6. ვინ დაწერა ყურანი
კითხვა: ვინ დაწერა ყურანი?
პასუხი: ყველა ქება-დიდება ერთადერთ ღმერთს ეკუთვნის, სალამი და ლოცვა შუამავალ მუჰამმადს.
1. ალლაჰი დაგვპირდა, რომ იგი დაიცავს ყურანს. ალლაჰი ამბობს:
ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება და ჩვენ ვიცავთ მას. (ჰიჯრი 15:9)
იბნ ჯარირ ატ-ტაბარი წერდა თავის განმარტებაში: ალლაჰი ამბობს, რომ მე გამოვგზავნე შეხსენება, ანუ ყურნი, და მე ვიცავ მას სიყალბისგან და დანამატებისგან. (ტაბარი 14:8)
და ას საადი წერდა: ალლაჰი ამბობს: მე გამოვგზავნე ყურანი, რომელშიც არის ნახსენები ყველა საკითხი ნათლად, მე მოვავლინე შეხსენება და ვახსენებ მათ, ვისაც შეგონება უნდა. 'და ჩვენ ვიცავთ მას.' ნიშნავს, გამოცხადების დროს და მას შემდეგაც, რაც გამოცხადდება. როდესაც ის გამოცხადდება, ჩვენ ვიცავთ მას დაწყევლილი ეშმაკისგან და გამოცხადების შემდეგაც. ალლაჰი იცავს თავის სიტყვას შეცვლისგან, დამატებისგან, მოკლებისგან, ან მისი დამახინჯებისგან. ასე რომ ვერავინ შეუცვლის მას მნიშვნელობას, არამედ ალლაჰი დაადგენს ისეთს, ვინც ახსნის ყურანის ჭეშმარიტებას. ეს არის ალლაჰის ერთ-ერთი უდიდესი სასწაული და მისი კურთხევა მორწმუნე მსახურებისთვის. და დაცვის კიდევ ერთი ასპექტი არის ის, რომ ალლაჰი იცავს ყურანის ხალხს მტრებისგან და მტერი ვერ შეძლებს მათ ძლევას და აღმოფხვრას' (თაფსირ ას-საადი გვ 696)
ყურანი ზემოევლინა შუამავალს ეტაპობრივად ოცდასამი წლის განმავლობაში. ალლაჰი ამბობს:
და ყურანი დავყავით, რათა წაგეკითხა ხალხისათვის დახვეწილად და გარდმოვავლინეთ იგი ზეგარდმოვლენით. (ისრა 17:106)
ას საადი წერდა: ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვავლინეთ ეს ყურანი ეტაპობრივად, რათა განასხვავოთ ჭეშმარიტება გზააბნევისგან, და სიმართლე სიცრუისგან. 'რათა წაგეკითხა ხალხისათვის დახვეწილად' ნიშნავს ნელა-ნელა, რათა მათ დაფიქრდნენ მის მნიშვნელობაზე და გაიგონ მასში შემავალი ცოდნის დარგები' (თაფსირ ას საადი გვ 760)
2. წიგნიერება არაბებში არ იყო გავრცელებული.
წიგნიერება არაბებში არ იყო გავრცელებული. ალლაჰმა აღწერა ისინი შემდეგნაირად:
იგია, ვინც მოავლინა უწიგნურთა შორის შუამავალი მათგანვე, რომელიც უკითხავს მათ მის აიათებს, განწმენდს მათ და ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს. თუმცაღა უწინ იყვნენ ცხად გზააბნევაში. (ჯუმა 62:2)
საჰაბეები იზეპირებდნენ ყურანს და რამდენიმე მათგანი წერდა აიათებს ან სურას ცხოველის ტყავზე, თხელ ქვებზე, ფოთლებზე და ა.შ.
3. ყურანის გარდა სხვა რამის დაწერის აკრძალვა.
თავდაპირველად შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ყურანის გარდა სხვა რაიმეს დაწერა და აუკრძალა მათ გარკვეული ხნით არ ჩაეწერათ მისი სიტყვები, რათა საჰაბეებს ყურადღება გაემახვილებინათ ყურანის დამახსოვრებაზე და მის დაწერაზე. რათა შუამავლის სიტყვები არ არეულიყო ალლაჰის სიტყვებთან.
4. შუამავლის ბრძანება გამოცხადების ჩაწერის შესახებ.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დანიშნა თავისი საჰაბეების ჯგუფი, რომლებიც სანდო და მცოდნეები იყვნენ ზეშთაგონების დასაწერად. ისინი ცნობილი არიან, როგორც ისინი - ვინც წერდა გამოცხადებულს, როგორიცაა ოთხი ხალიფა, აგრეთვე აბდულლაჰ იბნ ამრ ალ-ასი, მუავია იბნ აბუ სუფიანი, ზეიდ იბნ საბითი და სხვები - ალლაჰი იყოს ყველასგან კმაყოფილი.
5. ყურანი მოევლინა შვიდ დიალექტზე.
უმარ ბინ ხატტაბი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ყურანი ზემოევლინა შვიდ განსხვავებულ დიალექტზე, ასე რომ წაიკითხეთ ისე, როგორც გემარტივებათ. (ბუხარი 2419)
არამუსლიმები უცოდინრობით ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ ყურანი არ ყოფილა ერთი წიგნიო, და ის იყო შვიდი, რაც მის არაღვთაებრიობაზე მეტყველებსო. ასეთი მტკიცება საღ აზრს არის მოკლებული. და რატომ? იმიტომ, რომ დიალექტის განსხვავება არ მიუთითებს წიგნების რაოდენობას. მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ; 'მომეცა წიგნი აჭარულ დიალექტზე, ისლამი მიიღო გურულმა და ზეპირსიტყვიერად გადასცემს სხვებს. აჭარულ კუთხურ სიტყვას ის სადღაც აუცილებლად იტყვის გურულად, თავის კუთხურად და ამგვარად ხდება უკვე განსხვავებები. ამ საფრთხის გამო მიიღეს ხალიფებმა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელსაც ქვემოთ ნახავთ:
6. ვინ შეადგინა ყურანი?
ყურანი ინახებოდა საჰაბეების გულებში რომლებმაც ის დაიმახსოვრეს, აგრეთვე იწერებოდა ტყავებსა და სხვა მასალებზე ხალიფა აბუ ბაქრის დრომდე. მურთადებთან (ისლამიდან განდგომილები) ომის დროს ბევრი საჰაბა, რომლებმაც ყურანი ზედმიწევნით იცოდნენ, მოკლეს და აბუ ბაქრს ეშინოდა, რომ ყურანი დაიკარგებოდა. იგი ესაუბრა უმარს და მივიდნენ შეჯერდნენ იმ აზრზე, რომ ყურანი შეეკრათ ერთ წიგნად, რათა დაცული ყოფილიყო და არ დაკარგულიყო. მან ეს მისია ზეიდ იბნ საბითს მიანდო. ალ-ბუხარში 4986 მოთხრობილია, რომ ზეიდ იბნ საბითმა თქვა:
გადმოსცემს ზეიდ ბინ საბითი: აბუ ბაქრ ას-სიდდიყმა გამომიგზავნა შეტყობინება, როდესაც იამამას ხალხი მოკლეს. (საჰაბეები რომლებიც ებრძოდნენ ცრუ შუამავალს). მე მივედი მასთან და ვნახე მასთან მჯდარი უმარ ბინ ალ-ხატტაბი. შემდეგ აბუ ბაქრმა მითხრა: 'უმარი მოვიდა ჩემთან და მითხრა: მსხვერპლი მძიმე იყო ყურრას შორის (ანუ მათ შორის, ვინც ყურანი ზეპირად იცოდა) იამამას ბრძოლის დღეს, და მეშინია, რომ შეიძლება სხვა ბრძოლებში ყურრას შორის მსხვერპლი უფრო მეტი იყოს, რითაც შეიძლება ყურანის ნაწილი დაიკარგოს. ამიტომ მე გთავაზობ შენ ყურანის შეგროვებას' და მე ვუთხარი უმარს: 'როგორ შეგიძლია გააკეთო ის, რაც ალლაჰის შუამავალს არ გაუკეთებია?' უმარმა მითხრა: 'ალლაჰს ვფიცავ, ეს კარგი საქმეა' უმარი გამუდმებით მთხოვდა მიმეღო მისი წინადადება მანამ, სანამ ალლაჰმა არ გახსნა ჩემი მკერდი და დავიწყე ამ იდეის სიკარგის გაცნობიერება' შემდეგ აბუ ბაქრმა მითხრა: 'შენ ბრძენი ახალგაზრდა ხარ და ჩვენ არ გვაქვს შენზე ეჭვი, შენ წერდი ალლაჰის შუამავლის გამოცხადებას. შენ უნდა მოიძიო ყურანი და შეადგინო ერთ წიგნად' (ზეიდ ბინ საბითმა თქვა:) 'ვფიცავარ ალლაჰს, ერთი მთის გადაადგილება რომ ებრძანებინათ, ეს არ იქნებოდა იმაზე მძიმე,ვიდრე ყურანის შეგროვება'. მე ვუთხარი აბუ ბაქრს: 'როგორ შეგიძლია გააკეთო ის, რაც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) არ გაუკეთებია? აბუ ბაქრმა მითხრა: 'ვფიცავარ ალლაჰს, ეს კარგი საქმეა' აბუ ბაქრი გამუდმებით მთხოვდა მიმეღო მისი იდეა სანამ ალლაჰმა არ გამიხსნა მკერდი, როგორც გახსნა უმარის და აბუ ბაქრის მკერდი. ასე რომ, მე დავიწყე ყურანის მოძიება და მისი შეგროვება პალმის ღეროებიდან, თხელი ქვებიდან და ასევე იმ ადამიანებისგან, ვინც ზეპირად იცოდნენ, სანამ არ ვიპოვე სურა თავბას ბოლო აიათი. აბი ხუზაიმა ალ-ანსარის გარდა ვერსდ ვიპოვე. აიათები არის: ვფიცავ, თქვენთან მოვიდა შუამავალი თქვენგანვე. მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცდელში ხართ... (9:128) ბოლომდე (ე.ი 128 და 129 აიათები). შემდეგ ყურანის ხელნაწერები დარჩა აბუ ბაქრთან მის გარდაცვალებამდე, შემდეგ უმარის სიცოცხლის ბოლომდე ჰაფსასთან, უმარის ქალიშვილთან. (ბუხარი 4986)
7. რომელი იყო უსმანის ყურანის ასლი?
ახლა კი მივუბრუნდეთ იმას, რაც ზემოთ დავწერეთ. ყურანის ასლი დარჩა ხალიფების ხელში მართლმორწმუნეთა ხალიფის, უსმანის დრომდე. საჰაბეები გაიფანტნენ სხვადასხვა ქვეყნებში და ისინი კითხულობდნენ ყურანს იმის მიხედვით, რაც მოისმინეს ალლაჰის შუამავლისგან შვიდი დიალექტის შესახებ. თითოეული მოსწავლე კითხულობდა იმის მიხედვით, რაც მოისმინა. თუ რომელიმე მოსწავლე მოისმენდა სხვა დიალექტზე წაკითხულს იგი მას შეცდომის დაშვებაში ადანაშაულებდა და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ საჰაბეებს არ შეეშინდა ფიტნის (არეულობის), რომელიც შეიძლება წამოჭრილიყო ტაბი'ინებსა და შემდგომ თაობებს შორის. მათ მიიჩნიეს, რომ ყურანი უნდა გაეერთიანებინათ ერთ დიალექტზე რომელიც იყო ყურაიშის დიალექტი, რომელ დიალექტზეც პირველად გამოეცხადა ყურანი, რათა გაეფანტათ ყოველგვარი დავა და გადაეჭრათ საკითხი. ამ იდეით მიმართეს უსმანს და დაეთანხმა.
ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: ჰუზაიფა ალ-იამანი მოვიდა უსმანთან იმ დროს, როდესაც შამის და ერაყელის ხალხი აწარმოებდა ომს სომხეთისა და აზერბაიჯანის დასაპყრობად. ჰუზაიფას ეშინოდა მათი უთანხმოების (შამის და ერაყის) ყურანის წაკითხვაში. ამიტომ მან უთხრა უსმანს: 'მორწმუნეთა მმართველო, გადაარჩინე ეს უმმეთი, სანამ ისინი განსხვავდებიან ყურანის შესახებ, როგორც უწინ გააკეთეს იუდეველებმა და ქრისტიანებმა'. ასე რომ ოსმანმა გაგზავნა წერილი ჰაფსასთან: ' გამოგვიგზავნეთ ყურანის ხელნაწერები, რათა შევადგინოთ სრულყოფილი წიგნი და დაგიბრუნოთ ხელნაწერები' ჰაფსამ ის გაუგზავნა უსმანს. ამის შემდეგ უსმანმა უბრძანა ზეიდ ბინ საბითს, აბდულლაჰ იბნ აზ-ზუბაირს, საიდ ბინ ალ-ასს და აბდურრაჰმან ბინ ჰარის ბინ ჰიშამს ხელნაწერები სრულყოფილ ასლებად გადაეწერათ. უსმანმა უთხრა სამ ყურაიშელს: 'თუ თქვენ არ ეთანხმებით ზეიდ ბინ საბითს ყურანის რომელიმე დიალექტში, დაწერეთ იგი ყურაიშის დიალექტზე, რადგან ყურანი მათ ენაზე გამოცხადდა. უსმანმა ხელნაწერების ორიგინალი დაუბრუნა ჰაფსას. უსმანმა ყველა მუსლიმანურ პროვინციაში გაგზავნა თითო ეგზემპლარი და ბრძანა დაეწვათ ყურანის სხვა მატერიალები, იქნება ეს ფრაგმენტებზე, ხელნაწერებში თუ მთლიან ასლებში. (ბუხარი 4987)
იბნ შიჰაბმა თქვა: ხარიჯა იბნ საბითმა მითხრა, რომ მოისმინა ზეიდ ბინ საბითის ნათქვამი: 'როდესაც მუსჰაფის (ყურანის) ასლებს ვაკეთებდით, მე გამომრჩა აზჰაბის აიათი, რომელიც მოვისმინე ალლაჰის შუამავლისგან. ჩვენ მოვძებნეთ იგი და ვიპოვეთ ხუზაიმა იბნ საბით ალ-ანსარისთან. ეს აიათია: მორწმუნეთაგან არიან კაცნი, რომელთაც აღასრულეს ის, რაც ალლაჰს აღუთქვეს, მათგანაა ისიც, ვისაც ვადა ამოეწურა(გარდაიცვალა), და ისიც, ვინც ჯერ კიდევ ელოდება. და არაფერი შეუცვლიათ შეცვლით. (აჰზბ 33:23) (ბუხარი 4988)
ასე დასრულდა დავა და მუსლიმები გაერთიანდნენ. ყურანი დარჩა და დარჩება თაობიდან თაობაში, აღდგომის დღემდე, რამეთუ ალლაჰი დაგვპირდა:
ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება და ჩვენ ვიცავთ მას. (ჰიჯრი 15:9)
ყურაიაშის დიალექტით სიტყვა وَٱلضُّحَىٰ იკითხება როგორც ‘ვა დდუჰა’ . სხვა ტომები წაიკითხავდნენ ვა დდუჰი რადგან სიტყვის ბოლოში არის ასობგერა 'ია' და ასეთი კითხვაც სწორია. სწორედ ეს არის დიალექტიდან გამომდინარე კითხვა და არა ის, რასაც არამუსლიმები ამბობებ ბევრნაირი ყურანი არსებობდაო. მათი სიტყვები აზრს მოკლებულია. როდესაც ალლაჰისგან ყურანი ზემოევლინებოდა მას არ ჰქონდა ჰარექეთები (ზემახვილი, ქვემახვილი და ა.შ) ყურაიშელმა არაბებმა მათი ენა ზედმიწევნით კარგად იცოდნენ და უჰარექეთო სიტყვის სწორი ამოკითხვა იცოდნენ. ჰარექეთები დაუმატეს რადგან არა არაბებისთვის არ იყო ადვილი სწორად კითხვა. ეს არის ყურანის გამარტივება არათუ ცვლილება მასში. დღესაც ყურანის ეგზემპლარებში ზოგი სიტყვა გაწითლებულია მაგრამ ორიგინალში არ არის. ეს არის მისი გალამაზება და არა სიტყვის შეცვლა, გამოკლება ან აზრის შეცვლა. უჰარექეთო ყურანში სიტყვა والضحى ყურაიშის ტომის დიალექტით იკითხება ვა დდუჰა. სხვა ტომის დიალექტით შესაძლოა იკითხებოდეს ვა დდუჰი, სხვა ტომის კი ვალ დუჰა, ვალ დუჰია და ა.შ. სხვადასხვა ტომის ხალხი სიტყვის ამოკითხვას ისე ახდენდა როგორც მის ტომში იყო გავრცელებული. ქართულ ენაშიც არის გავრცელებული კუთხური სიტყვები. მაგ: დოუძახე, დუუძახე, მევიდა, მოვდა და ა.შ. სხვა მრავალი. ამ სიტყვების სწორი ფორმა ქართულში არის დაუძახე და წავიდა. კუთხური ფორმა სიტყვის აზრს არ ცვლის. ქართულ ენაში რომ არსებობდეს მსგავსი დამწერლობა და თუ დავწერთ მხოლოდ თანხმოვნებს დძხ და მვდ ყველა ისე ამოიკითხავს როგორც მის კუთხეში და რეგიონშია გავრცელებული. სწორედ ასე იყო არაბებშიც. და ასეთი ამოკითხვის ფორმები არ მიუთითებს ყურანის სხხვადასხვა ვერსიებს როგორც ოპონენტები მანიპულირებენ.
და ალლაჰმა უკეთ იცის