45:14)
21. და შეაგონე! შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ! 22. და შენ არა ხარ მათზე მოძალადე. 23. იმათ გარდა, ვინც პირი იბრუნა და არ ირწმუნა. 24. და დასჯის მას ალლაჰი უდიდესი სასჯელით. 25. ჭეშმარიტად, ჩვენთანაა მათი დაბრუნება. 26. მერე, ჭეშმარიტად, ჩვენზეა მათი ანგარიშსწორება. (ღაშიე 88:21-26)
ალლაჰი საბოლოოდ განსჯის ურწმუნოებს შემდგომ ცხოვრებაში. და ალლაჰმა უკეთ იცის.