19. ღმერთს რომ ძე ჰყოლოდა

არამუსლიმები სვამენ კითხვას: ალლაჰს რომ ძე ჰყოლოდა თუ დაუწყებდი თაყვანისცემასო? და ღებულობენ პასუხს რა თქმა უნდა უარყოფითს. შემდეგ გეუბნებიან: მაშინ ყურანს ეწინააღმდეგებიო და მოჰყავთ შემდეგი აიათი:

უთხარი: მოწყალეს რომ ძე ჰყოლოდა, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც თაყვანს სცემდა. (ყურანი 43:81)

და უცოდინარი ხალხი იბნევა და პასუხი არ აქვთ. მოდით განვმარტოთ:

აიათი (ყურანი 43:81) არ ამტკიცებს, თითქოს ალლაჰს შეიძლება ჰყოლოდა ძე. არამედ ეს არის რიტორიკული პირობითი გამოთქმა, რომელიც ხაზს უსვამს შეუძლებლობას.

ყურანის 43:81 აიათი არ წარმოადგენს თეოლოგიურ დაშვებას, თითქოს ალლაჰს შეიძლება ძე ჰყოლოდა. აიათში გამოყენებულია პირობითი და რიტორიკული ფორმა, რომლის მიზანია არა შესაძლებლობის აღიარება, არამედ შეუძლებლობის ხაზგასმა.

ამგვარი გამოთქმა ფართოდ გამოიყენება ადამიანურ ენაშიც, როგორიცაა საუბარში, ლიტერატურაში და სამართალში. მისი ლოგიკა ასეთია:
როდესაც გარკვეული მოვლენა თავისი არსით შეუძლებელია, მოლაპარაკე მას პირობითად ამბობს, რათა ამ შეუძლებლობას მკაფიოდ გაუსვას ხაზი.

აიათში ნათქვამი აზრი ასე იკითხება:

თუ ისეთი რამ, რაც ალლაჰის სრულყოფილ ბუნებას ეწინააღმდეგება, საერთოდ შესაძლებელი იქნებოდა, მაშინ თავად იქნებოდა პირველი, ვინც ამას აღიარებდა. მაგრამ რადგან ასეთი რამ არსობრივად შეუძლებელია, ისიც გამორიცხულია.

აქ მთავარი აქცენტი კეთდება ალლაჰის სრულყოფილებაზე, უნიკალურობაზე და ქმნილებებთან არამსგავსებაზე. ძის ყოლა გულისხმობს, შთამომაბლობას, გაგრძელებას, მსგავსებასა და დაყოფას - რაც შეუთავსებელია ჭეშმარიტ ღმერთთან. სწორედ ამ წინააღმდეგობის წარმოსაჩენად გამოიყენება პირობითი ფორმა.

ამგვარად, აიათი არ ამბობს „შეიძლება ჰყავდეს ძე“, არამედ ამბობს:
„რადგან ასეთი რამ შეუძლებელია, თაყვანისცემის ობიექტად მხოლოდ თავად ალლაჰი რჩება.“

ეს არის ენობრივი და ლოგიკური ხერხი, რომელსაც ყურანი იყენებს, რათა ხალხს ნათლად უჩვენოს კონკრეტული მტკიცების აბსურდულობა.

მოდით მოვიყვანოთ მაგალითები:

  • მოსამართლე ამბობს:

'თუ უდანაშაულოს დასჯა სამართალი იქნებოდა, მაშინ კანონი საერთოდ არ იარსებებდა.'  აქ იგულისხმება ის, რომ უდანაშაულოს დასჯა საფუძველშივე არ შეიძლება იყოს სამართალი.

  • თუ გრავიტაცია ქვევიდან ზევით იმოქმედებს.

     'თუ გრავიტაცია ქვევიდან ზევით იმოქმედებს, სახლები ცაში იფრენდნენ.' ეს არ არის ვარაუდი, არამედ არის აბსურდის ჩვენება.

  • თუ ღმერთი უსამართლო იქნებოდა.

    'თუ ღმერთი უსამართლო იქნებოდა, სამართლიანობის ცნება საერთოდ გაქრებოდა.'  აქ აზრი ისაა, რომ ღმერთის უსამართლობა ლოგიკურად გამორიცხულია.

და ბოლოს აიათის აზრი ასეთია:

'ალლაჰი იმდენად სრულყოფილია, რომ ძის ყოლა მის დიდებულებას ეწინააღმდეგება. და თუ პირობითად ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაშინ პირველი ვინც ამას აღიარებდა, თავად მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იქნებოდა  მაგრამ რადგან ეს შეუძლებელია, ასეთი თაყვანისცემაც გამორიცხულია.'

ეს არის ენა, ლოგიკა და რიტორიკა, და არა თეოლოგიური დათმობა.

ყურანი ნათლად ამბობს, რომ ღმერთს ძე არ ჰყავს და ამის მტკიცებულებები არის აიათები:

და (მოვავლინეთ ყურანი) შესაგონებლად იმათთვის, რომელთაც თქვეს: „ალლაჰმა ძე დაიდგინაო.“ ამის შესახებ არც მათ და არც მათ მამებს არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ. დიდი სიტყვაა, რომელიც მათი პირიდან ამოდის! ისინი მხოლოდ სიცრუეს ამბობენ. (სურა ქაჰფ 18:4-5)

ამბობენ იუდეველნი: უზეირი ალლაჰის ძეა, და ამბობენ ქრისტიანები: მესია(იესო) ალლაჰის ძეა. მათი პირები იმეორებენ იმათ სიტყვებს, ვინც ურწმუნო იყო მათზე უწინ. დასწყევლოს ალლაჰმა ისინი. როგორ ცდებიან! (სურა თავბა 9:30)

და ალლაჰმა უკეთ იცის