9. აიშას ასაკი ქორწინებისას

ალლაჰის სახელით.

ქება დიდება ერთადერთ ალლაჰს, ალლაჰის სალამი და ლოცვა მოციქულ მუჰამმადს, მის სახლეულს და თანამოღვაწეთ.

მშვიდობა თქვენდა.

ჩვენი თემა გახლავთ მოციქული მუჰამმადის ალლაჰის ლოცვა და სალამი მას ქორწინება, მორწმუნეთა დედასთან აიშასთან.

ეს გახლავთ თემა, რომელიც ჩვენს ეპოქაშიც არ კარგავს აქტუალობას. სამწუხაროდ ამ ფაქტს აუგად იხსენიებენ ისლამის კრიტიკოსები, და მივიჩნიეთ სწორად, რომ ალლაჰის ნებით გვესაუბრა ამ თემაზე და ალლაჰის შეწევნით დეტალურად განვიხილავ ამ თემას. მუსლიმები ხშირად შევხვედრივართ ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც ვცდილობთ ჭეშმარიტების მიტანას, საპასუხოდ ისინი სწორედ ამ თემას იყენებენ როგორც ფარად, მყისვე იწყებენ მოციქული მუჰამმადის  პედოფილიაში დადანაშაულებას. სინამდვილეში მათი უმეტესობა საერთოდ არ იცნობს ამ საკითხს, არ იციან მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ზნეობა, მისი უმწიკვლოება, მისი ცხოვრება, მისი ღვთისმოშიშობა, როგორი იყო ის ოჯახში, როგორ იყო საზოგადოებაში, როგორი იყო მისი პიროვნება ისლამამდელ პერიოდში... ისინი საერთოდ არ იცნობენ მის პიროვნებას. მათ ყველაზე უმთავრესი, ისიც კი არ იციან რისთვის წარიგზავნა, რაზე მოუწოდებდა საზოგადოებას, მათ რომ ჰკითხოთ რა არის ისლამის არსი, ამის მნიშვნელობაც არ იციან, მაგრამ იციან ის, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უნდა დაადანაშაულონ პედოფილიაში. უმეტესი მათგანი არის მსხვერპლი იმ ანტი-ისლამური პროპაგანდის, რასაც ისლამის მტრები ასე თავდაუზოგავად ეწევიან, რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან, საზოგადოებამ რომ დაიწყოს ისლამის გაცნობა იმით, რაც გამოარჩევს მას სხვა რელიგიებისგან, და ეს არის მონოთეიზმი, დიდი ალბათობაა იმისა, რომ გულრწფელი მაძიებელი ჭეშმარიტებისა, ადვილად გაიგებს ჭეშმარიტებას. სწორედ ამის შიშით მატყუარა მისიონერებს, ათეისტებს, მკვლევარებსა და აღმოსავეთმოდნეებს უწევთ მათი ინტერესებისთვის პოპულისტური თემების გატარება, რაც უცოდინარ ხალხში ზედმიწევნით შეასრულებს თავის დანიშნულებას და ცდომილებაში მყოფ საზოგადოებას, უფრო გაუღრმავებს ცდომილებას. ეს საზოგადოება ძირითადად იყოფა სამ ნაწილად. პირველი: ესენი არიან რაციონალისტები, მათ არ იციან რეალურად ეს საკითხები, ვერ იცნობენ თეოლოგიას და ა.შ და უყურებენ რაციონალურად. მეორე: ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ სიმართლეს, და მზად არიან მიიღონ ის, ასეთი ადამიანები ობიექტურად აფასებენ ამა თუ იმ საკითხს.  და მესამე: ესენი არიან ისლამოფობები, ქრისტიანტთა, ათეისტთა რიგებიდან რომლებიც მიზანმიმართულად ხალხს მოძღვრავენ, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იყო პედოფილი. მაშ ასე:

(ვედრება:)

ღმერთო ჩემო. გამიფართოვე ჩემი გული.
და გამიადვილე ჩემი საქმე.
და მოხსენი დაბრკოლება ჩემი ენიდან.
რათა გაიგონ ჩემი ნათქვამი.
(ტაჰა 20:25-28)


1. მორწმუნეთა დედის, აიშას ქორწინების მაუწყებელი ჰადისები.

პირველ რიგში ვნახოთ უშუალოდ ის ჰადისები, რა ჰადისებსაც ციტირებენ ისლამოფობები, ცრუ მკვლევარები, აღმოსავლეთმცოდნეები, ისლამს მოძულე ქრისტიანები და ათეისტები.

გადმოცემულია, რომ 'აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: 'ჩემი საქორწინო შეთანხმება ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაიდო, როდესაც ვიყავი ექვსი წლის და ჩემი ქორწილი შედგა, როცა ვიყავი ცხრა წლის.
(საჰიჰ მუსლიმი 1422)

ჰადისის სხვა ვერსიაში ნაამბობია:


აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
„ჩემი საქორწინო შეთანხმება ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაიდო, როცა შემისრულდა ექვსი წელი. შემდეგ ჩვენ ჩავედით მედინაში და დავრჩით ბანუ ალ–ჰარის ბინ ხარაჯის კვარტალში. ამის შემდეგ მე გავხდი ავად და დამცვივდა თმა, შემდეგ კი ისევ გამეზარდა. (ერთ დღეს, როცა) მეგობრებთან ერთად საქანელაზე ვქანაობდი, დედაჩემი უმმ რუმანი მოვიდა ჩემთან და ხმამაღლა დამიძახა, მე კი მივედი მასთან და არ ვიცოდი რა უნდოდა. მან ხელი ჩამჭიდა და სახლის კარებთან გამიყვანა. ამ დროს მე ვსუნთქავდი მძიმედ და როცა სუნთქვა დამიწყნარდა, აიღო წყალი და სახე და თავი მომწმინდა, შემდეგ კი სახლში შემიყვანა. ამ სახლში იმყოფებოდნენ ქალები ანსართა რიგებიდან, რომლებიც ამბობდნენ: "გისურვებთ სიკეთეს, ალლაჰის კურთხევას და წარმატებებს!"და (დედაჩემმა) გადამცა (ამ ქალებს), რომლებმაც მომამზადეს (საქორწინოდ), დილით კი მოვიდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და (დედაჩემმა) გადამცა მას. და მე მაშინ ვიყავი ცხრა წლის“.
(იხ. საჰიჰ ალ-ბუხარი 1515 (3894), მუსლიმი 1422, იბნ მაჯაჰ 1876, იბნ ჰიბბანი 7097. საჰიჰ იბნ მაჯაჰ I533)

ასევე ჰადისის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რომელსაც გადმოსცემს ალ-ბაიჰაყი და იმამ მუსლიმი, ნათქვამია:    გადმოცემულია 'ურვასგან, იბნ აზ-ზუბაირისგან,  რომ აიშამ  თქვა:   „მოციქული  დაქორწინდა მასზე, როდესაც ის იყო შვიდი წლის,
და წაიყვანეს მასთან (როგორც პატარძალი), როდესაც ის იყო ცხრა წლის და მისი სათამაშოები (ჯერ კიდევ) იყო მასთან.
ხოლო მოციქული  გარდაიცვალა, როდესაც იგი იყო თვრამეტი (წლის).”
გადმოსცა მუსლიმმა (1422) და ალ-ბაიჰაყმა (10/220)


2. აზრთასხვადასხვაობა მორწმუნეთა დედის აიშას ქორწინების ასაკზე.


არსებულ ჰადისებთან დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე მოსაზრება. შევეცდები განვიხილო თითოეული ეს მოსაზრება. სანამ გადავიდოდი განხილვაზე, მინდა ყურადღება მიაქციოთ რამდენიმე თარიღს რომელიც ჩვენს დეტალურ განხილვაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს. პირველი მნიშვნელოვანი თარიღი ეს გახლავთ მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შუამავლური მისიის დასაწყისი, ანუ როცა მას პირველად მოუვიდა გამოცხადება. ეს მოხდა 610 წელს.  ხოლო მოციქული როდესაც გარდაიცვალა (ეს არის 632 წელი)  აიშა იყო 18 წლის. თუ აიშაზე იქორწინა როცა ის იყო 9 წლის, და როცა გარდაიცვალა აიშა იყო 18 წლის, გამოდის, რომ მათი თანაცხოვრება გაგრძელდა 9 წელიწადს.  შესაბამისად, 632 - 9 = ეს არის 623 წელი. ხოლო ჰიჯრა შესრულდა 622 წელს. ესეიგი მათი ქორწინება შედგა ჰიჯრიდან პირველ წელს რასაც ასევე ადასტურებს ჰადისები.


პირველი აზრის თანახმად, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)  დადო საქორწინო შეთანხმება როცა აიშა იყო ექვსი წლის, ეს მოსაზრება ეფუძნება აიშას სიტყვებს. უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ ვერსიაში მისი ასაკი გამოითვლებოდა იმის საფუძველზე რომ იგი დაიბადა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შუამავლური მისიის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, ანუ 614 წელს. მეორე აზრის თანახმად, აიშა იყო ბევრად უფროსი როცა დაქორწინდა მოციქულზე, ამას ადასტურებს იმამების, ატ-ტაბარის და იბნ ისჰაყის გადმოცემები.

3. მორწმუნეთა დედა აიშა ქორწინებისას ბევრად უფროსი იყო ვიდრე 9 წლის.

მოდით ჯერ განვიხილოთ მეორე მოსაზრება; რომ მორწმუნეთა დედა აიშა ქორწინებისას იყო ბევრად უფროსი ვიდრე ცხრა წლის. როგორც ვხედავთ, ყველაზე ავტორიტეტული ჰადისების კრებულები, როგორიცაა საჰიჰ ალ-ბუხარი, მუსლიმი, ნასაი, იბნ მაჯა და ა.შ, ასევე ზოგიერთი ისტორიკოსი როგორიცაა ატ-ტაბარი იუწყებიან ჰადისს, რომლებიც სანდოა გადმომცემთა ჯაჭვისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით, რომ მორწმუნეთა დედა აიშა იყო ექვსი წლის და როცა მოციქულთან გადავიდა იყო ცხრა წლის. თუმცა ეს გადმოცემები ეწინააღმდეგება იმ სანდო ცნობებს, თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ, გამოდის რომ, აიშა ქორწინებისას იყო ბევრად უფროსი; ჩვიდმეტი ან თვრამმეტი წლის. მაშ ასე: არსებული არგუმენტები შემდეგია:


3. I. ჰადისის გადმომცემი ჰიშამ იბნ ურვა აზ-ზუბაირი.

მორწმუნეთა დედის ქორწინება მოციქულთან გადმოსცა მხოლოდ ერთმა ადამიანმა და ამ კაცის სახელია ჰიშამ იბნ ურვა აზ-ზუბაირი.
 (680-763)   ის იყო აიშას ძმისშვილი მაგრამ მას არასოდეს უნახავს იგი. რადგან აიშა მის დაბადებამდე გარდაიცვალა. ჰიშამ იბნ ურვა ერთადერთია ვინც გადმოსცა ყველა ჰადისი, აიშას ქორწინების შესახებ. მან გადმოსცა ისინი მამისგან. ჰიშამი ცხოვრობდა მედინაში, სადაც ის სამოცდათერთმეტ წლამდე ასწავლიდა სტუდენტებს, სანამ არ გადავიდა ერაყში საცხოვრებლად და იქ ცხოვრობდა ბოლო ათი წლის განმავლობაში.  საინტრერესო ის არის, რომ მთელი მისი მედინაში ცხოვრების განმავლობაში არცერთ მის სტუდენტს არ გადმოუცია სულ მცირე ერთი ჰადისიც კი მორწმუნეთა დედის აიშას ასაკის  შესახებ, მათ შორის იყო ჰადისების ცნობილი გადმომცემი მალიქ იბნ ანასი. მაგრამ როგორც კი იგი გადავიდა ერაყში, მოულოდნელად ერთი მეორის მიყოლებით გამოჩნდა ჰადისები, მათ შორის ყველაზე ცნობილი ჰადისი მისი მამისგან გადმოცემული რომელშიც აიშა ამბობს, რომ ჩემი საქორწინო შეთანხმება შედგა მოციქულთან როდესაც ვიყავი ექვსი წლის.
 
 იმამ იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანის წიგნში 'თაჰრიბ ათ-თაზჰიბ' საუბარია ჰადისების დახარისხებასა და რედაქტირებაზე, ამ წიგნის მიხედვით ია'ყუბ იბნ შუაიბმა გააკრიტიკა ჰიშამ იბნ ურვა მისი ერაყული გადმოცემების გამო. ის ამბობს:
 
 "ია'ყუბ იბნ შუ'აიბი ამბობს: ენდობა ჰიშამს როგორც დიდ იმამს, მაგრამ ერაყულმა ჰადისებმა მასში დიდი ეჭვები გამოიწვია'.
 
 ამიტომ იმამ მალიქს არ მოჰყავდა მტკიცებულებად ერაყიდან მოსული ჰადისები და უარყო ერაყული გადმოცემები.
 
 'აბუ ალ-ჰასან ალ-ყატანმა თქვა: რომ ჰიშამს სიცოცხლის ბოლო წლებში, სიბერის გამო ეშლებოდა. იმამ ალ-ხატაბი დაეთანხმა მას ამაში, რომ ჰიშამ იბნ ურვას მეხსიერება დაუქვეითდა'
 
 3. II. მორწმუნეთა დედა აიშა იყო ერთ-ერთი პირველი ვინც ისლამი მიიღო.
 
თუ გავითვალისწინებთ ჰადისებს, მისი ცხრა წლის ასაკში ქორწინების შესახებ, მაშინ გამოდის რომ ის დაიბადა 614 წელს. ანუ გამოცხადებიდან 4 წლის შემდეგ. მოდი ვნახოთ, არის თუ არა ეს ასე. იმამ მუჰამმად იბნ ისჰაყი წიგნში 'ას-სირა ნაბავია' და ასევე იბნ ჰიშამი თავის წიგნში 'ას-სირა ნავაბია' იუწყებიან მათ სახელებს ვინც პირველად მიიღეს ისლამი და წერენ შემდეგს:

'შემდეგ არაბული ტომებიდან ხალხმა მიიღო ისლამი, მათ შორის საიდი, საიდ იბნ ნუფაილის ვაჟი, მისი ცოლი ფატიმა ხატტაბის ასული, ასმა და აიშა აბუ ბაქრის ასულები, რომელიც მაშინ იყო ახალგაზრდა.'   

შემდეგ ალლაჰმა უბრძანა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) განეცხადებინა ის, რითიც ის წარიგზავნა და საჯაროდ განეცხადებინა საზოგადოებისთვის და ასევე მოეწოდებინა მათთვის ალლაჰის გზისკენ.  იმამი იბნ ქასირი ციტირებს იბნ ისჰაყის რამდენიმე ფრაზას სადაც ნათქვამია:
'შემდეგ ალლაჰმა უბრძანა წინასწარმეტყველს, ზეშთაგონებიდან სამი წლის შემდეგ განეცხადებინა ის, რაც მას ებრძანა და მოთმინებით გადაეტანა წარმართების მხრიდან ზიანი.'

იბნ ისჰაყის სიტყვებიდან  გამომდინარეობს შემდეგი, რომ მორწმუნეთა დედამ აიშამ მიიღო ისლამი ფარული მოწოდების პერიოდში და ეს გრძელდებოდა სამ წელიწადს. და რომ იმ დროს იგი იყო პატარა. ფარული მოწოდება გაგრძელდა სამ წელს. ანუ 610 წლიდან 613 წლამდე.  ესეიგი იბნ ისჰაყის გადმოცემის თანახმად, შეუძლებელია მორწმუნეთა დედა დაბადებულიყო  614 წელს, რადგან როგორც ავღნიშნეთ  613 წლამდე გაგრძელდა ფარული მოწოდება და ის კი იმ პირველთაგანი იყო ვინც მიიღო ისლამი. იმის გათვალისწინებით რომ ისლამის მიღება ხდება გააზრებით და დამოწმებით, ისლამის მიღების დროს მას უნდა შეძლებოდა მინიმუმ სიარული, აზროვნება, ლაპარაკი და ა.შ. გამომდინარე აქედან შეუძლებელია ის დაბადებულიყო 614 წელს. რადგან როგორც ითქვა 613 წლამდე მიიღო ისლამი. შესაბამისად მისი ქორწინებისას, 623 წელს, ის ბევრად უფროსი იქნებოდა, თუ ავიღებთ მინიმალურ ასაკს, 5 წელს,  რა დროსაც მან მიიღო ისლამი, მაშინ ქორწინებისას ის უნდა ყოფილიყო დაახლოებით 17-18 წლის.

3. III. აიშა იყო თავის დაზე ასმაზე 10 წლით უმცროსი.
 
სწავლულთა აზრით ასმა ბინთ აბუ ბაქრი, აბუ ბაქრის ქალიშვილი ასმა, იყო 10 წლით უფროსი თავის დაზე - აიშაზე.

იბნ აბდულ ბარი წიგნში 'ალ-ისთი'ალ'  და იბნ ასაქირი ნაშრომში 'თარიხუ დამაშყ' გადმოსცემენ ალ-ასმაისგან იბნ აბუ ზანნადის სიტყვებს, რომელმაც თქვა: 'აბუ ბაქრის ასული ასმა, აიშაზე 10 წლით უფროსი იყო.'  და ამ გადმოცემის ჯაჭვი ავთენტურია.

აბუ ნუ'აიმი წიგნში 'მა'რიფ საჰაბა' ასმას ცხოვრების შესახებ წერს შემდეგს: 'ასმა დაიბადა ჰიჯრამდე 27 წლით ადრე და გარდაიცვალა ჰიჯრით 73-ე წელს, მექქაში 100 წლის ასაკში.'

ასმას დაბადების თარიღის დადგენის შესახებ მოსაზრების დამადასტურებელი საბუთია ასმას სიტყვები: 'მე დავინახე ზეიდი ამრ იბნ ნუფაილის ვაჟი, რომელიც ზურგით იყო მიყრდნობილი ქააბაზე და ამბობდა: 'ო ყურეიშელთა საზოგადოებავ, დღეს არცერთი თქვენგანი არ არის იბრაჰიმის რელიგიაზე ჩემს გარდა'

ზეიდი გარდაიცვალა ყურეიშელების მიერ ქააბას რეკონსტრუქციის დროს. ეს იყო გამოცხადებამდე 5 წლით ადრე როგორც ამას იტყობინება საადი, საიდ იბნ მუსაიბისგან წიგნში 'ატ-ტაბაყათ' ანუ გადასახლებამდე 18 წლით ადრე. და როცა ასმამ გაიგონა ეს სიტყვები, ის იყო 9 წლის.

ესეიგი ასმა დაიბადა ზეშთაგონების დაწყებამდე 14-15 წლით ადრე და გარდაიცვალა ჰიჯრით 73 წელს 100 წლის ასაკში. (ეი. 595 + 27 = 622 + 73 და ეს გამოდის 27+73 = 100 წელი.)

მოდით გავაკეთოთ მცირე გამოთვლა. თუ ასმა დაიბადა ჰიჯრამდე 27 წლით ადრე, ჰიჯრის თარიღი კი ვიცით რომ არის 622 (ე.ი ასმა დაიბადა 595 წელს) წელი და ის ათი წლით უფროსი იყო აიშაზე, მაშინ გამოდის რომ აიშა დაიბადა 605 წელს და ქორწინების დროს, 623 წელს, აიშა იყო 18 წლის.

3. IV. აიშას სიტყვები: 'მე ვიყავი ალ-ჯარია და ვთამაშობდი'.

საჰიჰ ალ-ბუხარის კრებულში არის ჰადისი 4876 ნომრით, რომელსაც გადმოსცემს, აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სადაც ნათქვამია შემდეგი: 'რა დროსაც მოციქულ მუჰამმადს მექაში გარდმოევლინა სურა ყამარის 46-ე აიათი: 'დიახ, საათი არის მათი აღთქმული დრო და ეს საათი კი მრისხანე და შემაძრწუნებელია' ამ დროს მე ვიყავი ალ-ჯარია და ვთამაშობდი' (ბუხარი 4876)

სიტყვა ჯარია ნიშნავს გოგონას. ცნობილი იმამი ატ-ტაბარი ყურანის განმარტებაში წერს, რომ იბნ აბბასმა თქვა: 'ამ აიათის ზემოვლენასა და  ბადრის ბრძოლას შორის გავიდა შვიდი წელი'

ვიცით, რომ ბადრის ბრძოლა მოხდა ჰიჯრით მეორე წელს (624 წელი). აიათი გარდმოევლინა ჰიჯრამდე 5 წლით ადრე (622-5=617) და გამოცხადებიდან შვიდი წლის შემდეგ (ე.ი 617 წელს)

იბნ სა'იდა წიგნში 'ალ-მუჰქამ' და იბნ მანზური წიგნში 'ლისან ალ'არაბ' წერენ შემდეგს: 'სიტყვა ალ-ჯარია ნიშნავს ახალგაზრდა გოგონას'

ახალგაზრდა გოგონა თავის მხრივ, ითვლება სრულწლოვნად. არაბები ამ ტერმინს, როგორც წესი, იყენებდნენ ახალგაზრდა გოგონასთან მიმართებაში, მისი მომწიფების საწყისში. მაშ რამდენი წლის იყო მორწმუნეთა დედა აიშა როდესაც ეს აიათი გაერდმოევლინა?  თუ პირველ მოსაზრებას მივმართავთ, გამოდის  რომ ის იყო სამი წლის. (პირველი მოსაზრებით ის დაიბადა 614 წელს ეს აიათი მოევლინა 617 წელს. 617-614=3) რაც არასწორი იქნება რადგან გოგონას სამი წლის ასაკში გენდერული მახასიათებლების განსაზღვრით არ ეძახიან ჯარიას. აქედან გამომდინარეობს, რომ პირველი მოსაზრება მცდარია. მეორე მოსაზრების თანახმად, ხსენებული აიათის გარდმოვლენის დროს, მისი ასაკი იყო 12-13 წელი. რაც ასევე შეესაბამება ტერმინს 'ალ ჯარია'. 

3. V. აბუ ბაქრის ყველა შვილი დაიბადა პრეისლამურ პერიოდში

იმამი ატ-ტაბარი წიგნში 'ათ-თარიხ' წერს:
'აბუ ბაქრმა, პრეისლამურ ეპოქაში ცოლად შეირთო ქალი, სახელად ყუთაილათი, 'აბდულ 'უზას ასული, და მან შვა შვილები:
აბდულლაჰი და ასმა. და ასევე პრეისლამურ ეპოქაში იგი იყო დაქორწინებული ქალზე, სახელად უმმუ რუმანზე, ამირის ასულზე, რომელმაც შვა შვილები: აბდურრაჰმანი და აიშა. და ყველა შვილი, რომლებიც მისი ორი ცოლისგან იშვნენ, არიან პრეისლამურ ეპოქაში დაბადებულნი.'

ესეიგი, პრეისლამური პერიოდი დასრულდა 610 წელს. 610 წელი არის შუამავლური მისიის დასაწყისი. ეს ისტორიული ფაქტი ცხადყოფს, რომ აიშა 623 წელს ქორწინებისას, სულ მცირე 13 წლის იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ ის დაიბადა 605 წელს. ისლამის პერიოდი დაიწყო 610 წელს, ხოლო მან იქორწინა 623 წელს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქორწინებისას იყო 18 წლის.

3. VI. მორწმუნეთა დედა უჰუდის ბრძოლაში.

საჰიჰ ალ-ბუხარიში არის ჰადისი 2724 ნომრით, რომელშიც ანასი გადმოსცემს:
'მე დავინახე აიშა და უმმ სალამა უჰუდის ბრძოლაში, მათ მიჰქონდათ წყალი დაჭრილებისთვის'
(ბუხარი 2724)

უჰუდის ბრძოლა მოხდა 625 წელს. თუ ის დაიბადა 614 წელს, ითვლება რომ ის ამ დროს 11 წლის იყო. მაგრამ ეს შეუძლებელია, ბავშვი ვერ იქნებოდა ბრძოლის ველზე. ისლამური წყაროების თანახმად მოციქული არ აძლევდა უფლებას 15 წლამდე მამაკაცებს რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა ბრძოლაში. ავთენტურ ჰადისში რომელიც გადმოცემულია ბუხარისა და მუსლიმის კრებულში ნათქვამია:

იბნ უმარი გადმოსცემს: ”უჰუდის ბრძოლის დღეს, მე ვთხოვე ალლაჰის მოციქულს ბრძოლაში მონაწილეობის ნებართვა, მაშინ მე ვიყავი თოთხმეტი წლის. მან კი არ დამრთო ამის ნება. ხოლო ხანდაყის ბრძოლაში, მან მე მომცა მონაწილეობის უფლება, მაშინ უკვე ვიყავი თხუთმეტი წლის ჭაბუკი“.   (ბუხარი 2664, მუსლიმ 1868)

იბნ ქასირი სურა ნისას მეექვსე (სურა 4:6) განმარტებაში ამბობს:

როდესაც ეს ჰადისი მიაღწია უმარ იბნ აბდულ აზიზთან (ეს არის ერთ-ერთი ხალიფა), მან თქვა: 'ეს არის ასაკის ბარიერი სრულწლოვანებასა და არასრულწლოვანებას შორის. ( თაფსირ იბნ ქასირ 4:6)

როგორ შეეძლო მოციქულს თავისი 11 წლის ცოლის ჯარში მიღება და ბრძოლის ველზე წაყვანა? ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ მორწმუნეთა დედა აიშა იმ დროს შეუძლებელია ყოფილიყო 11 წლის, არამედ ის იყო ბევრად უფროსი.

3. VII. არაბებში ქალთა წლოვანების ათვლა იწყებოდა დედათა წესიდან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ჰადისები მორწმუნეთა დედის  აიშას ქორწინების წლოვანებასთან დაკავშირებით, ითქვა რომ მისი საქორწინო შეთანხმება ექვსი წლის ასაკში შედგა, სხვა ვერსიით შვიდი და უკვე ქორწინება კი ცხრა წლის ასაკში. ჰადისებში მოხსენიებული ასაკი ექვსი და ცხრა, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იქნას გაგებული, არსებობს მტკიცებულებები რომ იმ დროინდელ არაბებს ჰქონდათ ჩვეულება რომ ქალის ასაკის ათვლა იწყებოდა მისი ციკლის დაწყებიდან. იმ რეგიონისთვის ეს ხდებოდა სადღაც ცხრიდან ცამმეტ წლამდე ასაკში.  მაშასადამე თუ ავიღებთ მინიმუმს, ანუ ცხრა წელს, აიშა იყო (რადგან 9 + 6) 15 წლის როდესაც მას სთხოვეს ხელი, რადგან ამბობს, რომ ჩემი საქორწინო შეთანხმება დაიდო როცა ვიყავი 6 წლის და როცა ვიქორწინე ვიყავი 9 (9 + 9 = 18) წლის.

მტკიცებულებებიდან და ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე სწორად მიგვაჩნია რომ ციკლი მოუვიდა მაშინ როდესაც იყო 9 წლის. შემდეგ მისი ასაკი ითვლება ციკლის მოსვლიდან და ეს არის ექვსი წელი. ესეიგი 9+6=15 როცა შედგა საქორწინო შეთანხდება და ამ დროს ისლამის თანახმად იყო უკვე სრულწლოვანი. შემდეგ იქორწინა როცა იყო 9 წლის ე.ი 9+9=18. და იქორწინა მაშინ როდესაც იყო 18 წლის. და ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს გაგება ყველაზე სწორია. რადგან ყველაფრის გათვალისწინებით და შეჯამებით არ არსებობს წინააღმდეგობა და გაუგებრობა.

3. VIII. მორწმუნეთა დედა აიშა გადმოსცემს მექური პერიოდის ჰადისებს.

იმამ ალ-ბუხარი გადმოსცემს აიშასგან ჰადისს 3905 ნომრით, სადაც ის ამბობს:

'„რამდენადაც მახსოვს ჩემი მშობლები, ისინი ყოველთვის აღმსარებლობდნენ ამ რელიგიას (ისლამს) და არ ყოფილა დღე, როდესაც ალლაჰის მოციქული არ მოსულიყო ჩვენთან დილით და საღამოს. მას შემდეგ, რაც მუსლიმებზე დაიწყო განსაცდელი, აბუ ბაქრმა (მამაჩემმა) გადაწყვიტა გადასახლებულიყო ეთიოპიაში და როცა მან მიაღწია ბარქ ალ-ღიმადს, მას შემოხვდა (ტომის) ლიდერი, იბნ ად-დაღინა...“
(ალ-ბუხარი 3905)

ეს გახლავთ დიდი ჰადისის ნაწილი, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: როგორც წესი ბავშვი 4 წლის ასაკამდე ვერ აცნობიერებს მშობლების რელიგიას  რომელიც განსხვავდება მათ გარშემო მყოფთა უმეტესობისგან. და თუ აიშა დაიბადა 614 წელს ის ვერ იტყოდა სიტყვებს: 'რამდენადაც მახსოვს'. ასევე მისი სიტყვები: 'მას შემდეგ, რაც მუსლიმებზე დაიწყო განსაცდელი, აბუ ბაქრმა (მამაჩემმა) გადაწყვიტა გადასახლებულიყო ეთიოპიაში' ნიშნავს, რომ მან გააცნობიერა მისი მშობლები მიჰყვებოდნენ ისლამს, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ იაზრებდა თუ რა ხდებოდა მის ირგვლივ. ხოლო ასევე მტკიცებულებებით ვიცით, რომ ეთიოპიაში გადასახლება მოხდა 615 წლის შუა ხანებში. აიშა რომ დაბადებულიყო 614 წელს, შეუსაბამო იქნებოდა მის მიერ გადმოცემული სიტყვები ამ ფაქტთან, რადგან ის იქნებოდა ამ დროს ერთი წლის ბავშვი. და ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა თუ ჩავთვლით, რომ ის დაიბადა 605 წელს. ე.ი გამოცხადებამდე 5 წლით ადრე და 615 წელს ინებოდა 10 წლის.

ეს არგუმენტები და შედარებები საიმედოდ მიუთითებენ იმაზე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაქორწინდა აიშაზე როცა აიშა იყო 18 წლის.

3. X. ადრეული ქორწინება ყურანში.

ახლა კი გადავიდეთ ყურანზე, რას გვეუბნება  მუსლიმთა წმინდა წიგნი ქალების საქორწინო ასაკის შესახებ. როგორც წესი, კრიტიკოსებს მოჰყავთ შემდეგი აიათი, თითქოსდა დასტურად იმისა, რომ ყურანი ნებას რთავს პატარა გოგონებთან ქორწინებას. მათ დასტურად მოჰყავთ აიათი:

'და ისინი, რომელთაც დედათაწესის იმედი გადაეწურათ თქვენს ქალთაგან. და თუ ეჭვი გეპარებათ, მათი ვადა სამი თვეა, ისევე, როგორც მათი, რომელთაც დედათაწესი ჯერ არ მოსვლიათ. და ისინი, რომელნიც ფეხმძიმენი არიან მშობიარობამდე. და ვისაც ალლაჰისა ეშინია, დაუდგენს მის საქმეში სიადვილეს.(ტალაყ 65:4)

აიათში საუბარია განქორწინების პროცესზე, რომ განქორწინების შემდეგ სამი თვე უნდა დაელოდო რათა დარწმუნდე რომ ქალი არ არის ფეხმძიმედ. თავად ამ სურას ასევე ეწოდება ტალაყი ანუ განქორწინება. კრიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას აიათის შემდეგ ნაწილზე:
'ისევე, როგორც მათი, რომელთაც დედათაწესი ჯერ არ მოსვლიათ.'  მაგრამ  მათ ეს აიათი არასწორად ესმით არაბული ენის უცოდინრობის გამო. ამ შემთხვევაში აიათი ისეა გაგებული თითქოს საუბარია გოგონებზე, რომლებსაც ჯერ არ დაწყებიათ მენსტრუაცია.
მთელი პრობლემა მდგომარეობს ამ აიათის სიტყვა 'ჯერ' - ში, რომელიც არაბულში უბრალოდ არ არსებობს. ეს გრამატიკულად არასწორია არაბული გამოთქმა لَمْ يَحِضْنَ - 'ლამ იაჰიდნა'  უნდა ითარგმნოს როგორც 'ქალთაწესი არ ჰქონია.' და არა როგორც 'ქალთა წესი ჯერ არ ჰქონია'. სწორი თარგმანი ასე ჟღერს:

'როგორც მათი, რომელთაც დედათაწესი არ მოსვლიათ. (65:4)

თარგმანში ამოღებული იქნა სიტყვა 'ჯერ' და აიათის მნიშვნელობა უკვე შეიცვალა. ამ შემთხვევაში უკვე მოისაზრება ქალები რომელთა მენსტრუალური ციკლი რაიმე მიზეზით დაირღვა, ამით ირკვევა თუ რატომ არის ნახსენები 'როგორც მათი, რომელთაც დედათაწესი არ მოსვლიათ. (65:4)' რადგან მენსტრუაციის შეწყვეტა შეიძლება მოხდეს სწორედ იმიტომ, რომ იყვნენ ფეხმძიმედ. ამ აიათში არსად არ არის ნახსენები ქორწინების ასაკი. ისლამის კრიტიკოსებისგან ხშირად შეიძლება მოვისმინოთ ყურანი თუნდაც რომ არ რთავს ადრეული ქორწინების ნებას, ის არ მას კრძალავსო. მაგრამ არის თუ არა ასე? ყურანში ვკითხულობთ:

'და გამოსცადეთ ობლები, ვიდრე საქორწინო ასაკს მიაღწევენ, თუ გონებრივ ზრდასრულობას შეამჩნევთ მათში, დაუბრუნეთ მათი ქონება. და არ ხარჯოთ ის უზომოდ და აჩქარებით, სანამ დაიზრდებიან...' (ნისა 4:6)

როგორც ვხედავთ ყურანში არის ქორწინების ასაკის კონცეფცია. აიათში ნათქვამია: 'ვიდრე საქორწინო ასაკს მიაღწევენ' ხოლო საქორწინო ასაკი არის ზრდასრული ასაკი. ისლამის სწავლულთა თანახმად, ბიჭებში ეს არის როცა მას მოუვა ღამის პოლუცია, ხოლო გოგონებში, როცა მას ექნება დედათაწესი. ასევე კრიტიკოსები ციტირებენ ჰადისებს სადაც ნათქვამია, რომ მორწმუნეთა დედა აიშა ქორწინების შემდეგ თოჯინებით თამაშობდა. მაგრამ, რა შეგვიძლია ვიცოდეთ იმ დროის ტრადიციების შესახებ, როდესაც არაბეთის უდაბნოში გოგონებს სხვა გასართობი არ ჰქონდათ გარდა თოჯინების თამაშისა?

ამრიგად მორწმუნეთა დედის აიშას ასაკის შესახებ ისლამური წყაროების და ისტორიული ფაქტების შეჯამება ცხადყოფს, რომ აიშა ქორწინების დროს იყო 18 წლის.

და ალლაჰმა უკეთ იცის.