18. ღმერთი გვცდის

კრიტიკოსები არამუსლიმთა რიცხვიდან ხშირად ამბობენ: თუ ღმერთი ყოვლისმცოდნეა, მაშინ რაში სჭირდება ადამიანის გამოცდა, როცა მან უკვე ყველაფერს იცის?“

ეს კითხვა ადამიანური ლოგიკიდან გამომდინარეობს, მაგრამ ღმერთის მოქმედებას ადამიანური ლოგიკით ვერ განსაზღვრავ.

ღმერთი ადამიანს არ ცდის იმისთვის, რომ თავად გაიგოს რაიმე, რადგან მისთვის არაფერია უცნობი და დაფარული. გამოცდის მიზანი არ არის მისთვის ცოდნის შეძენა, არამედ ადამიანის რეალური სახე და მისი გამოვლენა.

პირველ რიგში, გამოცდა არის იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთი და საკუთარი თავი დაინახონ. სანამ განსაცდელი არ მოვა, ბევრი ადამიანი საკუთარ თავზეც კი ვერც კი ხედავს სიმართლეს. განსაცდელი კი ფარდას ხდის და აჩენს, ვინ არის სინამდვილეში მორწმუნე, ვინ მომთმენია, ვინ მადლიერია და ვინ მხოლოდ სიტყვით აცხადებს რწმენას. ღმერთმა იცის ეს წინასწარ, მაგრამ ადამიანებმა არ იციან.

წარმოიდგინე რინგზე მებრძოლი რომელიც თვეობით ვარჯიშობს, თავი ჰგონია უკვე ჩემპიონი, თუმცა მისი რეალური გამოცდა არის ოქტაგონზე სადაც გამოჩნდება მისი სისუსტე და ძლიერი მხარე. ამის მერე იწყებს სხვა კუთხით მუშაობას. ასეა ცხოვრებაც; გამოცდა გაჩვენებს რაში ხარ სუსტი და რაზე გაქ სამუშაო, ღმერთმა ისედაც იცის რას გააკეთებდი. გამოცდის არსია ვიცოდეთ ვინ ვართ და სხვა ვინ არის. 

მეორე.

გამოცდა არის სამართლიანობის წინაპირობა. ღმერთი ადამიანს არ სჯის ან აჯილდოებს იმის მიხედვით, რაც მხოლოდ მის ცოდნაშია, არამედ იმის მიხედვით, რაც რეალურად გამოვლინდა ადამიანის მოქმედებაში. ამიტომ ვერავინ იტყვის: „მე რომ ასეთ მდგომარეობაში მოვხვედრილიყავი, სხვანაირად მოვიქცეოდი“.

მესამე.

გამოცდა არის განმტკიცების გზა. სირთულე ადამიანს არ ანადგურებს; ის აწრთობს, აძლიერებს და ზრდის. ადამიანი, რომელსაც არასოდეს ჰქონია განსაცდელი, სუსტია რწმენაში, ნებისყოფაში და მოთმინებაში. სწორედ გამოცდაში ყალიბდება მტკიცე ხასიათი და რწმენა.

ამგვარად, ღმერთი ადამიანს არ ცდის ცოდნის შეძენისთვის, არამედ:

  •  სიმართლე გაცხადდეს ადამიანებისთვის,

  •  სამართლიანი იყოს განსჯა,

  • და ადამიანი გაიზარდოს და განმტკიცდეს.

ამ ყველაფერში ღმერთის ყოვლისმცოდნეობა არ არის უარყოფილი, არამედ სრულად შეესაბამება მის სიბრძნესა და სამართლიანობას.

ალლაჰის სიტყვა:

განა ჰგონია ხალხს, რომ მიტოვებულ იქნებიან, როცა ამბობენ: ვირწმუნეთ, და არ გამოიცდებიან? (სურა ანქებუთ 29:2)

აბუ აბბას იბნ ატამ თქვა: " მე წავიკითხე ყურანი და შევამჩნიე, რომ ალლაჰი არასოდეს აქებს ადამიანს იმ შემთხვევის გარდა, რაც მას გამოცდის"
(იხ. ტალბის იბლის" გვ. 474)

ე.ი შეგაქებს როცა მოითიმენ და გადაიტან განსაცდელს წუწუნის გარეშე,

გამოცდა აგრეთვე არის ნიშანი იმისა, რომ ღმერთს კარგი უნდა ჩვენთვის, იმიტომ რომ გამოცდა ცოდვებს ასუფთავებს და გვეხმარება განმტკიცებაში და სიკეთეში.

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუკი ალლაჰს ვინმესთვის კარგი უნდა, იგი მას გამოსცდის.
(ბუხარი 5645)


მაჰმუდ იბნ ლაბიდი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუკი ალლაჰს უყვარს ხალხი, იგი მათ გამოსცდის მწუხარებებით. ვინც მოითმენს ექნება ჯილდო მოთმინებისთვის, და ვინც არ მოითმენს ბრალი დაედება მოუთმენლობისთვის.
(მუსნად აჰმად 23122)

და ბოლოს მისი სიტყვა:

და შენ ახარე მომთმენთ. (ბაყარა 2:155)

და ალლაჰმა უკეთ იცის