ჰადისის - 'თუ ის ბიჭი იცოცხლებს' ახსნა

სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა და მწყალობლისა.

უკანასკნელი საათის (ყიამათის) თემა ისლამურ სწავლებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მისი ცოდნა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის

'გეკითხება ხალხი საათის შესახებ, უთხარი: ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა და შენ რა იცი, იქნებ საათი ახლოა?' (აჰზაბ 33:63)

თვით მუჰამმად მოციქულმაც ﷺ არ იცოდა მისი ზუსტი დრო. იგი მხოლოდ ნიშნებს გვამცნობდა, რათა მორწმუნეები გაფრთხილებულიყვნენ და მზადყოფნაში ყოფილიყვნენ. ქვემოთ მოყვანილი ჰადისი ზოგიერთისთვის თითქოს გაუგებრობას იწვევს, მაგრამ მისი სწორად გაგება სრულ თანხვედრაშია ყურანისა და სუნნის სწავლებასთან.

ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: ერთმა ადამიანმა ჰკითხა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): „როდის დადგება უკანასკნელი საათი?“ ამაზე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რამდენიმე ხნით გაჩუმდა. შემდეგ შეხედა პატარა ბიჭს, რომელიც აზდ შანუას ტომიდან იყო და თქვა: „თუ ეს ბიჭი იცოცხლებს სიბერემდე, მაშინ თქვენზე მოვა უკანასკნელი საათი.“
ანასმა დაამატა: „ის ბიჭი იმ დროს ჩვენი თანატოლი იყო.“ (მუსლიმ 2953)

ეს ჰადისი ერთი შეხედვით თითქოს მიუთითებს, რომ ალლაჰის მოციქულმა ﷺ წინასწარ დაასახელა უკანასკნელი საათის მოსვლის დრო, მაგრამ სწორი გაგებით ასე არ არის. აქ „უკანასკნელი საათი“ პირდაპირი მნიშვნელობით - მთლიანი სამყაროს აღსასრული - არ იგულისხმება.

გადმოსცემს ანასი: ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): როდის დადგება საათი? მოციქულმა უთხრა: და რა მოამზადე შენ მისთვის?
უთხრა: 'მე არ დამიგროვებია ბევრი რამ, თუმცა მე მიყვარს ალლაჰი და მისი მოციქული'. ამაზე ალლაჰის მოციქულმა (ﷺ) უთხრა: 'შენ იქნები მათთან ერთად, ვინც გიყვარს და მიიღებ იმას, რასაც ეძიებდი'. და შემდეგ ისევ უთხრა: 'შენ მკითხე საათის შესახებ, ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, ვინც ახლა ცოცხალია, არავინ არ იქნება ცოცხალი ასი წლის შემდეგ'.  ამის მერე ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ილოცა და იკითხა: 'სად არის ის, ვინც მკითხა საათის შესახებ? როცა მოიყვანეს ის კაცი კანკალებდა. ალლაჰის მოციქულმა გაიხედა ბიჭისკენ, რომელიც დაუსის ტომიდან იყო რომელსაც ერქვა სა'დი და უთხრა: 'თუ ის იცოცხლებს, საათი დადგება მის დაბერებამდე' ანასმა დაამატა: ის ბიჭი იმ დროს ჩვენი თანატოლი იყო (ბუხარი 6167)

ეს ჰადისი ერთიანად ორ მნიშვნელოვან მომენტს შეიცავს:

საათის შესახებ კითხვას მოციქულმა ﷺ ასე უპასუხა: მან ყურადღება გადაიტანა თვით მომზადებაზე და არ დაასახელა კონკრეტული დრო. ჰკითხა: „და რა მოამზადე შენ მისთვის?“ - ანუ მთავარი კითხვა არაა „როდის“ დადგება, არამედ „როგორ ხარ მზად მასთან შესახვედრად“.

რაც შეეხება სიტყვებს „ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული… ასი წლის შემდეგ ცოცხალი აღარავინ იქნება“ – ეს განმარტავს მოციქულის ﷺ სიტყვას: აქ საუბარია იმ ეპოქის თაობის გარდაცვალებაზე. სხვა გადმოცემებიც ადასტურებს, რომ „საათი“ ანუ „თქვენი საათი“ გულისხმობდა იმ თაობის დასრულებას.

ბიჭზე მითითება („თუ ის იცოცხლებს, საათი დადგება მის დაბერებამდე“) ასევე ამ აზრს ატარებს. - არ იგულისხმება მთელი სამყაროს აღსასრული, არამედ იმ თაობის ადამიანების გარდაცვალებას გულისხმობს. ამიტომაც ანასმა დაამატა: „ის ბიჭი იმ დროს ჩვენი თანატოლი იყო.“

იმავე გადმოცემით კიდევ ერთი მონათხრობი გვამცნობს, რომ მოციქული გულისხმობდა იმ თაობის ადამიანების გარდაცვალებას. მასში გადმოცემულია, რომ მიუთითა ბიჭისკენ და თქვა:

'არცერთი თქვენგანი არ იქნება ცოცხალი, თუ ის სიბერემდე იცოცხლებს.' (ალ-მუსნად 4049)

სხვა გადმოცემაში ნათქვამია:

ჰიშამისგან გადმოცემულია მამამისზე დაყრდნობით (ე.ი ურვა) რომ აიშამ თქვა: რამდენიმე უხეში ბედუინი მოვიდა მოციქულთან და ჰკითხეს: როდის დადგება უკანასკნელი საათი? მოციქულმა მათგან ყველაზე უმცროსს შეხედა და თქვა: 'თუ ეს ადამიანი იცოცხლებს, თქვენ საათი დაგიდგებათ მანამ, სანამ ის დაბერდება' ჰიშამმა თქვა: ამით მათ გარდაცვალებას გულისხმობდა. (ბუხარი 6511)

აქ „საათი“ არ ნიშნავს სამყაროს საბოლოო აღსასრულს, არამედ იმ თაობის სიკვდილის დროს ნიშნავს. ამასვე ამატებს ჰიშამი, გადმომცემთა ჯაჭვში: „ამით მათ გარდაცვალებას გულისხმობდა.“

თვით ჰადისში გამოყენებული ტერმინები - „სა'ათუქუმ“ („თქვენი საათი“) და „თაყუმა ალეიქუმ“ („საათი მოვა თქვენზე“) - ადასტურებს, რომ აქ საუბარია მათზე, იმ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანებზე და არა მთელ კაცობრიობაზე.

ამგვარად, ეს გადმოცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოციქული ﷺ არასოდეს მიუთითებდა სამყაროს აღსასრულის ზუსტ დროს, არამედ აუწყებდა, რომ ყოველი თაობის ადამიანისთვის უკანასკნელი საათი მათი გარდაცვალებაა.

ამასთან დაკავშირებით არსებობს მუღირა ბინ შუ'ბას გადმოცემა:  'ხალხი გამუდგებით საუბრობს საათზე, ჭეშმარიტად, ადამიანის საათი მისი სიკვდილია'
(ქუნა ვალ ასმა 1627)

ისლამურ თეოლოგიაში არსებობს ასეთი გამოთქვა: 'ვინც მოკვდა, მისი ბოლო საათი დადგა' (მენ მაათა ფაყად ყამა ყიამათუჰუ). ეს ციტატა ეკუთვნის უმარ იბნ აბდულ აზიზს.
(უსულ ალ-აჰადის ად-და'ფა ტ 1 გვ 127)

ამრიგად, ცხადია, რომ აღნიშნული ჰადისები ერთხმად ადასტურებს რომ ალლაჰის მოციქულმა ﷺ არ მიუთითა სამყაროს აღსასრულის ზუსტი დრო. მისი სიტყვები ეხებოდა იმ დროის თაობის გარდაცვალებას და ამით მხოლოდ შეგვახსენა, რომ ყოველი ადამიანის „საათი“ არის მისი სიკვდილი.

ამიტომ, ამ ჰადისების გამოყენება იმისთვის, რომ ისლამზე ეჭვები დაითესოს, ან თითქოს მუჰამმადმა ﷺ მცდარი წინასწარმეტყველება გააჟღერა, არის არასწორი, უსამართლო და უმეცრებით გამოწვეული საქციელი. ასეთი მიდგომა ამხელს მოწინააღმდეგეების უცოდინარობასა და არასწორ გაგებას.

ყურანი თავად გვაფრთხილებს, რომ უკანასკნელი საათის ცოდნა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, და ვინც მოციქულის ﷺ ნათქვამს სხვა მნიშვნელობით გაიგებს, მხოლოდ საკუთარ უმეცრებას გაამჟღავნებს.

ამრიგად, ის, ვინც ცდილობს ეჭვი შეიტანოს ჰადისებში, სინამდვილეში საკუთარ უვიცობას ამტკიცებს. მორწმუნისთვის კი ეს ჰადისი კიდევ ერთი შეგონებაა — მზად იყოს პირადი საათისთვის და ეჭვებში არ ჩაეფლოს. და ალლაჰმა უკეთ იცის.