კატეგორია > პასუხები

24. მათი ხელით წერენ წიგნებს

რელიგიური წიგნების სანდოობის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ისლამი ამტკიცებს, რომ ღმერთის მიერ მოვლენილი გამოცხადებები ადამიანების მიერ დროთა განმავლობაში შეიცვალა, ჩაემატა, ან ამოიშალა. ამ საკითხს განსაკუთრებულად მკაფიოდ ეხება ყურანი, რომელიც მიუთითებს იმ ადამიანებზე, ვინც საკუთარი ხელით ქმნიდნენ ტექსტებს და შემდეგ ღვთიურ გამოცხადებად აცხადებდნენ.

ყურანის კრიტიკა ტექსტის გაყალბების მიმართ

ყურანში წერია:

ვაი მათ, რომელნიც წიგნს, თავისი ხელით წერენ, მერე კი ამბობენ: ეს ალლაჰისგანააო! რათა მცირე ფასად გაეყიდათ. და ვაი იმათ იმისათვის, რაც დაწერეს მათმა ხელებმა! და ვაი იმისათვის, რაც ამით მოიხვეჭეს.  (ბაყარა 2:79)

აქ კრიტიკა ეხება არა უბრალოდ წერის ფაქტს, არამედ იმას, რომ ადამიანი წერს ტექსტს და შემდეგ მას ღმერთის სიტყვად ასაღებს. ეს არის ყურანის პოზიცია: 'ღვთიური წიგნი არ იწერება ხალხის ინიციატივით.'

ბიბლიაში აშკარად იგრძნობა ადამიანური ხელი და ინიციატივა. თუ დააკვირდებით სახარების სტილს, აშკარად დაინახავთ რომ წიგნს კაცი წერს მისი ინიციატივით და არ იგრძნობა ღვთიური გამოცხადება. ამის აშკარა ფაქტია პავლეს ეპისტოლეები სადაც იგრძნობა რომ თვითონ წერს და არავითარ გამოცხადებას არ ღებულობს.

ლუკას სახარება

ლუკა პირველი თავის პირველ მუხლში ამბობს:

„რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა. როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, (ლუკა 1:1-3)

აქ ჩანს:

ლუკა აღიარებს საკუთარ გადაწყვეტილებას წერასთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ „მრავალმა მიჰყო ხელი“ - ანუ მრავალი ავტორი არსებობდა. აქ არ გვაქვს პირდაპირი სიტყვა: „ღმერთმა გამომიცხადა და მეც დავწერე“.   ლუკას სიტყვების ფორმულირება კლასიკური ისტორიული ნარატივის სტილს უფრო ჰგავს, ვიდრე უშუალოდ გამოცხადებას.

პავლეს ეპისტოლეები

პავლეს წერილებშიც აშკარად ჩანს ავტორის პიროვნული სტილი სადაც პავლე თვითნებურად ლაპარაკობს:

დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა  იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.  (1 კორინთელთა 7:12)

მაგ: ძველ აღთქმაში უწერიათ რომ ღმერთმა აღთქმა დაუდო აბრაამს რომ მისმა შთამომავლებმა (ე.ი აბრაამისტული რელიგიის წარმომადგენლებმა) წინდაცვეთა გაიკეთონ, ამის არგუმენტი არის დაბადების მე-17 წიგნში მოცემული ტექსტი. პავლე კი ამბობს:

აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ,  ვერაფერს ირგებთ ქრისტესაგან.  (გალატელთა 5:2)

თუმცა ისევ სახარებაში უწერიათ, რომ როდესაც იესო დაიბადა მერვე დღეს წინადაცვეთა გაუკეთეს.

და როცა გასრულდა რვა დღე ყრმის წინადასაცვეთად, უწოდეს მას სახელად იესო, ჩასახვამდე დარქმეული ანგელოზის მიერ. (ლუკა 2:21)

პავლე კი აუქმებს აბრაამისტული რელიგიის წესს თვითნებურად, რადგან როგორც მტკიცდება, პავლე არ ღებულობს არავითარ გამოცხადებას.

ზოგიერთ ეპისტოლეში აღნიშნავს რომ საკუთარი ინიციატივით წერს, და ტექსტს არ ეტყობა არავითარი გამოცხადების კვალი. მაგ: წიგნებში - საქმები, გალატელთა და სხვა მრავალში იგრძნობა რომ ის უბრალოდ ამხსნელია და არ ღებულობს გამოცხადებას. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა თავისი სიტყვა და გაკიცხა ხალხი, ვინც წერს წიგნს და მაინც ამბობს ღმერთის სიტყვააო.

ვაი მათ, რომელნიც წიგნს, თავისი ხელით წერენ, მერე კი ამბობენ: ეს ალლაჰისგანააო! რათა მცირე ფასად გაეყიდათ. და ვაი იმათ იმისათვის, რაც დაწერეს მათმა ხელებმა! და ვაი იმისათვის, რაც ამით მოიხვეჭეს. (ბაყარა 2:79)

ჭეშმარიტად, მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც თავისი ენით ამახინჯებს წიგნს, რათა გეგონოთ თქვენ ეს ღვთიური წიგნისგან, თუმცაღა ის ღვთიური წიგნის არ არის. და მაინც ამბობენ: ეს ალლაჰისგან არისო! არადა არ არის ეს ალლაჰისგან; და ამბობენ ისინი ალლაჰის წინაშე ტყუილს, და მათ ეს იციან. (ალი იმრან 3:78)

სახარების და ეპისტოლეების სტილი მიუთითებს ადამიანურ ავტორობაზე. ყურანის სტილი კი განსხვავებულია სადაც აშკარად ჩანს რომ ადამიანი იღებს გამოცხადებას, გამოთქვამს მოსმენილს და მისი თანმხლებნი იწერენ.

ისლამი არ უარყოფს, რომ მოსესა და იესოს დროში ღვთიური გამოცხადება იყო. ისლამი ამტკიცებს, რომ მათზე მიცემული წიგნები შემდგომ ადამიანებმა დაამახინჯეს და შეცვალეს, ხოლო ყურანი არის უკანასკნელი გამოცხადება, რომელიც თავად ალლაჰმა დაიცვა ცვლილებისგან.

'ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება და ჩვენ ვიცავთ მას.' (ყურანი 15:9)

საბოლოოდ, სახარებების და ეპისტოლეების ტექსტს აშკარად ეტყობა ადამიანური ხელი, ავტორთა არჩევანი, სტილი და პირადი აზრები. ყურანი კი საკუთარ თავზე აცხადებს, რომ არის ღვთიური სიტყვა, რომელიც მოციქულმა მიიღო და ხალხმა ჩაიწერა. სწორედ ამიტომ ყურანი კრიტიკულად უყურებს იმ მოვლენას, როდესაც ადამიანური ტექსტი ღვთიურ გამოცხადებად სახელდება. თუკი ვინმე იტყვის რომ ყურანის ბევრი ვერსია არსებობსო, მაშინ ამავე საიტზე გადადით პასუხების კატეგორიაში და მე-6 საკითხი წაიკითხეთ.

და ალლაჰმა უკეთ იცის